close
ანალიტიკამსოფლიოპოლიტიკა

რა მოხდება, თუკი ჩრდილოეთ კორეა წყნარ ოკეანეში დატესტავს ბირთვულ იარაღს?

რამდენიმე დღის წინ ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ ბირთვული იარაღი წყნარ ოკეანეში შეიძლება დატესტოს.

თუკი აღნიშნული განხორციელდება, ეს იქნება პირველი შემთხვევა ათწლეულების მანძილზე, როდესაც ბირთვული იარაღის ატომური ნაწილაკები ატმოსფეროში გაიბნევა.

ეს ფაქტი კიდევ უფრო ამწვავებს ისედაც დაძაბულ ურთიერთობას ჩრდილოეთ კორეასა და დასავლეთის ქვეყნებს, განსაკუთრებით აშშ-ს შორის. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, „ჩრდილოეთ კორეის სრული განადგურებითაც“ დაიმუქრა გაეროში სიტყვით გამოსვლის დროს.

საინტერესოა, როგორ აპირებს ჩრდილოეთ კორეა ბირთვული იარაღის დატესტვას და რამდენად საფრთხისშემცველია ის?

რა ბირთვული პოტენციალი აქვს ჩრდილოეთ კორეას?

ჩრდილოეთ კორეა დიდი ხანია მუშაობს ისეთი ბირთვული იარაღის განვითარების გეგმაზე, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, მიაღწევს აშშ-სა და დასავლეთის სხვა ქვეყნებს და მნიშვნელოვან ზიანს მოუტანს მათ. ამ მიზნის განხორციელება მცირე ზომის ბირთვული რაკეტებით იგეგმება. სულ 6 ბირთვული ტესტი ჩატარდა, რომელთაგან უკანასკნელი წარმატებული იყო, როგორც სხვადასხვა წყარო იუწყება. თუმცა, ოფიციალურად ჯერ კიდევ არ არის დადასტურებული მსგავსი ტიპის ბირთვული იარაღის არსებობა.

რა მოხდება, თუკი ჩრდილოეთ კორეა გეგმას განახორციელებს?

გეოპოლიტიკური ცვლილებების გარდა, ძალიან დიდი იქნება გარემოსთვის მიყენებული ზარალი. ბირთვული აფეთქება გაანადგურებს, უპირველეს ყოვლისა, ოკეანისქვეშა სამყაროს, რასაც გრძელვადიანი გავლენა ექნება სხვა ეკოლოგიურ მახასიათებლლებზეც: ტესტმა შესაძლოა გამოიწვიოს მიწისძვრები, ცუნამი და მეწყერიც კი. ამავე დროს, არსებობს ისტორიული მაგალითიც მარშალის კუნძულების სახით, სადაც, მე-20 საუკუნეში, აშშ-მ ბირთვული იარაღი დატესტა და დღესაც კი, რეგიონის მოსახლეობაში მაღალია კიბოს, ახალშობილებში ანომალიისა და თირეოდული დაავადებების მაჩვენებელი.

თუმცა, ანალიტიკოსების მოსაზრებით, ზარალის ხარისხი შეიძლება შემცირდეს, თუკი ჩრდილოეთ კორეა შედარებით იზოლირებულ ადგილმდებარეობას აირჩევს ტესტის ჩასატარებლად. ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ცენტრის ანალიტიკოსის, მელისა ჰენჰამის მოსაზრებით, „ზარალის ხარისხი დამოკიდებულია იმაზე, თუ სად აფეთქდება ბირთვული იარაღი და როგორი იქნება ამინდი იმ პერიოდში“.

ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ ჩრდილოეთ კორეა ვერ გადადგამს ან გაბედულ ნაბიჯს რიგი ტექნიკური და დიპლომატიური რისკების გამო. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ამ ბუნდოვან კითხვაზე პასუხი მაშინ გვეცოდინება, როცა „მანათობელ ბირთვულ ცას“ დავინახავთ ჰორიზონტზე, რადგან პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია ჩრდილოეთ კორეის შემთხვევაში.

 

წყარო: CNN, REUTERS

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid