YouTube-ზე პოპულარული ხდება ვიდეო, რომელიც ჩერნობილის გარიყულ ზონაში გადაიღეს. მომხმარებელმა SlivkiShow-მ ვიდეო 29 აპრილს ატვირთა და უკვე 8 მილიონამდე ნახვა აქვს.
შეგახსენებთ, 1986 წლის 26 აპრილს, მოსკოვის დროით 01:43 წუთზე, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე, მეოთხე ბლოკში აფეთქება მოხდა.
ჩერნობილის რეაქტორის აფეთქებით გავრცელებული რადიოაქტიური იზოტოპების ინტენსივობა ატმოსფეროში 400-ჯერ აღემატებოდა ჰიროშიმაზე 1945 წელს, ჩამოგდებული ატომური ბომბების რადიოაქტიურ კონცენტრაციას.
ეს იყო ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო შკალით მეშვიდე დონის პირველი და ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში, 2011 წლის 11 მარტამდე, ფუკუშიმას ატომური რეაქტორის კატასტროფამდე.
ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. ის შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში, როგორც დაღუპულთა და მისგან დაშავებულ ადამიანთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა და ეკონომიკური ზიანით.
ჩერნობილის კატასტროფამ საბჭოთა კავშირს 18 მილიარდი რუბლის ზარალი მიაყენა.
უშუალოდ კატასტროფის შედეგად დაიღუპა 31 ადამიანი, ხოლო რადიოაქტიური მოწამვლის შედეგად წარმოქმნილი დაავადებები დღემდე აწუხებთ ქალაქ პრიპიატისა და მის შემოგარენში მცხოვრებ ადამიანებს.
მასალა მოამზადა: ციცი კიკვაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”