ქიმიური იარაღის გამოყენებამ ჩრდილოეთ სირიაში 4 აპრილს 72 ადამიანის, მათ შორის 20 ბავშვის, სიცოცხლე შეიწირა.
ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მონიტორინგის ჯგუფი – ,,Syrian Observatory for Human Rights-ი” – ავრცელებს.
რუსეთი ნიუ-იორკში გამართულ გაეროს უშიშროების საბჭოზე სხდომაზე მკაცრად გააკრიტიკეს. მოსკოვის ვარაუდები, რომ მოქალაქეები აჯანყებულების იარაღით მოიწამლნენ, საბჭომ კატეგორიულად უარყო.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი, აჯანყებულების მეთაური და იარაღების ექსპერტი ერთხმად აცხადებენ, რომ ყველა მტკიცებულება რუსეთის მოკავშირე სირიის მთავრობის მიერ განხორციელებულ თავდასხმაზე მიანიშნებს.
სამოცდაათი დონორი სახელმწიფო სირიის დახმარების საკითხს განიხილავს. გაეროს გადაუდებელი დახმარების კოორდინატორი, სტივენ ო’ბრეინი, აცხადებს, რომ დახმარების დეტალები რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.
რა მოხდა?
გავრცელებულ კადრებში ჩანს შოკში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ბავშვები, პირებზე ქაფით.
თვითმხილველები აცხადებენ, რომ ის კლინიკები, სადაც დაშავებულებს მკურნალობდნენ, საჰაერო დარტყმების ობიექტები გახდნენ. ზოგიერთი დაშავებული სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. „ჩვენ წინააღმდეგ გაზი გამოიყენეს. სუნთქვა მიჭირდა,“ – იხსენებს ერთ-ერთი დაშავებული ქალბატონი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ზოგიერთ დაზარალებულს ნერვული აგენტების ზემოქმედების სიმპტომები აღენიშნებოდა. ამავე ინფორმაციას ავრცელებს საერთაშორისო, დამოუკიდებელი სამედიცინო ჰუმანიტარული ორგანიზაცია – „ექიმები საზღვრებს გარეშე“ (Médecins Sans Frontières (MSF).
ნერვული აგენტები ფოსფორის შემცველი ორგანული ნივთიერებებია (ორგანოფოსფატები), რომლებიც აზიანებენ ნერვების მიერ ორგანოებამდე ინფორმაციის მიტანის მექანიზმს. ნერვული აგენტით მოწამვლა იწვევს გუგების გაფართოებას, შეუპოვარ სალივაციას (ნერწყვის დენას), გულყრებს, უნებლიე შარდვასა და დეფეკაციას; სასუნთქი კუნთების მაინერვებელი ნერვების ბლოკირების გამო ის ასფიქსიას იწვევს და ადამიანი კვდება.
გაერომ ნერვული აგენტების ქიმიურ იარაღად კლასიფიცირება 1991 წლის აპრილში მოახდინა და მათი გამოყენება ქიმიური იარაღის განხილვის კომისიის მიერ 1993 წელს აიკრძალა; კომისიის გადაწყვეტილება ძალაში 1997 წლის 29 აპრილს შევიდა.
წყარო: BBC
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”