close
არქეოლოგია

რა ინფორმაცია მიიღეს მეცნიერებმა  ჩინეთში აღმოჩენილი თავის ქალებისგან?

ჩინეთში აღმოჩენილმა ორმა თავის ქალამ მეცნიერებს ჩინელი ადამიანის განვითარების ისტორიის შესახებ მნიშვნელოვანი მონაცემები მიაწოდა.

მეცნიერებმა იციან, რომ ევროპასა და დასავლეთ აზიაში ნეანდერტალელები დომინირებდნენ, სანამ ისინი ჰომოსაპიენსიებმა (გონიერი ადამიანი (ლათ. Homo sapiens))  არ ჩაანაცვლეს. მაგრამ ნაშთები, რომლებიც აღმოსავლეთ და ცენტრალური აზიის  ეკვივალენტ მოსახლეობას ეკუთვნის, მწირია.

გაუგებარია, უკავშირდება თუ არა აღმოჩენები დენიზოვანებს (Denisovans), ადამიანთა იდუმალ ჯგუფს, რომელიც მხოლოდ ციმბირში აღმოჩენილი კბილისა და თითის ძვლის დნმ-ის ანალიზითაა ცნობილი.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი –  ერიკ თრინკაუსი, რომელიც ნაშთების კვლევის ერთ-ერთი ავტორია,  აცხადებს, რომ, ამ ეტაპზე, შეუძლებელია იმის თქმა, იყვნენ თუ არა ჩინეთში მცხოვრები ადამიანები დენიზოვანებთან დაკავშირებულები.

,,საკითხი ეხება პლეისტოცენის ბოლო პერიოდში ნიმუშების მრავალფეროვნებას და „არქაული“ მოსახლეობის დინამიკას,“ – განაცხადა თრინკაუსმა BBC News-თან საუბრისას.

თანამედროვე ადამიანი (Homo sapiens) აფრიკაში დაახლოებით 200,000 წლის წინ წარმოიშვა და დაახლოებით 60,000 წლის წინ აზიაში, ევროპაში, ოკეანიასა და ამერიკაში გავრცელდა. ისინი დაუპირისპირდნენ და ჩაანაცვლეს მსოფლიოს დანარჩენ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა – ნეანდერტალელები და დენიზოვანები. თუმცა მოხდა შეჯვარებაც.

ჩინეთში აღმოჩენილი თავის ქალის ნაშთები დაახლოებით 105,000-125,000  წლისაა. მათ თავიანთი დროის დასავლელ ნეანდერტალელებთან ბევრი მსგავსება და განსხვავება აქვთ.

 ,,იმ დროს არსებობდა გარკვეული რეგიონული მრავალფეროვნება, მაგრამ ასევე არსებობდა ბიოლოგიური ტენდენციები, რომელსაც ყველა მათგანი იზიარებდა.  ნეანდერტალელის მახასიათებლები აჩვენებენ, რომ ყველა აღნიშნული პოლულაცია ერთმანეთთან იყო დაკავშირებული,“ – განმარტავს პროფესორი თრინკაუსი.

მეცნიერებმა ნიმუშებზე დაკვირვებისას აღმოაჩინეს, რომ ზოგიერთი მახასაიათებელი, მაგალითად დაბალი, ფართო ტვინის ქალა, მათ უფრო გვიანდელ ადამიანებთან აკავშირებს, რომლებიც  შუა პლეისტოცენის პერიოდში ცხოვრობდნენ.

თუმცა, თავის ქალის ზოგიერთი თავისებურება, როგორიცაა – ძვლიანი თხემები თვალების ზემოთ  და ძვლიანი ამოზნექილობა თავის ქალის უკან, ამ სახეობისთვის დამახასიათებელი არაა. მეცნიერები აცხადბენ, რომ ეს წარმოადგენს „გრაცილიზაციის“ (gracilisation) პროცესის – ევოლუციის შედეგად ძვლის მასის შემცირება- მტკიცებულებას.

ჩინეთში აღმოჩენილ ორ ნიმუშს შედარებით დიდი ტვინის ქალა აქვს – რაც ძველ მოსფლიოში (ევროპა, აზია, აფრიკა) არსებულ ტვინის დიდი ზომის ტენდენციას ასახავს.

ზოგიერთი მეცნიერი აცხადებს, რომ ერთ-ერთი თავის ქალის ნაშთს ნეანდერტალელებთან შედარებით დიდი ტვინის ზომა აქვს. რაც შეეხება დენიზოვანებთან შესაძლო კავშირს, იმის გამო, რომ თავის ქალებზე კბილები არაა, მეცნიერებს მათი იმ კბილებთან შედარება არ შეუძლიათ, რომელიც დენიზოვას მღვიმეშია აღმოჩენილი.

გენეტიკური მონაცემების მიხედვით, დენიზოვანები ნეანდერტალელების მოდგმას დაახლოებით 400,000 წლის წინ გამოეყვნენ. ასე რომ, მათ მორფოლოგიაში შესაძლოა ნეანდერტალელებთან შეჯვარების შედეგად დატოვებულ კვალს ველოდოთ.

 „იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ამ უძველესი ნაშთებიდან შესაძლებელი გახდება დნმ-ის  ამოღება, რათა შევამოწმოთ, ისინი დენიზოვანები არიან თუ ადამიანთა სრულიად განსხვავებული მოდგმა,“ – აცხადებენ მეცნიერები.

 

წყარო: BBC

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid