close
ფსიქოლოგია

 როგორია ოჯახის როლი პიროვნების თვითრეალიზაციის გზაზე?

 ოჯახის როლი პიროვნების თვითრეალიზაციის გზაზე  – ამ ერთი წინადადებით ის საკითხი გაჟღერდა, რომელიც ყველასათვის ერთნაირადაა აქტუალური:

ერთი  მხრივ, ბავშვებისთვის, რამეთუ ისინი ჩამოყალიბების პროცესში არიან და ჩვენზე, მათ

მშობლებზეა დამოკიდებული, თუ როგორი იქნება მათი ცხოვრებისეული პოზიცია –– სწორედ ეს განსაზღვრავს იმას, თუ როგორ აეწყობა მათი ცხოვრება; მეორე მხრივ, ჩვენთვისაც, უკვე

ზრდასრული ადამიანებისათვის, რომელთა საკმაოდ დიდმა  ნაწილმა (რა დასამალია!) ოცნებები ვერ

აისრულა, მიზნებს ვერ მიაღწია. არა, მე იმ მიზნებზე არ მაქვს საუბარი, რომელნიც ჩვენს

სოციალურ გარემოში მეტ–ნაკლებად კმაყოფილს გვამყოფებენ. მე იმ მიზნებზე ვსაუბრობ,

რომელთა გაფიქრებისას აღფრთოვანებისგან სუნთქვა გვიჩერდებოდა. გახსოვთ? „რატომ მოხდა

ასე? რატომ გამიცრუვდა იმედები?“ კითხულობს ჩვენს შიგნით, ძალიან ღრმად მჯდომი

ფრუსტრირებული ბავშვი.

ამ კითხვაზე საუკეთესო პასუხი მერი და რობერტ  გულდინგებთან მეგულება. სწორედ მათ

დაინახეს და ჩამოაყალიბეს ის ფაქტორები, რომლებიც ბავშვის მთელს ცხოვრებაზე

ზემოქმედებენ. ეს არის მშობლების ცნობილი 12 მესიჯი შვილებს. აღსანიშნავია, რომ ეს მესიჯები

გარეგნულად მშობლებისგან მოდის, მაგრამ მათი რეალური წყარო სწორედ მათში მჯდომი ზემოთ

ნახსენები ფრუსტრირებული ბავშვია:

  1. ნუ იქნები! (ანუ, ნუ იცოცხლებ, მოკვდი!) – ამ სასიკვდილო განაჩენის გაჟღერება იმ

შემთხვევაში ხდება, როდესაც,  მაგ. ბავშვი არ იყო დაგეგმილი და მაინც გაჩნდა, რამაც

დედის ცხოვრება თავდაყირა დააყენა, ან შესაძლოა, ბავშვს ელოდნენ, მაგრამ ის

ავადმყოფი მოევლინა ქვეყანას და ამგვარად მისმა მოვლა–პატრონობამ დედის ცხოვრება

ერთიანად მოსპო – მას ოჯახი დაენგრა, კარიერაზე უარი თქვა და ასე შემდეგ. სცენარები აქ

სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს. არსი ერთია: ბავშვი თავისი არსებობით ხელს უშლის

მშობელს. ფაქტობრივად, იგი ყველაზე ახლო ადამიანებისგან, რომელთაც შვილის

უპირობო სიყვარული და მიმღებლობა უნდა ჰქონდეთ, სიკვდილის მითითებას ღებულობს.

რა არის ამ მესიჯის შედეგი: ბავშვი მთელი ცხოვრების განმავლობაში ცდილობს თავისი

არსებობის დანაშაულის გამოსყიდვას.

  1. ნუ იქნები ის, ვინც ხარ (თვითმყოფადი)! – აქ სხვადასხვა ვარიანტია შესაძლებელი.

ერთი ვარიანტი სქესთანაა დაკავშირებული: როცა ბიჭს ელოდნენ და გოგო გაჩნდა.

შემდეგია ის, რომ ბავშვმა თავისი ინდივიდუალობა უნდა ჩაკლას და იცხოვროს არა

თავისთვის, არამედ მშობლისთვის. ბუნებრივია, ეს მშობლების წარმოდგენების

რეალიზაციაში გამოიხატება – როგორც პირად, ასევე პროფესიულ ცხოვრებაში (მაგ.

