ოჯახის შექმნის იდეას წინ უძღვის, სიყვარული და ერთმანეთთან ყოფნის დაუოკებელი სურვილი. ეს გრძნობები კი თანდათან იდგამს ფესვებს ადამიანთა გულებში. დასაწყისში შეყვარებულებისთვის სამყარო ფერადი, ნათელი და მშვენიერია, რომელშიც მხოლოდ სიკეთე და იმედი ამოიკითხება. ყოველი დღე კი სიახლის, სიხარულის და პოზიტივის მქადაგებელია.
დგება ის მომენტიც, როცა ერთმანეთზე შეყვარებული ადამიანები სრულყოფილებისკენ მიისწრაფვიან და ოჯახის შექმნის იდეის განხორციელებას იწყებენ. გარკვეული პერიოდი ყველაფერი ძველებურად გრძელდება. თვალებში სიხარული და გულში იმედი არ ქრება. მაგრამ დრო გადის და ნელი ნაბიჯებით უკმაყოფილობა, პასიურობა, სევდა, სასოწარკვეთილობა, გაუცხოება, ეგოისტობა, უახლოვდებიან ურთიერთობას და ნაწილ-ნაწილ ბზარებს აჩენენ, რომლებიც ჯერ ადგილიდან არ იძვრებიან, მაგრამ საბოლოოდ ნამსხვრევებათ იქცევიან ხოლმე.
ადამიანებს გამუდმებით აწუხებთ ფიქრი და ღრღნით იმის ინტერესი, თუ რა იწვევს ნგრევას ოჯახური ურთიერთობისა, რა აყენებთ მათ ასეთი საფრთხის წინაშე. მაგრამ ისინი ამ ყველაფრის ფუნდამენტალურ ბიძგებს ვერ ამჩნევენ, მიუხედავად იმისა, რომ თავადვე აძლევენ სიტუაციებს კრიტიკულ გზაზე სვლის უფლებას. არ აჩერებენ, ხელს არ უშლიან, მათ ტრანსფორმაციას არ ცდილობენ და შემდეგ ფატალური შედეგის მომსწრენი ხდებიან. რომელიც თითქოს სპონტანურად მოხდა. ვერც კი აანალიზებენ, რომ ამ ყველაფერს ადრეულ პერიოდში ჩაუყარეს საფუძველი.
ოჯახი, როგორი სიფრთხილითაც იქმნება, ისეთივე სათუთი მოპყრობით უნდა შენარჩუნდეს. ცოლ-ქმრული ურთიერთობა შეგვიძლია ბაღს შევადაროთ, რომელიც მოვლილი ან მოუვლელია. სასარგებლო თესლის გარეშე ბაღი სარეველებით იფარება და ნაყოფიც შესაბამისია. ყოველგვარი უსარგებლო და საზიანო თვისება იქნება ეს, მიდგომა თუ რაიმე სხვა, ადამიანმა უნდა გაანადგუროს. როგორც კარგი მებაღე მოსპობდა სარეველებს, რათა საბოლოოდ მისი სამფლობელო არ დამახინჯებულიყო. სწორედ ასე მიზანდასახულად უნდა მოხდეს მისი აღმოფხვრა. ამ ყველაფრის პარალელურად სასარგებლო თესლი უნდა დათესოს – მზრუნველობა, პატივისცემა, გაგება, ზომიერება, თანასწორობა და სხვა მრავალი.
ერთ-ერთი ბიძგი, რომელიც მომავალში ოჯახის ნგრევას იწვევს პარტნიორისადმი მუდმივი უკმაყოფილობაა. ზოგჯერ ადამიანს ამის საბაბი არ აქვს და პრობლემა საკუთარ შინაგან სამყაროში ბუდობს. გარეთ კი უხეშად ვლინდება. ხშირ შემთხვევაში, შინაგან კონფილქტებში ადამიანი სხვა სუბიექტის დანაშაულს ხედავს, საკუთარ თვალში კი დირეს ვერ ამჩნევს. შემდეგ შეუპოვრად იწყებს კრიტიკას, უკმაყოფილებას გამოთქვამს მისი ნებისმიერი ქმედების მიმართ. არაცნობიერად ნაკლის ძიებაშია და ამ სახიფათო გზით ცდილობს საკუთარი არასრულფასოვნების დაფარვას… ამგვარ ყოფას რა უკუჩვენებაც შეიძლება მოჰყვეს – ნათელია. მეორე ადამიანს, რომელიც უმეტესად ,,მსხვერპლია“ , სავსებით გამართლებული იქნება, რომ ერთ დღეს საშინელი უსამართლობის გრძნობა გაუჩნდება და უარს იტყვის მის მიმართ მომართული კრიტიკის მოსმენაზე, უკიდურეს შემთხვევაში, კომუნიკაციის სურვილი გაუქრება. ის აღარ ისაუბრებს თავისი ცხოვრებისეული თავგადასავლების შესახებ, რამეთუ უკუკავშირის მოლოდინი აღარ აქვს. ასეთი სურათი გვხვდება ცოლ-ქმრის თანაცხოვრებისას, რომელიც შესაძლოა ისეთი მუქი ფერებით შეივსოს, რომ ერთ-ერთმა მათგანმა თანაცხოვრებაზე უარი განაცხადოს.
მღელვარება თან სდევს ინდივიდუუმს ადრეული ბავშვობის წლებიდან სიცოცხლის ბოლომდე. ეს თვისება მნიშვნელოვანწილად უფუჭებს ადამიანს ცხოვრების ნირს. ესაა დაბრკოლება ნებისმიერ საქმესა თუ ურთიერთობებში, ასევე ხელის შემშლელია კომუნიკაციაში. ბედნიერების და სიმშვიდის განცდა უმართავი მღელვარების ფონზე ზოგჯერ ძალიან მცირე დოზით ხდება. ეს უკანასკნელი ადამიანს იმედს უმსხვრევს იმისას, რომ შეძლებს მშვიდად ცხოვრებას ამ სამყაროში. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ესაა თვისება, რომელიც ნებისმიერ საკითხში წარუმატებლობის საწინდარია. რა გასაკვირია, რომ თანაცხოვრებაში ხშირად დიდი უსიამოვნების მომტანია. ვიღაც სოციუმს გაურბის, რამეთუ ეშინია, ვიღაცას მარტოობის მოლოდინი დღევანდელ დღეს ართმევს, მეორეს ღალატი აღელვებს… გადის თვეები, წლები და ზოგჯერ მთელი ცხოვრება. ეს გამანადგურებელი ენერგიტა კი თავის შედეგს იძლევა. ცუდის მოლოდინი მიზანდასახულობას, შრომის უნარიანობას და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას თითქმის გამორიცხავს. მეუღლისთვის ასეთ ვითარებაში თანაცხოვრება დღითიდღე რთულდება, მიუხედავად იმისა, რომ ხედავს მღელვარების უსაფუძვლობას, მაინც ვერაფერს ხდება პარტნიორთან. დროთა განმავლობაში კი მისთვის ამგვარი სიტუაციის ყურება აუტანელი და გაუსაძლისი ხდება. მომღიმარი, იმედიანი და მშივიდი მეუღლის მაგივრად ის მღელვარებით შეპყრობილ ადამიანს შესცქერის და ეს მის განწყობას მკვეთრად ცვლის. ადამიანი, რომელიც ცხოვრების ნაწილს იმის ფიქრში ფლანგავს, რომ ერთ დღესაც თანამეცხედრე უღალატებს, ან უბრალოდ მასთან ყოფნას აღარ მოისურვებს, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სწორედ ასე მოხდება. რადგან მან მთელი თავისი ენერგია და წარმოსახვის უნარი იმას მიუძღვნა, თუ როგორ გაუბედურდებოდა ღალატის ან მიტოვების შემდეგ. ადამიანთა უმრავლესობა თავის მომავალს, რატომღაც სულ პრობლემურად განჭვრეტს. ისინი ასტიმულირებენ იმ მოვლენებს, რომლებსაც ყველაზე მეტად არ ისურვებდნენ თავიანთ თანაცხოვრებაში. დრო, რომელიც საყვარელ ადამიანთან ბედნიერად უნდა გაეტარებინათ, ამგვარ საზიანო მეთოდს მიუძღვნეს. ოჯახური ბედნიერება და ჰარმონია ჩვენზეა დამოკიდებული. გვიყვარდეს ისე, რომ მის სიმშვიდეს არ ვარღვევდეთ და არც საკუთარ თავს ვუქმნიდეთ მშფოთვარე ცხოვრებას.
ხშირად, ოჯახში პრობლემებს ფესვები გარეთ აქვს გადგმული. სამუშაო პრობლემები, სოციუმი და მათთან დღის განმავლობაში მრავალრიცხოვანი კომუნიკაცია, ეკონომიკური განვითარება და ა.შ. რასაკვირველია, ყველაფერი ეს მოქმედებს ინდივიდის ხასიათზე. ხშირად კი ასეთ საკითხებზე ზომაზე მეტი აქცენტის გაკეთება ცოლ-ქმრის ურთიერთობაზეც აისახება. იწყება კონფილქტები, ჩნდება გაუთავებელი კითხვის ნიშნები, თანდათან იმატებს აგრესიულობა და ყველაფერი უარესდება. გარემო პირობებს ადამიანები იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, რომ ოჯახი დანგრევის ზღვარზე მიჰყავთ. ასეთი ცხოვრების წესი ურთიერთ ჰარმონიულობას ხელს ყოველთვის შეუშლის და შეაფერხებს მას. ხელშემშლელი ფაქტორი ყოველდღიური წვრილმანებია, რომელთაც დიდ პრობლემებად აღიქვამენ. თუ სამსახურში რაიმე დაბრკოლებაა, სრულიად არ მიუძღვის ბრალი საყვარელ ადამიანს. უფრო სწორი იქნებოდა თუ მასში ნუგეშს დავინახავთ და არა სუბიექტს, რომელსაც ჩვენი აგრესიის დასაკმაყოფილებლად გამოვიყენებდით. გარესიტუაციებისაგან გამოწვეული მღელვარება სახლის ზღურბლს მიღმა უნდა დარჩეს, რათა არ შეუშალოს ხელი ორი ადამიანის მშვიდ საღამოს, რომელიც ხშირად უსიამოვნებებებით სრულდება.
ნებისმიერი კავშირის ერთ-ერთი არსებითი მოთხოვნა პიროვნების თავისუფლებაა. უმეტესობა ქორწინებას შემუშავებული წესებითა და შეზღუდვებით იწყებს. ოჯახის შექმნა მათთვის აღიქმება, როგორც შეზღუდვების სისტემა. ასეთი მცდარი წარმოდგენა აქვს მოსახლეობის დიდ ნაწილს. ბევრი ქალი და მამაკაცი ქორწინებაში თავისუფლებას ვერ გრძნობს. თითოეულ ინდივიდს აქვს პირადი უფლებები, რომელშიც უხეში ჩარევა არავის ძალუძს. მეუღლის თავისუფლების შეზღუდვა უცილობლად გამოიწვევს უთანხმოებას, რომელსაც პროტესტის გრძნობა განაპირობებს ხოლმე. მბრძანებლობა ცუდი იარაღია, რომლის გამოყენებაც არსადაა მიზანშეწონილი. რატომღაც ადამიანებს ჰგონიათ, რომ სხვისი პიროვნების შეცვლის სრული უფლება აქვთ და ცდილობენ გვერდით მყოფი, საკუთარ კრიტერიუმებს მოარგონ – მისგან სხვა ქმნილება გამოძერწონ. ასეთი დამახინჯებული სტრატეგიით ოჯახურ ურთიერთობას სამარეს უთხრიან.
როგორც წესი, მბრძანებლობას თან ახლავს ეჭვიანობა. პიროვნების საინტერესო მახასიათებელია და ამავე დროს ფართო მაშტაბითაა გავრცელებული. ეს უკანასკნელი არასრულფასოვნების ნიშანია და ადამიანს სიმშვიდეს ართმევს. სასიყვარულო ურთიერთობაში უსაფუძვლო ეჭვები ნდობის ფაქტორს ხაზს უსვამს, არღვევს ჰარმონიას და ბობოქრობს სიმშვიდეში. ასეთი თვისებით შეპყრობილი მეუღლე ბედნიერებას ნაწილობრივ განიცდის, რადგან ეს ბედნიერება საეჭვოა მისთვის. მუდმივად ფიქრი იმაზე, რომ იქნებ რაიმე ისეთი ხდება პარტნიორის თავს, რაც არ იცის, უმალავენ და ერთ დღესაც ტრაგიკულად გაიგებს, იქნებ აღარ უყვარს საყვარელ ადამიანს და უმალავს… ამგვარი ფიქრები ფიტავს ადამიანის შინაგან მდგომარეობას. ნდობა კი მოგეხსენბათ, რაოდენ მნიშვნელოვანი ნაწილია ოჯახური ურთიერთობისა. მავნე ჩვევები, რომლებიც ყოველდღიურობას წნეხის ქვეშ აყენებს დაუყოვნებლივ უნდა გამოსწორდეს, რათა ცოლ-ქმრულ კავშირს დაღი არ დაესვას.
თანაცხოვრებას ხელს უშლიან გაუთავებელი ბრძოლებით. ოჯახი საომარი ადგილი სულაც არაა. ბევრი თავის ცხოვრებას იმაზე დარდით წამლავს, რომ მათმა ცოლქმრულმა ურთიერთობებმა პირვანდელი სახე დაკარგეს, ამით დაბრმავებულები კარგს ვეღარაფერს ამჩნევენ. თავად ქმნიან დამანგრეველ ბიძგებს ოჯახური თანაცხოვრების დროს გაუთავებელი წუხილით და უსაფუძვლო განცდებით. თავიდანვე მონდომებით უნდა მოხდეს ყურადღების კონცენტრირება იმ საკითხებზე, რომლებიც ბედნიერებას მოუტანთ და გაახარებთ. ნუ ვეცდებით პარტნიორის გადაკეთებას და ნუ შევეხებით მის პიროვნულობას. ,,ბედნიერება ჩვენზევეა დამოკიდებული’’-ასე ამტკიცებდა სენეკა.
მასალა მოამზადა: მედეა გელდიაშვილი
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”