ადამიანი სოციუმში ცხოვრობს და მხოლოდ ეს ფაქტი, რომ ვცხოვრობთ სოციუმში სხვებთან ერთად, მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ჩვენს ქცევაზე. იმისათვის რომ კარგად გავიგოთ თუ როგორ შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს სოციუმმა ადამიანის განწყობაზე, ჯერ ავხსნათ განწყობის ფენომენი. დიმიტრი უზნაძე ამბობს, რომ განწყობა, ეს არის მთლიანპიროვნული ფსიქოფიზიკური მზაობა, მიზანშეწონილი ქცევის განსახორციელებლად. აღსანიშნავია რომ განწყობა, როგორც მზაობა, ინდივიდის დონეზე არაცნობიერად მიმდინარეობს, მაგრამ ეს მდგომარეობა შეიძლება არა მარტო გაცნობიერდეს, არამედ ცნობიერი ნებელობის ძალისხმევით შეიქმნას. იმისთვის რომ მიზანშეწონილი ქცევა განხორციელდეს, აუცილებელია, სამი კომპონენტის ერთობლიობა. ესენია: მოთხოვნილება, სიტუაცია და ოპერაციათა სისტემა. ამ სამი კომპონენტის ერთობა ქმნის მიზანშეწონილი ქცევის განწყობას.
არსებობს ორი სახის განწყობა – სიტუაციური და დისპოზიციური. განწყობას, რომელსაც პიროვნება გარკვეულ სიტუაციაში ქმნის და მის საფუძველზე აქტიურად ერთვება ცხოვრების მიმდინარე პროცესში, სიტუაციური განწყობა შეიძლება ვუწოდოთ. სიტუაციური განწყობები, რომლის საფუძველზეც პიროვნების ქცევა ხორციელდება,უკვალოდ არ ქრება იგი ინახება ფსიქიკაში ანუ სიტუაციური განწყობების მრავალჯერ გამეორებისას განწყობა ფიქსირდება. ასეთ განწყობას ჩვენ ფიქსირებულ განწყობას ვუწოდებთ. საზღვარგარეთულ სოციალურ ფსიქოლოგიაში კი დისპოზიციური განწყობით მოიხსენიება. დისპოზიციური განწყობა, ეს არის მყარად ფიქსირებული, ღრმა, ნაკლებადცვალებადი განწყობა. ადამიანს მრავალი დისპოზიციური განწყობა აქვს და მათი საშუალებით ისინი გარკვეული სტაბილური სახის ქცევებს ასრულებენ.
შესაძლებელია სოციუმმა მოახდინოს გავლენა ადამიანის განწყობაზე და თუკი მისი დისპოზიციური განწყობის საშუალებით ის ვერ ადაპტირდება, მაშინ იგი იმოქმედებს სიტუაციური განწყობის საფუძველზე. ლაპიერის კლასიკურ ექსპერიმენტში სწორედ ეს არის ნაჩვენები, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში უარყოფითი დამოკიდებულება იყო აზიელების მიმართ, როგორც სასტუმროს ისე რესტორნის მფლობელები მოემსახურნენ მათ. როდესაც წერილები დააგზავნეს ამ სასტუმროსა თუ რესტორნებში კითხვით „თანახმა არიან თუ არა სტუმრად მიიღონ ჩინელი ჯგუფები?“ პასუხი უარყოფითი იყო. ეს ფაქტი კი ლაპიერმა და სხვა მრავალმა ფსიქოლოგმა განიხილა როგორც მნიშვნელოვანი განსვლა ქცევასა და განწყობას შორის. შოთა ნადირაშვილმა ეს დასკვნა გააკრიტიკა და მან თქვა რომ: ქცევას განაპირობებს არა მარტო დისპოზიციური განწყობა არამედ აქტუალური-სიტუაციური განწყობა და სწორედ ამ განწყობის საფუძველზე იმოქმედეს სასტუმროს თუ რესტორნის მეპატრონეებმა.
რადგან ჩვენ გვაინტერესებს სოციუმის გავლენა განწყობაზე, ამის კარგი მაგალითია ეშის ექსპერიმენტი, სადაც ცდისპირებს მოეთხოვებოდათ სხვადასხვა სიგრძის ხაზების შედარება. ცრუ ცდისპირები X-ის ტოლ ხაზად ასახელებდნენ სხვა ხაზს, რომელიც აშკარად არ იყო X-ის ტოლი, ხოლო ნამდვილი ცდისპირი ექცეოდა მათი გავლენის ქვეშ და იქცეოდა კონფორმულად ანუ ისიც ასახელებდა იმ ხაზს, რომელიც ცრუ ცდისპირებმა დაასახელეს.
