close
განათლებამსოფლიოსაქართველო

როგორ ცხოვრობენ ქართველი სტუდენტები არაბულ ქვეყნებში?

ბოლო დროს, საკმაოდ ბევრ ქართველ ორიენტალისტს მიეცა შანსი, რომ არაბულ ქვეყნებში გაეღრმავებინა საკუთარი ცოდნა. მათ შორის, არიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არაბისტიკის მიმართულების კურსდამთავრებულები  – ზურა პეტრიაშვილი, ხატია ხოფერია და ნიკა ტურაბელიძე, რომლებმაც გასულ წელს ეგვიპტეში მოიპოვეს სასწავლო სტიპენდია და ამ გამოცდილების შესახებ თავადვე გვიამბობენ.

-მკითხველს გავაცნოთ თუ რატომ დაინტერესდით არაბული ენის სწავლით, მით უმეტეს რომ, წლების წინ, როდესაც თქვენ წინაშე პროფესიის შერჩევის არჩევანი იდგა, ამ სფეროს გაცილებით ნაკლები ყურადღება ეთმობოდა, ვიდრე დღეს.

ხატია: უპირველეს ყოვლისა, ვიტყოდი, რომ არაბული საკმაოდ ლამაზი, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან რთული ენაა. მეგობრებიც დამეთანხმებიან, რომ დღევანდელ მსოფლიოში მას დიდი  პოლიტიკური და კულტურული დატვირთვა აქვს, შესაბამისად, როდესაც პროფესიას ვირჩევდი, ვითვალისწინებდი იმას, რომ სამომავლოდ მისი ცოდნა პერსპექტიული იქნებოდა ჩემთვის. ხოლო მათ, ვისაც არაბულის შესწავლა სურთ, ვეტყოდი, რომ ეს ენა არ არის მარტივი და დაუღალავი მუშაობა, სტატიებისა თუ წიგნების კითხვა და არაბულენოვანი გადაცემების მოსმენა სჭირდება.

-ზოგადად, რამდენად რთულია დღეს ეგვიპტეში სასწავლო გრანტის მოპოვება და ფინანსური კუთხით, რამდენად ხელსაყრელი იყო პირობები, რომელიც იქ დაგხვდათ?

ზურა: ეგვიპტის სასწავლო სტიპენდიის მოპოვება დღეს რთული არ არის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სტუდენტის აკადემიური მოსწრებისა და გასაუბრების საფუძველზე, ყოველწლიურად არჩევს რამდენიმე სტუდენტს, რომელიც ეგვიპტეში მიემგზავრება, თუმცა, სტუდენტს სტიპენდიის გარეშეც შეუძლია საკუთარი სახსრებით შეძლოს იქ სწავლის გაგრძელება, რადგან  როგორც აღმოჩნდა, ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, ეგვიპტეში ცხოვრება არც ისე ძვირია და იგივე ეხება სწავლასაც, რადგან თუნდაც კაიროში, იმ ცენტრში, სადაც ჩვენ  სამნი ვსწავლობდით, ერთი სემესტრის ღირებულება მხოლოდ 100 $-ია.

ნიკა: ამ მხრივ, მე პირადად გრანტი არ მომიპოვებია და საკუთარი სახსრებით ჩავერთე პროგრამაში, მაგრამ თვითონ პროგრამაც მხოლოდ უფასო სწავლას, სტუდენტურ ვიზასა და სტიპენდიას მოიცავს, რაც დოლარებში დაახლებით 15$-ია მხოლოდ, თავისთავად, ეს თანხა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ კაიროში იცხოვრო. პროგრამა ასევე ითვალისწინებდა უფასო საერთო საცხოვრებელსაც, თუმცა, არახელსაყრელი პირობების გამო ვარჩიეთ ცალკე  საცხოვრებელი დაგვექირავებინა ანუ, ფაქტობრივად, ყველაფრის გადახდა თავად გიწევს, მაგრამ, როგორც ზურამ აღნიშნა, ეგვიპტე არ არის საცხოვრებლად ძვირი ქვეყანა, რის გამოც, ეს ერთგვარი ნეგატიური მხარე იმდენად პრობლემატური აღარაა.

-რამდენად რთული აღმოჩნდა თქვენთვის უნივერსიტეტში მიღებული ენობრივი კომპეტენციის ადგილობრივებთან გამოყენება და, ამ მხრივ, როგორ შეაფასებდით ეგვიპტეში მიღებულ გამოცდილებას?

ხატია: უნივერსიტეტში ნასწავლი ბევრი რამ გამომადგა, თუნდაც სასწავლო ცენტრში სწავლისას, თუმცა ადგილობრივებთან სასაუბროდ მხოლოდ უნივერსიტეტში ნასწავლი მასალა არ კმარა. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვსწავლობთ სალიტერატურო ენას, რომელზეც ეგვიპტეში ძალიან ცოტა თუ ლაპარაკობს, რადგან უმეტესობა დიალექტზე საუბრობს, რომელიც თავის მხრივ განსხვავებულია არა მხოლოდ ყველა არაბულ ქვეყანაში, არამედ ერთი ქვეყნის ფარგლებშიც და გვიჩვენებს სხვაობას ქალაქების, უბნების განათლების დონისა თუ სოციალური ფენის მიხედვითაც კი. აქიდან გამომდინარე, უნივერსიტეტში მიღებული ცოდნისა  გარდა, ჩვენს სფეროში პრაქტიკაც აუცილებელია.

ზურა: თავდაპირველად, იყო გარკვეული სირთულეები, ხუმრობით გვეუბნებოდნენ კიდევაც ,,მუჰამმადის ენით” საუბრობთო, თუმცა, ნელ-ნელა მივეჩვიეთ. შეიძლება ითქვას, რომ უნივერსიტეტი გაძლევს  საბაზისო ცოდნას, რაც უნდა განავრცო და სრულყო პრაქტიკაში, რისი საუკეთესო საშუალებაც სწორედ იმ ქვეყანაში ცხოვრება მიმაჩნია, რომლის კულტურის მოზიარეც გინდა რომ გახდე.

-რას გამოყოფდით ქვეყნის კულტურიდან ისეთს, რამაც განსაკუთრებით აღგაფრთოვანათ ან პირიქით, გული დაგწყვიტათ?

ნიკა: ეგვიპტეში შეიძლება ყველაფერი გადაგხდეს თავს, სასიამოვნოც და უსიამოვნოც, სახალისო თუ საშიშიც კი, მოსახლეობის დამოკიდებულება უცხოელების მიმართ საკმაოდ ნორმალურია, თუმცა რა თქმა უნდა, დაჟინებულ მზერას ტრანსპორტში ვერსად გაექცევი, ახალჩასულს განსაკუთრებით გაწუხებს დაბინძურებული გარემო, თუმცა, დრო და დრო ამასაც ეჩვევი,  ეს, რა თქმა უნდა,  არ ეხება ყველა უბანს. მთელ კაიროში არ არის საგზაო ნიშნები, არც ზოლიანი გადასასვლელები და შუქნიშნებიც მხოლოდ რამდენიმე ადგილასაა, ისიც მხოლოდ კარგ უბნები, ამიტომ გადაადგილების მხრივ გარკვეულ საფრთხეებსაც ვაწყდებით.

აქ მართლმადიდებელი კოპტების და მუსლიმები ერთად თანაცხოვრება ჩემთვის მთელი სიამოვნებაა, ხალხს ერთმანეთის მიმართ, როგორც წესი, არ აქვს აგრესია და ჩასულ სტუმარსაც ძალიან თბილად ექცევიან, გამორიცხულია, ეგვიპტეში 1 თვეზე მეტ ხანს იცხოვრო და იქ დაბრუნება არ მოგინდეს.

ხატია: კაირო კონტრასტების ქალაქია. შეიძლება დანაგვიანებული უბნიდან გზა გადაკვეთო და საწინააღმდეგო მხარეს ძალიან სუფთა და ლამაზი უბანი აღმოაჩინო, ხმაურიანი უბნის გასწვრივ მშვიდი მყუდრო უბანი იპოვო, თუმცა საკმარისია გიზას პირამიდებისკენ წახვიდე, მაშინვე გავიწყდება შუქნიშნების არარსებობაც და ნაგავიც, განსაკუთრებით გვაოცებდა და გვახალისებდა ის ფაქტი, რომ მიკროავტობუსებს არ ეწერათ მიმართულება, მძღოლები და გაჩერებაზე მდგარი მგზავრები  კონკრეტული ჟესტების ენით საუბრობდნენ, რაც ხელებისა და თითების სხვადასხვაგვარ მოძრაობს გულისხმობს, ნებისმიერ შემთხვევაში, ეგვიპტე ეს ის ქვეყანაა, რომელიც თავისი სილამაზით, ისტორიით,  კულტურით, უცნაურობებით, მოულოდნელობებით, ხალხითა თუ ტრადიციული კერძებით მცირე დროშიც კი ძალიანა  გაყვარებს თავს, უფრო მეტიც, შენს გულს და გონებას მთლიანად იპყრობს და ეს გრძნობა  იმდენად ძლიერია, რომ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ, ძალიან დიდხანს ცხოვრობ იქაური მოგონებებითა და ნოსტალგიით.

 

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid