გიზას დიდი პირამიდა ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერადერთია, რომელიც დღეს კვლავ ამაყად დგას, ამასთანავე, ის შვიდ საოცრებას შორის ყველაზე ძველია.
დანარჩენი ექვსი საოცრება დღეს ნანგრევებადაა ქცეული, თუმცა ქვემოთ მოცემულ სურათებში ნახავთ, როგორი სანახავი იქნებოდნენ ისინი, საუკუნეებისთვის ხეოფსის პირამიდის მსგავსად რომ გაეძლოთ.
კომპანია Budget Direct-მა შეკრიბა მეცნიერების გუნდი, რომლებმაც მსოფლიოს შვიდი საოცრების შესახებ ზუსტი მონაცემები მოიპოვეს, მათ შორის, მათი ზუსტი ადგილმდებარეობა, მშენებლობისას გამოყენებული მასალა, ზომები და ა.შ.
მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე არქიტექტორებმა და დიზაინერებმა მათი ადგილმდებარეობების თანამედროვე ფოტოებში ეს ნაგებობები ოსტატურად ჩაამონტაჟეს.
მსოფლიოს შვიდ საოცრებაში შედის ხმელთაშუა ზღვის გარშემო არსებულ მიწებზე ადამიანის მიერ შექმნილი შვიდი შთამბეჭდავი ნაგებობა.
შვიდი საოცრების სიის ყველაზე ძველი ვერსია ძვ. წ. მეორე საუკუნეში ანტიპატე სიდონელმა შექმნა:
- ხეოფსის პირამიდა
- ბაბილონის დაკიდული ბაღები
- არტემიდას ტაძარი ეფესოში
- ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში
- ჰალიკარნასის მავზოლეუმი
- როდოსის კოლოსი
- ალექსანდრიის შუქურა
როდოსის კოლოსი
როდოსის კოლოსი სპილენძის 32-მეტრიანი ქანდაკება იყო, რომელიც 15 მეტრის სიმაღლის ორ ფუნდამენტზე იდგა. ლეგენდის თანახმად, ქანდაკება ნავსადგურში ისე იყო მოთავსებული, რომ მის ფეხებს შორის გემებს გაძრომა შეეძლოთ, თუმცა ახლა ისტორიკოსების უმეტესობა თანხმდება, რომ ეს შუა საუკუნეებში გავრცელებული მითია. ქანდაკება ძვ. წ. 227 წელს კუნძულ როდოსზე მომდარმა მიწისძვრამ დაანგრია.
ბაბილონის დაკიდული ბაღები
ბაბილონის დაკიდული ბაღები შვიდ საოცრებას შორის ერთ-ერთი ყველაზე მისტიკურია, რადგან არავინ იცის, თუ ზუსტად სად მდებარეობდა ის. ბაბილონურ ტექსტებში ის მოხსენიებული არ არის და არც არქეოლოგიური მტკიცებულებები გვაქვს. ამის გამო ადამიანების ნაწილს მიაჩნია, რომ ბაბილონის დაკიდული ბაღები უძველესი მოგზაურების ფანტაზიის ნაყოფია. თუმცა, ზოგს მიაჩნია, რომ ის დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყო აგებული.
ხეოფსის პირამიდა
უკვე 4 500 წელზე მეტია, რაც ხეოფსის პირამიდა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საუცხოო სანახაობაა. მისი მშენებლობა ძველი წელთაღირცხვით 2560 წელს დასრულდა, 3 800 წლის განმავლობაში კი ადამიანის მიერ შექმნილი ყველაზე მაღალი სტრუქტურა იყო.
ალექსანდრიის შუქურა
ალექსანდრიის შუქურა ძველი წელთაღრიცხვით მესამე საუკუნეში აშენდა, მისი ნანგრევები კი ეგვიპტეში 1904 წელს აღმოაჩინეს. მისი სიმაღლის შესახებ სხვადასხვა ვარაუდი არსებობს, ერთ-ერთის თანახმად, მისი სიმაღლე 135 მეტრს აღწევდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ის საუკუნეების განმავლობაში ადამიანის მიერ შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სტრუქტურა იყო.
ჰალიკარნასის მავზოლეუმი
ჰალიკარნასში არსებული მავზოლეუმი მეფე მავსოლეს საფლავი იყო, რომელიც სპარსეთის პირველი იმპერიის პროვინციის მმართველი იყო. სწორედ მისი სახელწოდებიდან მოდის სიტყვა მავზოლეუმი. სტილით ნაგებობა ბერძნული, აღმოსავლური და ეგვიპტური არქიტექტურის ნაზავი იყო, ის 12-15 საუკუნეებში მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრებმა გაანადგურა.
ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში
არის თუ არა რაიმე უფრო დიდებული, ვიდრე ზევსის, ოქროთი და სპილოს ძვლით შემკული 13-მეტრიანი ქანდაკება? ეს კოლოსალური ძეგლი ძველმა ბერძენმა მოქანდაკემ და არქიტექტორმა ფიდიასმა ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-5 საუკუნეში ააგო. სამწუხაროდ, ქანდაკება და ზევსის ტაძარი ჩვენი წელთაღირცხვით 426 წელს ხანძარმა თიქმის სრულად გაანადგურა.
არტემიდას ტაძარი ეფესოში
ეფესოში არტემიდეს ტაძარი შვიდი საუკუნის განმავლობაში სამჯერ განადგურდა და ორჯერ თავიდან აშენდა. ის პირველად ჰეროსტრატემ გადაწვა, რომელსაც სურდა, რომ მისი სახელი საყოველთაოდ ცნობილი გამხდარიყო. აღდგენის შემდეგ ტაძარი ქალაქზე შეტევისას გუთებმა დაანგრიეს, მაგრამ ტაძრის აღდგენა მაინც მოხერხდა. საბოლოოდ ის ქრისტიანებმა გაანადგურეს, რომლებმაც ტაძრიდან მხოლოდ საძირკველი და ერთი ცალი სვეტი დატოვეს, რომელიც დღესაც დგას.
წყარო: iflscience