ახლახანს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მენსტრუაციის პერიოდში ქალის ტვინის ნაწილი განსხვავებული ზომის ხდება .
როგორც ლაპიციგის მაქს პლანკის ადამიანის შემეცნებისა და ტვინის მეცნიერებათა ინსტიტუტის მეცნიერები ირწმუნებიან, ესტროგენის დონის მატებასთან ერთად ჰიპოკამი ყოველთვიურად ოდნავ იზრდება და ჰორმონების კლებასთან ერთად მცირდება.
მანამდე ჩატარებული კვლევების შედეგადა დადგენილია, რომ ჰიპოკამი, რომელიც მახსოვრობასა და განწყობაზეა პასუხისმგებელი, გარემო პირობების მიხედვით იცვლის ზომას. მაგალითად, რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ ლონდონის ტაქსის მძღოლებს არანორმალურად დიდი ჰიპოკამი აქვთ, ეს კი იმით აიხსნება, რომ მათ ქალაქის უამრავი ქუჩის და ადგილის დამახსოვრება უწევთ. თუმცა ახლახანს ჩატარებული კვლევა პირველია, რომელიც მეცნიერებს აძლევთ საფუძველს ივარაუდონ, რომ ჰიპოკამის ზომა ქალებში რეგულარულად, თვეში ერთხელ, მენსტრუაციის პერიოდში ჰორმონების დონის ცვლილებების ზეგავლენით იცვლება.
აღმოჩენა მეცნიერებმა შემთხვევით, პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობის კვლევის საწყის ეტაპზე გააკეთეს. პრემენსტრუალური სინდრომი არის ფიზიკური და ემოციური სიმპტომების კრებული, რომელიც დაკავშირებულია ქალის მენსტრუალურ ციკლთან და რომელიც ყოველი თორმეტი ქალიდან ერთს აწუხებს. პრემენსტრუალური სიმპტომები ძირითადად ასოცირებულია ლუთეალურ ფაზასთან შესაბამისად იწყება მენსტრუაციამდე და წყდება მენსტრუაციის დაწყებისას ან დამთავრების შემდეგ.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მენსტრუაციის პერიოდში ჰიპოკამის ზომის ზრდა ქალების უკეთეს მეხსიერებასა, შემეცნებით ფუნქციას და გარკვევას კი არ უზრუნველყოფს, არამედ შესაძლოა ის ჰორმონალური ცვლილების კომპენსირებასა და ქცევის შენარჩუნებას ემსახურებოდეს.
მეცნიერები აცხადებენ, რომ კვლევის შემდეგი ეტაპი, მის ფარგლებში მეტი ქალის გამოკვლევა უნდა იყოს.
წყარო: http://www.independent.co.uk/
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”