პროფესიის დინასტიური მოაზრება, რაც არც თუ იშვიათია ჩვენში). კიდევ ერთი ვარიანტია

ის, რაც ასევე საკმაოდ ხშირად გვხვდება: „ეს რა გაუკეთებია! უი, პირწავარდნილი მამაა!“

–, ანუ ბავშვის ვიღაცასთან ნეგატიურ ასპექტში გაიგივება. შედეგად მსგავსი

დამოკიდებულება იწვევს არასრულფასოვნების კომპლექსს და საკუთარი თავის

დამკვიდრებაში საკუთარ თავზე და საკუთარ მოთხოვნებზე კი არა, სხვებზე ორიენტირებას.

  1. ნუ იქნები ბავშვი! – ეს ფრაზა შესაძლოა მოდიოდეს ან ძალზე ცივი, უემოციო

მშობლისგან, რომლის გულის მოსაგებადაც ერთადერთი შესაძლებლობა

პასუხისმგებლობების ზრდასრულივით საკუთარ თაზე აღებაა, ან – სრულიად

საწინააღმდეგოდ, – ისეთი მშობლებისგან, რომლებიც ბავშვებივით საკუთარი გრძნობებისა

და ემოციების სამყაროში ცხოვრობენ და ხშირად ამის გამო პასუხისმგებლობებს გაურბიან.

  1. ნუ გაიზრდები! (ნუ შეიცვლები) – ამგვარი პოზიცია ერთმნიშვნელოვნად ჰიპერმზრუნველი

მშობლებისთვისაა დამახასიათებელი, რამეთუ ბავშვის ჩამოყალიბება დამოუკიდებელ

პიროვნებად მისთვის საკუთარი არსებობის აზრის დაკარგვის ტოლფასია.

  1. ნუ იქნები წარმატებული! – ეს ის მესიჯია, რომელსაც ბავშვს მუდმივად მაკრიტიკებელი

მშობელი უგზავნის. იმის გამო, რომ მისი საკუთარი გზა წარმატებისკენ, შესაძლოა, არც თუ

ისეთი მარტვი იყო და არც ია–ვარდით ყოფილა მოფენილი, ის თავისი შვილის ბუნებრივი

სიმსუბუქით მიღწეულ სპონტანურ წარმატებას საკუთარი თავის შეურაცყოფად აღიქვამს.

  1. ნუ იქნები ლიდერი! (შენს ქერქში ეგდე!) – ეს კი ბავშვისთვის იმის ჩანერგვას ნიშნავს,

რომ სხვა ადამიანების მოთხოვნილებები მის მისწრაფებებზე გაცილებით უფრო

მნიშვნელოვანია, ანუ ბავშვის პიროვნება ღირებული არაა. ასეთ ბავშვებს შემდგომში

დაბალი თვითშეფასება აქვთ.

  1. არ აკეთო! – მოცემული აკრძალვა შესაძლოა ზოგადად ბავშვის დამოუკიდებლობას

ეხებოდეს, ან რაიმე კონკრეტული საქციელის მიმართ გამოითქმებოდეს. ესეც

ჰიპერმზუნველი მშობლების თემაა, თუმცა, შესაძლოა, საქმე ისეთ მშობლებთან გვქონდეს,

რომელთაც, საუბედუროდ, ბავშვის დაკარგვის გამოცდილება აქვთ მიღებული. მეორე

ვარიანტია ბუნებით მშიშარა, სოციალურად პასიური მშობელი, რომელსაც ყოველ საკუთარ

გადადგმულ ნაბიჯზე გული უსკდება. ამის შედეგად ბავშვს შემდგომში გადაწყვეტილებების

მიღებაში პრობლემები უჩნდება.

  1. (ნურავის და ნურაფერს) ნუ მიეკუთვნები! – აქ ნებისმიერ მიკუთვნებაზე შეიძლება იყოს საუბარი (ოჯახისადმი, ქვეყნისადმი, ერისადმი, კონკრეტული სოციალური გარემოსადმი). ამგვარ ადამიანებს

სრულიად ნიველირებული აქვთ საკუთარი ფესვები, წარმომავლობა. მათ არ იციან, ვის ან

რას მიეკუთვნებიან. ისინი ვერც ერთ პოზიციას ბოლომდე ვერ იზიარებენ და ხშირად

იცვლიან შეხედულებებს.

  1. ნუ დაუახლოვდები! – ეს ემოციურად ცივი მშობლების მესიჯია, რომლებსაც ბავშვები

საკმაო დისტანციაზე ჰყავთ, მათ პრაქტიკულად არ ეფერებიან და საკუთარი ცხოვრებით

არიან დაკავებულები. ამ მესიჯს ბავშვები მშვენივრად ითვისებენ და წყვეტენ, რომ

გაცილებით ადვილია საერთოდ არ დაუახლოვდე ადამიანს, ვიდრე შემდეგ იმედები

გაგიცრუვდეს. ეს კი უსიყვარულოდ ცხოვრების საწინდარია.

  1. ნუ ფიქრობ! – ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფიქრის უნარი არ შეგწევს, სულელი ხარ,

თავად ვერაფერს განსჯი, ხოლო თუ განსჯი და მაშინ შენი დასკვნები ყოველგვარ

ღირებულებას იქნება მოკლებული.

  1. 11. ნუ იქნები ჯანმრთელი! – ეს ძალზე მარტივად გასაშიფრი მესიჯია. თუკი მშობლები

ბავშვისადმი ყურადღებასა და სიყვარულს მხოლოდ ავადმყოფობისას იჩენენ, ხოლო სხვა

შემთხვევაში გულგრილნი არიან, ბავშვი ასკვნის, რომ მშობლებთან მოსიყვარულე

ურთიერთობებისთვის მისი ავადმყოფობაა საჭირო.

  1. ნუ იგრძნობ! – განცდებზე ამგვარი ერთმნიშვნელოვანი აკრძალვა იმ მშობლებიდან

მოდის, რომლებიც ემოციებს სისუსტედ მიიჩნევენ. ან კიდევ ერთი ვარიანტია შესაძლებელი,

როგორც ძველ ებრაულ ანეკდოტში: დედა– მოიშა, სახლში ამოდი! მოიშა– რატომ დედა?

შემცივდა? დედა– არა, მოგშივდა! ანუ, ეს ერთგვარად ნიშნავს : შენი გრძნობები ნუ

გექნება, ჩემი გრძნობებით იცხოვრე! იშვიათი არაა, როდესაც ამ მესიჯით გაზრდილ

ადამიანებს ძლიერი გრძნობების განსაცდელად ნარკოტიკული ნივთიერებების მიღება

სჭირდებათ.

სწორედ აქ წყდება მესიჯების ჩამონათვალი, თუმცა არსებობს კიდევ ერთი, სრულიად

განსხვავებული მესიჯი: იცხოვრე და იხარე!“ . ალბათ, ზედმეტია იმის განმარტება, რომ

ამგვარი გამონათქვამის ავტორები მხოლოდ ლაღი და ბედნიერი ადამიანები შეიძლება იყვნენ

(უფრო სწორედ, ლაღი და ბედნიერი ბავშვები მათში), რომლებიც შვილებსაც იგივეს

უანდერძებენ.

აი, სწორედ ეს პუნქტები შეიცავენ იმ უხილავ დაბრკოლებებს, რომლებიც ადამიანს

თვითრეალიზაციის გზაზე წინ ეღობება, რაც წყვეტს მის კონტაქტს საკუთარ თავთან, საკუთარ

მისწრაფებებთან.

ბავშვი ხომ უმეტეს წილად იჯერებს იმას, რასაც უფროსები მას მიაწერენ. მას სხვა არჩევანი არა

აქვს, რამეთუ არ შესწევს უფროსების აზრის გაკრიტიკების უნარი, იგი იძულებულია ყლაპოს ის

ინტროექტები, რომლებითაც მას უფროსები „უმასპინძლდებიან“. ეს კი პირდაპირ მოქმედებს

მისი მე–კონცეპციის ჩამოყალიბებაზე. ჰუმანისტური ფსიქოლოგიის თანახმად მე–

კონცეპციის ჩამოყალიბებაზე სოციალურ გარემოსა და გარშემო მყოფ ადამიანების აზრს ხომ ერთ–

ერთი გადამწყვეტი როლი ენიჭება. ამგვარი შეფასებები კი ხელს უწყობენ არაადეკვატური მე–

კონცეპციის ჩამოყალიბებას, რომელიც აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას და, ცხადია,

ყველაფერზეა გათვლილი წარმატების გარდა.

ეს განაპირობებს საბოლოო ჯამში იმ ეგზისტენციალური პოზიციების ფორმირებას, რომლებიც

ჯერ კიდევ ერიკ ბერნს აქვს შესანიშნავად ჩამოყალიბებული :

  1. მე კარგი ვარ – შენ კარგი ხარ.
  2. მე კარგი ვარ – შენ ცუდი ხარ.
  3. მე ცუდი ვარ – შენ კარგი ხარ.
  4. მე ცუდი ვარ – შენ ცუდი ხარ.

როგორც ხვდებით, შემდგარი, ჰარმონიული, წარმატებული ადამიანის პოზიცია აქ მხოლოდ

ერთია – პირველი (რომელიც, ბუნებრივია, უკავშირდება გზავნილს „იცხოვრე და იხარე!“).

აქვე აუცილებელია გავიხსენოთ ის ხუთი ე.წ. „დრაივერი“, რომელიც 70–იანი წლების

დასაწყისში ჩამოაყალიბა ფსიქოლოგმა ტაიბი კეილერმა. ესეც მშობლებისგან  წამოსული

ერთგვარი მითითებებია, რომლებიც ადამიანს გარკვეულ სცენარში „ტენის“ და წარმატების

წინაპირობად განიხილება:

  1. იყავი სრულყოფილი!
  2. იყავი ძლიერი!
  3. ეცადე!
  4. გაახარე სხვები (მე, მშობელი)!
  5. იჩქარე!

ეს ყოველივე წარმატების ილუზიაში ამყოფებს ადამიანს, თუმცა, ძნელი წარმოსადგენია,

ბედნიერება მიანიჭოს.

იმისთვის, რომ არ ამოვვარდეთ თემის ქარგიდან, გავიხსენოთ, რომ ოჯახის როლზე

ვსაუბრობთ ადამიანის თვითრეალიზაციის საქმეში. ოჯახის როლის გარკვეული მხარეები

განვიხილეთ (სამწუხაროდ,როგორც ყოველთვის ,უარყოფითი ფაქტორების დიდი არჩევანია,

დადებითი, ჩვეულებისამებრ, თითო წინადადებითაა წარმოდგენილი: „იცხოვრე და იხარე!“ და

„მე კარგი ვარ– შენ კარგი ხარ!“ )

თვითრეალიზაციაზე რაღას ვიტყვით? აქ არ გამოვეკიდები არც  თანამედროვე და არც

შედარებით „გარდასულ დღეთა“ ფსიქოლოგთა ნააზრევს და თავმდაბლად დავეთანხმები დიდ

არისტოტელეს, რომლის აზრითაც ბედნიერების მიღწევა პიროვნების პოტენციური

შესაძლებლობების რეალიზებითაა შესაძლებელი (საკვანძო სიტყვებია „ბედნიერების

მიღწევა“). მაშასადამე, თვითრეალიზაცია გარეგნული, „ხილული“ წარმატების გარდა,

შინაგანი, „თვალით უხილავი“ ბედნიერების მომტანი უნდა იყოს!

რადგანაც ასეა, მივუბრუნდეთ ჩვენს დრაივერებს და ვნახოთ, თუ როგორ შეიძლება

შევაჩეროთ ის გიჟური სრბოლა, რომელშიც საზოგადოებამ და ,უპირველეს ყოვლისა,

მშობლებმა ჩაგვრთეს:

  1. იყავი სრულოფილი! – ახლაც საკმარისად სრულყოფილი ვარ! ბევრი რამის გაკეთება

შემიძლია!

  1. იყავი ძლიერი! – (რაც ნიშნავს: დამალე შენი გრძნობები! არავის აფიქრებინო, რომ სუსტი

ხარ!) – გახსნილობა სისუსტის ნიშანი არ არის! გარდა ამისა, ყველაფერში სუპერმენობა

სულაც არ არის აუცილებელი!

  1. გაახარე სხვები! – როგორ მოხდა, რომ ჩემი კეთილდღეობა სხვების ემოციურ

მდგომარეობაზე გახდა დამოკიდებული? გარდა ამისა, სულ სხვებს რომ ვახარებ, ჩემი ჯერი

რით ვერ დადგა? ეს ასე აღარ იქნება!

  1. ეცადე! – (შეიძლება ბევრს ეცადო, მაგრამ არაფერი გამოგივიდეს და „ბედნიერად“ იმავე

მდგომარეობაში დარჩე, თან შესანიშნავი თავის გასამართლებელი საბუთი გქონდეს – შენ

ხომ ეცადე!) რეალურად ვიმოქმედებ და მდგომარეობაც უთუოდ შეიცვლება!

  1. იჩქარე! – (ეცადე–ს მსგავსად სრულიად გაუგებარი, შედეგზე არაორიენტირებული

ქმედებისკენ გიბიძგებს) ეს ზუსტად ის სიტუაციაა, სადაც „მოჩქარეს მოუგვიანდესო“

სრულიად ადეკვატური პასუხი იქნებოდა. ზრდასრულ ადამიანს იმდენი პასუხისმგებლობა

და სიდინჯე უნდა გააჩნდეს, რომ დროის გათვლა და მისი პროდუქტიული გამოყენება

შეძლოს ყოველგვარი სტრესის, სირბილისა და ჰეკტიკის გარეშე.

ალბათ, მართებული იქნება შემდეგი კითხვის დასმა საკუთარი თავისადმი: როგორ ვაქცევთ ბავშვს, რომელიც თვალის ახელისას სრულიად დაუმახინჯებელი, ბუნებრივი, ლაღი პოზიციით ეგებება სამყაროს,- მე კარგი ვარ, შენ კარგი ხარ, სამყარო კარგია! (და მაშასადამე, წარმატებული, ჰარმონიული  ადამიანის განწყობა მასში ბუნებრივად უფლისგან არის ჩადებული) – საკუთარ თავში დაურწმუნებელ, დაბალი თვითშეფასების მქონე, შეშინებულ, საკუთარ ცხოვრებაზე (და შემდეგ უკვე საკუთარ ოჯახზე, ქვეყანაზე) პასუხისმგებლობის არ მტვირთველ, პრობლემებისგან განმრიდებელ ადამიანად? აქამდე მოყვანილ ინფორმაციას თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ჩვენი შვილების მთელი ბავშვობა სწორედ ამ დამახინჯებული პოზიციების შთაგონებაზე სერიოზულად ვმუშაობთ. გულახდილად ვთქვათ, რომ ძალიან ცოტაა ისეთი ოჯახი, სადაც ბავშვს ლაღი განვითარების საშუალება აქვს, სადაც მშობლებს მისი სრული მიმღებლობა აქვთ და იმის ფუფუნებას ანიჭებენ, ისეთი იყოს, როგორიც არის, როგორადაც დაიბადა, არ ცდილობენ მის მოქცევას რაღაც მოდელში, არ ზღუდავენ ვიღაცისგან დაწესებული ჩარჩოებით, არ უნერგავენ, რომ ისიც მათი მსგავსი უნდა იყოს, მის განსაკუთრებულობას, ინდივიდუალურობას, მის აზრს პატივს სცემენ, მის ინიციატივებს აგულიანებენ, ბავშვობიდანვე აგრძნობინებენ, რომ ის სამყაროს მნიშვნელოვანი ნაწილია და მას პასუხისმგებლობა აკისრია იმ თვალსაზრისით, რომ მისი ყოველი გადაწყვეტილება და ყოველი ქმედება ამ სამყაროს ან უკეთესობისკენ ან უარესობისკენ შეცვლის. სწორედ იმისთვის, რომ ის უარესი არ მოხდეს, მშობელი იმას უნდა ეცადოს, რომ ბავშვში ბუნებით ჩადებული ღვთაებრივი ნაპერწკალი ააგიზგიზოს. დამერწმუნეთ, ეს უფრო მარტივი და უფრო სასიამოვნოცაა, ვიდრე მისი ჩახშობა და ამოძირკვა. რა უნდა ოყოს იმაზე უფრო საოცარი, ვიდრე იმის დანახვა, თუ როგორ იწყებს ბავშვი საკუთარი აზრების გამოთქმას, საკუთარი პატარ-პატარა გადაწყვეტილებების მიღებას, საკუთარი თავის პიროვნებად აღქმას. ჩვენ კი მაქსიმალურად ვცდილობთ ის განწყობა შევუქმნათ, რომ საშინელ სამყაროში მოხვდა, სადაც ყველაფერი ბრძოლის, წვალებისა და სისხლის ფასად უნდა მოიპოვოს.

ყოველივე ამაზე იმიტომ ვსაუბრობ, რომ საკუთარი მსგავსი გამოცდილება მაქვს, როგორც შვილის, ასევე მშობლის  როლში და შემიძლია ვთქვა, რომ ჩემმა შინაგანმა ბავშვმა დღეს ეს გაუგებარი პოზიცია თითქმის ბოლომდე გადალახა, ხოლო მშობელი ჩემში თავის შვილებთან მიმართებაში უკვე ახლებური მოდელის მიხედვით ცდილობს მოქმედებას. იმედია, არ დავაგვიანე. ამიტომაც კარგი იქნება, თუკი ზრდასრულები, მშობლები ჯერ ჩვენს საკუთარ შინაგან ბავშვს მოვეფერებით, ვეტყვით, რომ სამყარო მშვენიერია, რომ თუკი ის გვეყვარება, ისიც იგივეთი გვიპასუხებს, ხოლო მერე შევეცადოთ, საკუთარ შვილებს ისე მოვეპყრათ, რომ ჩვენმა შინაგანმა ბავშვმა თავი ბედნიერად იგრძნოს. ნუ გავამართლებთ გამოთქმას: თუკი ოჯახი გყავს, მტრები აღარ გჭირდება!

იცხოვრეთ და იხარეთ!

მასალა მოამზადა: ლიკა წერეთელმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0