39 წლის ემანუელ მაკრონი საფრანგეთის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი გახდა. თავიდან, დამოუკიდებელმა ცენტრისტულმა პოლიტიკურმა მოღვაწემ გადაწყვიტა პროევროპული ღირებულებების პარტიის შექმნა, ერთი წლის შემდეგ კი საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში ჩაება. ბევრი ფიქრობს, რომ რამდენიმე თვის წინ, მაკრონის გამარჯვება წარმოუდგენელიც კი იქნებოდა. თუმცა, როგორც შედეგები გვიჩვენებს, მაკრონს კარგად ესმის, თუ როგორ მუშაობს პოლიტიკა 2017 წელს. ევროკავშირში წევრობის, იმიგრაციისა და უამრავი ყალბი ინფორმაციის ფონზე, როდესაც სხვას შესაძლოა უკან დაეხია, ემანუელ მაკრონმა პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო, ძალაუფლებისთვის ბრძოლაში კი ევროპული პოლიტიკის ბევრი მნიშვნელოვანი წესი შეცვალა.
პოლიტიკურ ასპარეზი დაიწყო ნულიდან
13 თვის წინ, როდესაც მაკრონმა ახალი პოლიტიკური პარტიის, ,,En Marche! -ის”, ჩამოყალიბება ამცნო საფრანგეთს, ბევრმა ცინიზმით შეხედა ფაქტს. ერთ-ერთმა ფრანგმა მინისტრმა სოციალური ქსელის გვერდზე გამოაქვეყნა სიმღერა, სახელწოდებით, “Je marche seul” („მე ვსეირნობ მარტო“), ბევრმა აღნიშნა, რომ მაკრონი დამარცხებისთვის იყო განწირული და რომ ცენტრისტები არასოდეს ხდებიან საფრაგეთის პრეზიდენტები. დროთა განმავლობაში, რეიტინგის ზრდასთან ერთად, მაკრონს მოიხსენიებდნენ იდეოლოგიურად საპირისპირო მარი ლე პენის კონტექსტში, როგორც მის საპირისპირო პოლუსს. თუმცა, დღეს ევროპული პოლიტიკა აღარ არის მხოლოდ დაპირისპირება მემარჯვენეებსა და მემარცხენეებს შორის. მაკრონს კარგად ესმოდა, რომ გამარჯვებისთვის საჭირო იყო დებატებში მოქალაქეების იდენტობისა და ღირებულებების წინა პლანზე წამოწევა, რამაც გაამართლა. ახალმა პარტიამ კი, მას საშუალება მისცა სტრუქტურულად განსხვავებული კურსი აეღო, გამორჩეული ყოფილიყო იმ პოლიტიკური ძალებისაგან, რომლებიც წლებია საფრანგეთის პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნაში მონაწილეობენ და წარმოეჩინა საფრანგეთი პოზიტიური კუთხით.
ატარებდა ცალსახად პროევროპულ პოლიტიკას
როგორც ირკვევა, მაკრონი ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელიც გამოხატულად პროევოპულ კურსს იჭერდა, განსხვავებით სხვა პოლიტიკოსებისაგან მთელი ევროპის მასშტაბით, რომლებიც ევროკავშირს ხედავდნენ, როგორც საშინაო პრობლემების მთავარ გამომწვევ მიზეზს. ისინიც კი, ვინც არ იყვნენ ევროსკეპტიკოსები, ერიდებოდნენ ევროკავშირის თემის წამოწევად თავიანთ დღის წესრიგში. ანგელა მერკელთან შეხვედრისას მაკრონმა განაცხადა: „თუკი თქვენ ხართ „მოკრძალებული“ ევროპელი, ეს უკვე ნიშნავს დამარცხებულ ევროპელობას“. ერთ-ერთი ფრანგული სატელევიზიო შოუს ჩაწერის დროს ლე პენმა მოითხოვა ევროკავშირის დროშის მოხსნა და მხოლოდ საფრანგეთის დროშის დატოვება, მაკრონი მომდევნო გამოსვლაში ევროკავშირის დროშით ხელში გამოჩნდა და აღნიშნა: „ ჩვენ ამ ვარსკვლავების ნაწილი ვართ, ევროკავშირამდე ჩვენს კონტიტენტზე ომი სუფევდა, არ დაგვავიწყდეს ეს.“ იმის გათვალისწინებით, რომ ამომრჩეველთა უმეტესობა ევროკავშირსა და ევროზონაში დარჩენის მომხრეა, მაკრონმა შეძლო ხაზი გაესვა, რომ ანტი-ევროპული გამოსვლები და პოპულისტური პარტიების მხარდაჭერა საფრანგეთს დააყენებდა ევროკავშირის დატოვების პრობლემის წინაშე.
