„ჩვენ რომამდეც მოვაღწევთ“- ამ წინადადებით დაიმუქრა ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი რადიკალი აქტივისტი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, რომელიც რომის პაპის სურათის დახევით სრულდება. ამიტომაც, ყურადღებას იქცევს ფაქტი, რომ იტალიაში არ განხორციელებულა არცერთი ტერორისტული თავდასხმა ჯიჰადისტების მიერ, მაშინ, როცა დანარჩენ ევროპაში – ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და ესპანეთში ეს მოხდა. თუმცა, ეს ფაქტი არ უკავშირდება მიგრანტებსა და ტერორიზმს შორის არსებულ კავშირს, რადგან 2017 წლის პირველ ნახევარში ევროპაში ჩასული არალეგალური მიგრანტების 82 % სწორედ იტალიამ მიიღო.
The Economist-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, ეს მოვლენა ახსნილია იტალიური მაფიის არსებობით, რაც პრობლემური გახდა ჯიჰადისტებისათვის, რომ დაეგეგმათ და შემდეგ განეხორციელებინათ ტერორისტული თავდასხმა. თუმცა, არა იმ კონტექსტში, როგორც მკითხველთა უმეტესობა იფიქრებს.
საქმე ისაა, რომ იტალიის პოლიციამ უკვე შეიძინა ძალიან დიდი გამოცდილება საეჭვო პიროვნებებისა თუ ჯგუფის იდენტიფიცირებაში, რადგან მას წლებია უწევს დაუპირისპირდეს იტალიურ მაფიას. ამასთან ერთად, ჯერ კიდევ 1970-იან და 1980-იან წლებში იტალიის პოლიცია უმკლავდებოდა მემარცხენე თუ მემარჯვენე რადიკალ ტერორისტებს, როდესაც სხვა ევროპულ ქვეყნებში ეს პრაქტიკა არ ყოფილა. ამიტომაც, იტალიის ხელისუფლება ცდილობს მაშინვე გააძევოს ქვეყნიდან ის პირები, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან რელიგიურ ექსტრემიზმში. საეჭვო ნიშნების არსებობის მოტივით, იანვრის შემდეგ, 150-მდე ადამიანი გააძევეს ქვეყნიდან.
ეკონომიკური კვლევების ამერიკის ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა კვლევა, რომელშიც გამოყენებულია 2014-2015 წლის სტატისტიკური მონაცემები. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ იტალიაში იდენტიფიცირდა მხოლოდ 87 რელიგიური ექსტრემისტი, მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი ბრიტანეთში 760, ხოლო საფრანგეთში თითქმის 2500 გახლდათ.
თუმცა, მკვლევართა გარკვეული ნაწილი მიუთითებს სხვა ფაქტორებზეც: იტალიაში არ არსებობს მუსლიმური გეტოები, როგორც საფრანგეთში „banlieues-ი”, მაგალითად. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ალ-ქაიდა, რომელიც ჯიჰადისტების დომინანტურ ძალად მიიჩნევა, იტალიას იყენებდა, როგორც ლოჯისტიკურ ბაზას ევროპაში. „მათ ჩვენ ვჭირდებოდით, აი, რატომ ვიყავით უსაფრთხოდ“– აღნიშნავს მაიკლ გოპი, თავდაცვის აკადემიიდან.
წყარო: The Economist, The Guardian
მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”