close
საქართველო

რა ჯდება თბილისში საკუთარი სახლის აშენება?

 თუკი გაინტერესებთ, რა ჯდება თბილისში კერძო სახლის აშენება, ამის შესახებ მიახლოებით ინფორმაციას მოგაწვდით:

მიახლოებითი ფასებით რომ ვისმჯელოთ, თბილისში 1 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის საშუალო ღირებულება 100 დოლარის ფარგლებში მერყეობს. კერძო სახლებით არსებულ დასახლებებში, მაგალითად, ლოტკინის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1 კვადრატული მეტრის მიწის ღირებულება 60-დან 100 დოლარამდეა, შედარებით ნაკლებპოპულარულ ადგილებში კი ფასები შესაძლოა ოდნავ ნაკლებ ფასად ნახოთ. რაც შეეხება საბურთალოს, მიწის ნაკვეთების ფასი შედარებით მაღალია და ძირითადად 100 დოლარიდან იწყება.

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, თუ მიწა დაურეგისტრირებელია, თავდაპირველად, მესაკუთრემ მისი რეგისტრაცია უნდა მოახდინოს, რათა შემდეგ გაასხვისოს, შესაბამისად, დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთს პროცედურულად ვერ შეიძენთ ან დამატებით პრობლემებს შეგიქმნით.

რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის შეძენისას, საჯარო რეესტრში მყიდველისა და გამყიდველის პირადობის მოწმობებით მიხვალთ, რათა ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმები შეივსოს. თუ დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის მფლობელი თავად ხართ, მისი სარეგისტრაციო მომსახურების ვადა და საფასურები ასეთია: 4 სამუშაო დღეში – 50 ლარი, 1 სამუშაო დღეში 150 ლარი, ხოლო იმავე დღეს 200 ლარი. საჯარო რეესტრში მისვლისას, აუცილებელია მიწის ნაკვეთის ნახაზი წარადგინოთ, ხოლო დამატებითი დოკუმენტაცია კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე იქნება საჭირო.

რაც შეეხება ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს – სახლის მშენებლობას:  სამშენებლო კომპანიებში 1 კვ.მ-ის ღირებულება 150$-დან 240$-მდე მერყეობს და მშენებლობის დასრულების შემდეგ, მომხმარებელს თეთრი კარკასი დაახლოებით 3 თვის ვადაში ბარდება.

სამშენებლო კომპანიების მიერ შემოთავაზებულ მომსახურებაში მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები, რკინის კარი, იატაკი, შიდა გაყვანილობები, ელექტრობა, წყლის მილები, კანალიზაცია, გაჯით გალესილი კედლები, მეტალოკერამიკის სახურავი და შეღებილი გარე ფასადი შედის.

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სახლის მშენებლობას თბილისის ყველა უბანში ერთი და იგივე ღირებულება აქვს.

განსხვავება მხოლოდ მიწის ნაკვეთების ფასშია, ხოლო რამდენიმე კომპანიის თქმით, გარეუბნებში მშენებლობის საფასური იზრდება, რადგან სამშენებლო მასალის ტრანსპორტირება ხდება.

კომპანიები სახლს როგორც რკინა-ბეტონისა და ბლოკის, ისე აგურის საშუალებით აგებენ. ზოგ კომპანიაში აგურის გამოყენების შემთხვევაში საფასური ემატება, ზოგი კომპანია კი ბლოკზეც და აგურზეც იმავე ღირებულებას გთავაზობთ, თუმცა ყველა მათგანი აღნიშნავს, რომ აგური თბოიზოლაციის თვალსაზრისით, უკეთესია.

საშუალოდ რომ გამოვთვალოთ, მაგალითად, 70 კვ.მ სახლის მშენებლობა, 1 კვ.მ-ში 240$-ის გადახდის შემთხვევაში 16 800$ დაგიჯდებათ. თუმცა კომპანიებს შორის განსხვავება კვ.მ-ის ღირებულებაში 300$-ის ფარგლებში მერყეობს, ამიტომ სამშენებლო კომპანიების მოძიებისას მათი მომსახურების სრული პაკეტი უნდა გაითვალისწინოთ.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid