ევროპა კვლავ პანდემიის ეპიცენტრი გახდა, რამაც ზოგიერთი ქვეყნის მთავრობა აიძულა, „ლოქდაუნის“ ხელახლა დაწესების საკითხი განიხილოს. შვიდდღიანი ინფიცირების მაჩვენებელით, ევროპაზე მსოფლიოში დაფიქსირებული დაინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების დაახლოებით ნახევარი მოდის.
ქვეყნები, მათ შორის ნიდერლანდები, გერმანია, ავსტრია და ჩეხეთი, ატარებენ ან გეგმავენ ზომებს ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად. ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მარკ რუტემ სამკვირიანი ნაწილობრივი „ლოქდაუნი“ გამოაცხადა, რომელიც ძალაში დღეიდან შედის. შეზღუდვების ფარგლებში ბარები, რესტორნები და სუპერმარკეტები ყოველდღე 20:00 საათზე დაიხურება, ის მაღაზიები კი, რომლებიც პირველადი საჭიროების პროდუქტებით არ ვაჭრობენ – 18:00 საათზე. სპორტული ღონისძიებები მაყურებლების გარეშე ჩატარდება, მოსახლეობას კი მოუწოდებენ, იმუშაონ დისტანციურად, თუკი ამის შესაძლებლობა აქვთ.
გერმანიაში დღეიდან კოვიდ-19 -ზე ტესტის ჩატარება კვლავ უფასო ხდება. ამასთან, ქვეყნის პარლამენტში შეტანილია კანონპროექტი, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას მისცემს მიიღოს ზომები საჯარო ადგილებში პირბადეების სავალდებულო გამოყენებისა და დისტანციის წესის დაცვასთან დაკავშირებით, რომელიც მომდევნო წლის მარტამდე გაგრძელდება.
ავსტრიის ხელისუფლება არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის „ლოქდაუნის“ დაწესებას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებს, რომლებსაც კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო აცრა გაკეთებული არ აქვთ, გადაადგილება შეეზღუდებათ.
ლიეტუვამ ოქტომბრის შუა რიცხვებში ოთხკვირიანი „ლოქდაუნი“ დააწესა. ამასთან, გუშინ, ქვეყნის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომლის თანახმადაც, იმ დეპუტატებს, რომლებიც უარს იტყვიან ვაქცინაციაზე, კენჭისყრასა და დისკუსიებში მონაწილეობა აეკრძალებათ.
შეზღუდვები გაამკაცრეს ჩეხეთმა, სლოვაკეთმა და რუსეთმაც. ვირუსოლოგები აცხადებენ, რომ პანდემიის დასამარცხებლად „ვერცხლის ტყვია“ მხოლოდ ვაქცინაცია არაა და აუცილებელია სხვა ზომების მიღებაც, როგორიცაა მაგალითად დისტანციის დაცვა და პირბადეების გამოყენება.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”