close
პოლიტიკა

რა შედეგი აქვს პროტესტს პუტინის რუსეთში?

25 მარტს, კვირას, რუსეთის 80 ქალაქში ათასობით ადამიანი შეიკრიბა რუსეთის ხელისუფლებაში კორუფციის მაღალი დონის გასაპროტესტებლად, მიუხედავად იმისა, რომ კრემლმა დემონსტრაციაში მონაწილეობა სამართალდარღვევად გამოაცხადა. მიიჩნევა, რომ ეს იყო ყველაზე დიდი დემონსტრაცია 2012 წლის შემდეგ, მიმართული ვლადიმერ პუტინის ხელისუფლების წინააღმდეგ.

მასობრივი პროტესტის მთავარი მიზეზი გახლდათ ოპოზიციური ლიდერისა და ხელისუფლების ყველაზე მწვავე კრიტიკოსის – ალექსანდრე ნავალნის 50-წუთიანი ფილმი, სადაც, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, გამოაშკარავებულია რუსეთის პრემიერ-მინისტრის – დიმიტრი მედვედევის კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობა.  ვიდეო 2 მარტს გამოჩნდა სოციალურ ქსელებში და  13 მილიონამდე ნახვა ჰქონდა სულ რამდენიმე დღეში. ამან მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ქვეყნის იმ მოქალაქეებზე, რომლებიც რუსეთის მდიდარ პოლიტიკურ ელიტას ხედავენ, როგორც კორუფციულ კლასს, მაშინ, როცა, მოქალაქეთა უმეტესობას უწევს რთულ ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ 2016 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ მიხედვით, რუსეთი 174-დან 131-ე ადგილზეა, 100 ქულიდან კი 29 აქვს, სადაც 0 ქულა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს საჯარო სექტორი მოსახლეობის მიერ აღქმულია, როგორც „ძალიან კორუმპირებული“.

რა მოიმოქმედა კრემლმა?

დემონსტრაციის საწყის ეტაპზე, კრემლმა დუმილი არჩია. სახელმწიფო ტელევიზიას არ გაუშუქებია კვირის გამოსვლები. კრემლის პასუხი ამ ფაქტზე გახლდათ: „ჩვენ არ ვქმნით სამაუწყებლო პოლიტიკას, ტელეარხები თავად წყვეტენ, რა აჩვენონ მაყურებელს და რა არის  მნიშვნელოვანი. ინფორმაციის მიღების მრავალი საშუალება არსებობს. ამიტომ, არ არის სწორი, როდესაც ამბობენ, რომ  არსებობს რაიმე სახის ცენზურა ინფორმაციაზე“.

რუსული პოლიციის ცნობით, მხოლოდ მოსკოვში, შეიკრიბა 7000-მდე ადამიანი. ოფიციალური მონაცემებით, დაკავებულთა რაოდენობა არ აღემატებოდა 500-ს, თუმცა ოპოზიცის წევრები აღნიშნავენ, რომ მხოლოდ მოსკოვში, პოლიციამ აიყვანა 700-დან 1000 კაცამდე. 17 წლის დენის კორნეევი, აქციის ერთ-ერთი მონაწილე ამბობს: „გამოვედი, რათა გავაპროტესტო კორუფცია და მსურს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა უპასუხონ ნავალნის ფილმში წარმოდგენილ ბრალდებებს.“

ხელისუფლების წარმომადგენლებს – პუტინს, მედვედევსა და სხვებს, არ გაუკეთებიათ ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯები გადაიდგმება მომავალში, ამიტომ, კრემლის სტრატეგია, თუ როგორ აპირებს აჯანყებულ მოსახლეობასთან გამკლავებას, უცნობია.  წინა წლების გამოცდილების მიხედვით კი, დემონსტრაციებში მონაწილე მოქალაქეების წინააღმდეგ დამსჯელობითი ზომები მიიღება. 2014 წელს ამოქმედებული კანონის მიხედვით კი, არასანქცირებული საპროტესტო გამოსვლები ისჯება 15 დღით ციხეში მოთავსებით, უკიდურეს შემთხვევაში კი, 5 წლით თავისუფლების აღკვეთით.

რა როლი აქვს საპრეზიდენტო არჩევნებს?

ოპოზიციონერმა ალექსანდრე ნავალნმა, დემონსტრაციების დაწყებამდე განაცხადა, რომ მას განზრახული აქვს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება. არჩევნებში, რომელშიც ვლადიმერ პუტინი კიდევ ერთხელ  შეეცდება ახალი ვადით პრეზიდენტობის მოპოვებას.  თუმცა, რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით, კრიმინალურ საქმიანობაში ეჭვმიტანილ პირებს არ აქვთ უფლება, საჯარო სამსახურისთვის იყარონ კენჭი.  ნავალნი 15 დღით ჩასვეს ციხეში მასობრივი პროტესტის ორგანიზაებაში გაწეული როლისთვის, შესაბამისად, ის დისკვალიფიცირდა.

რუსეთის ოპოზიციური ძალები წლების განმავლობაში ებრძვიან რუსეთის ხელისუფლებას, თუმცა შეზღუდული საშუალებებით. თავისუფალი მედიის უმეტესობა ან დაიხურა, ან მათი ნაციონალიზაცია მოხდა. შესაბამისად, მათ, ვისაც სურთ კრემლის წინააღმდეგ რეალური ნაბიჯები გადადგან, არ აქვთ შესაბამისი პლატფორმა მხარდამჭერებამდე ინფორმაციის მისატანად. ამას გარდა, კრემლის კრიტიკოსები განიცდიან ზეწოლას. მათ ემუქრებათ თავისუფლების აღკვეთა ან სიკვდილიც კი. მაგალითად, ბორის ნემცოვი, რომელიც 2015 წელს მოსკოვში მოკლეს, ან დეპუტატი დენის ვორონენკოვი, რომელსაც კიევში, უკრაინაში სასტუმროს წინ ესროლეს.

რუსეთის ოპოზიცია ხშირად განიხილება, როგორც დასვლური ღირებულებების  მქონე ელიტარული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ფენომენი. თუმცა, უკანასკნელ საპროტესტო გამოსვლებს განსხვავებული ხასიათი ჰქონდა – ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიოდნენ  არა ელიტის წარმომადგენლები, არამედ ჩვეულებრივი მოქალაქეები რუსეთის შორეული ნაწილებიდანაც კი, მაგალითად, ციმბირიდან.

„ალექსანდრე ნავალმა გააერთიანა მსგავსი შეხედულების ადამიანები, რომლებიც არ ეთანხმებიან რუსეთის ხელისუფლებას, მე ცოტა შეშინებული ვარ, თუმცა ყველას რომ სახელმწიფოს შიში ჰქონდეს, არავინ გამოვიდოდა ქუჩაში,“– ამბობს დემონსტრაციის 19 წლის მონაწილე.

საპროტესტო აქციების მასშტაბებისა და გამოწვეული რეაქციების მიუხედავად, ექპერტთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ეს მოვლენები ვერ მოახდენენ ფუნდამენტურ გავლენას ხელისუფლების ქმედებებსა და საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომლის უპირობო ლიდერი, ოფიციალური მონაცემებით, ვლადიმერ პუტინია, 80%-იანი რეიტინგით.

 

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid