დასავლეთი ავსტრალიის სანაპიროზე, ჰამელინის ყურეში, ვეშაპების მასობრივი გამორიყვა მოხდა.
დასავლეთ ავსტრალიის პარკებისა და ველური ბუნების სამსახურის ინფორმაციით, 150 გამორიყული ვეშაპიდან 144 გარდაიცვალა, 6 კი ისევ ზღვაში დააბრუნეს.
ჰამელინის ყურის ჰოლიდეი პარკის მენეჯერმა მელისა ლეიმ სააგენტო ,,როიტერს” განუცხადა, რომ ეს აღნიშნულ სანაპიროზე ვეშაპების მასობრივი გამორიყვის მეორე შემთხვევაა ბოლო 15 წლის მანძილზე.
ვეშაპების მასობრივი გამორიყვის ანუ როგორც ამას ხშირად უწოდებენ, თვითმკვლელობის შემთხვევები საკმაოდ ხშირია. ნაპირზე გამორიყული ზღვის ცხოველების დაბრუნება ოკეანეში ძალზე რთულია, ამიტომ გამორიყული ვეშაპების დიდი ნაწილი, როგორც წესი, იღუპება. რა მოზეზით მოხდა ეს ამჯერად მეცნიერებისთვის ჯერჯერობით უცნობია. ვეშაპების მასიურ თვითმკვლელობას სხვადასხვა მიზეზი აქვს, მათ შორისაა მტაცებელთა თავდასხმა, დაავადება, ექოლოკაციის დარღვევა, თევზებზე ნადირობისას ნაპირთან ახლო მიახლოება და აშ.
დასავლეთ ავსტრალიაში ვეშაპის ყველაზე მსხვილმასშტაბიანი გამორიყვა 1996 წელს ქალაქ დუნსბორგის სანაპიროზე მოხდა, როცა 320-მდე ვეშაპმა თვითგანადგურება განახორციელა.
400-ზე მეტი ვეშაპი გამორიყა ოკეანემ ახალი ზელანდიის სანაპიროზე გასული წლის ნოემბერში. მოხალისეებმა მათი მხოლოდ 30%-ის გადარჩენა შეძლეს.
2015 წლის 9 მაისს ჩილეს სანაპიროზე 40-მდე ვეშაპი გამოვიდა. 37 მათგანი დაიღუპა.
წყარო: CNN
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”