კომუნიკაციას ამყარებდა უშუალოდ ამომრჩევლებთან
ევროპული საარჩევნო კამპანიების უმეტესობა წინასწარ გაწერილია და სტრუქტურულად განმეორებითი ხასიათი აქვს. თუმცა, პირველი რაუნდის შედეგების გამოცხადების შემდეგ, ლე პენი დასახურად განწირულ ქარხანას ესტუმრა იმ რეგიონში, სადაც მაკრონი ატარებდა საარჩევნო კამპანიას. შეხვედრა დასრულდა „ლე პენი პრეზიდენტად“ გამოსვლებით. შემდეგ, მაკრონმა ერთ საათზე მეტი გაატარა მუშებთან ერთად გამოსავლისა და ალტერნატივის ძიების პროცესში. მცდელობამ შედეგი გამოიღო და მაკრონმა მუშებთან ხელის ჩამორთმევით დაასრულა შეხვედრა. გამოქვეყნდა შესაბამისი სტატიაც.
ღიად დაუპირისპირდა დეზინფორმაციის პრაქტიკას და გახადა ის კამპანიის ნაწილი
ყალბი ინფორმაციის გავრცელების პრაქტიკა დიდი ხანია არსებობს ევროპულ წინასაარჩევნო გარემოში. თუმცა, პოლიტიკოსთა რეაქცია, როგორც წესი იყო დაგვიანებული და უშედეგო. არჩევნებამდე 36 საათით ადრე მაკრონის პარტიაზე ჰაკერული შეტევა განხორციელდა და წინასაარჩევნო ელ-ფოსტის შინაარსები ინტერნეტში გავრცელდა. ამ კონტექსტში, პრობლემები იყო რუსეთის პროპაგანდულ მედიასთანაც. მაკრონმა, საპასუხოდ, კრემლის პროპაგანდის ინსტრუმენტები, „RT“ და „Sputnik„ საერთოდ დაბლოკა მიზეზით, რომ „ისინი ცდილობდნენ სისტემატურად გაევრცელებინათ ყალბი ინფორმაცია.“
რუსულმა ტაბლოიდებმა საფრანგეთის ახალი პრეზიდენტი აღწერეს, როგორც ფსიქოპატი, რომელიც ზრუნავს მხოლოდ საკუთარ თავზე და სძულს საფრანგეთი, რომ „ეს ქვეყანა იმსახურებს მაკრონს, რომლის გამოც ფრანგ ხალხს მოუწევს ჯოჯოხეთის გავლა. ამ არჩევნით, საფრანგეთი არ არის იმ დემოკრატიის ღირსი, რომლის გამოც მილიონობით საბჭოთა კავშირის ჯარისკაცმა თავი გასწირა“.
გარდა ამისა, მარი ლე პენმა ბრალი დასდო მაკრონს ოფშორული საბანკო ანგარიშების ფლობაში ბაჰამებზე, რის საპასუხოდაც, მაკრონმა ოფიციალური გამოძიების ჩატარება მოითხოვა. შედეგად, ლე პენმა აღიარა, რომ არ ჰქონდა საკმარისი დამამტკიცებელი საბუთი.
რა თქმა უნდა, მაკრონის გამარჯვება არ წყვეტს ყველა პრობლემას, რაც საფრანგეთს აქვს, უმშევრობის გაზრდილი მაჩვენებლისა და სოციალური დაძაბულობის ჩათვლით. თუმცა, ფრანგმა ამომრჩევლებმა შესძლეს ევროპაში აგორებული პოპულისტური ტალღის შეჩერება. შემდეგ თვეში, მაკრონსა და მის პარტიას მნშვნელოვანი გამოცდა ელის საპარლამენტო არჩევნების სახით.
მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”