ჩვენ როგორც ვიცით, განწყობა აღმოცენდება ყოველი ქცევის წინ და მისი წარმმართველი ხდება, მათ შორის კონფორმული ქცევის წინაც. ზოგად ფსიქოლოგიური თეორიის მიხედვით, კონფორმულად ადამიანი იქცევა იმ შემთხვევაში, თუ მას დადებითი განწყობა აქვს ჯგუფის წევრების მიმართ. არსებობს ასევე ანტიკონფორმული ქცევა, რომელიც მაშინ ხდება, როდესაც ადამიანს უარყოფითი განწყობა აქ ჯგუფის მიმართ, ამ დროს ადამიანი არ ეთანხმება ჯგუფის გადაწყვეტილებას და უპირისპირდება მათ.
აღსანიშნავია რომ ჯერ კიდევ ბავშვობაში სოციუმს დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის განწყობის ჩამოყალიბებაში. ბავშვს დაბადებიდან ექმნება გარემოსადმი ნდობის ან უნდობლობის განწყობა, რომელიც განპირობებულია სოციუმის, ძირითადად კი დედის ფაქტორით. იმისთვის რომ ბავშვის პიროვნებაზე განვითარების თვალსაზრისით პოზიტიურად ვიმოქმედოთ და გარკვეული განწყობები შევუქმნათ, უნდა გავითვალისწინოთ მისი შინაგანი მოთხოვნილება, გარესიტუაცია და ინსტრუმენტული შესაძლებლობები.
სოციალურ-ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ვახასიათებთ, როგორც პირდაპირსა და ირიბს. პირდაპირი ზეგავლენა არის ერთი ადამიანის აზრით, ქცევით ,ემოციით მეორეზე ზეგავლენა იმ მიზნით, რომ მან შეიტანოს ცვლილებები თავის ქცევაში ირიბი გავლენა მაშინ გვაქვს, როდესაც ადამიანი რაიმე საშუალებით ინსტრუმენტულად ზემოქმედებს მეორე ადამიანზე ,მის ცნობიერებაზე, ქცევაზე, განწყობაზე.
ჩვენ კულტურაში კეთილგანწყობის გავლენის ეფექტი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ზემოქმედების მქონეა. ჩვენ განვიხილოთ თუ როგორ შეიძლება აიხსნას განწყობის ფსიქოლოგიის კანონზომიერებიდან გამომდინარე, კეთილგანწყობის ზეგავლენის ეფექტი. ეს ეფექტი შეიძლება განწყობის კონგრუენტულობის კანონზომიერებით ავხსნათ. ადამიანი რომელიც ცდისპირს ჭკვიანად მიიჩნევს, განწყობის კონგრუენტულობიდან გამომდინარე, მას ლამაზად და ასევე სხვა დადებითი თვისებების მქონედაც მოეჩვენება. ამას გარდა, ასეთი ადამიანის მხარდაჭერა და დახმარებაც მოუნდება. განწყობის კონგრუენტულობიდან გამომდინარე ადამიანის აზრი, ემოცია და მოქმედება ანუ აზროვნება, ნებელობა და ქცევა თანხვედრაში მოდის. თუ შემფასებელს სუბიექტი ჭკვიანად მიაჩნია მაშინ იგი ლამაზად და სხვა დადებითი თვისებების მქონედაც წარმოუდგენია. ასევე თუ შემფასებელს სუბიექტი სულელად მიაჩნია, მას სხვა უარყოფით ნიშან-თვისებებსაც მიაწერს. მაგალითად: ჩათვლის რომ ის უშნოა და ამორალური.
ადამიანი სოცილური ურთიერთობების პროცესში ყალიბდება. ამ დროს ადამიანთა მოთხოვნილებების დაკმაყოფილება სხვა ინდივიდთა მონაწილეობით ხორციელდება. პიროვნება თავის აქტივობის პროცესში ორიენტირებულია არა მარტო თავისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე, არამედ ანგარიშს უწევს სხვათა მოთხოვნილებებს. როგორც ვნახეთ, სოციუმი მართლაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის განწყობებზე, მაგრამ არის შემთხვევები როდესაც სოციუმი ვერ ახდენს გავლენას ადამიანის განწყობაზე, ქცევაზე.
მასალა მოამზადა: ხატია გოგოლაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”