სულ ცოტა ხნის წინ ქართულმა საზოგადოებამ სალვადორ დალის არც ისე გახმაურებული ნამუშევარის შესახებ შეიტყო. როგორც გაირკვა, დალიმ პორტრეტი თავის მეგობარს, ქართველ თავად არჩილ გურიელს მიუძღვნა,
რომელიც იმ დროს ამერიკაში ცხოვრობდა და დალის მეგობარი იყო.
ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი თავადი დათოვლილი მთებისა და გემების ფონზეა გამოსახული. ნახატზე ადვილი შესამჩნევია კლდეზე მიჯაჭვული ამირანი. ხოლო გემები აშკარად არგონავტების მითზე მინიშნებას წარმოადგენს. მხატვარს არც საქართველოს ქრისტიანული ტრადიციების ხაზგასმა დავიწყებია, რასაც ტილოზე ეკლესიის არსებობა ადასტურებს. ყოველივე ამით, ერთ ნახატზე წარმოდგენლია საქართველოს კულტურა და ისტორია.
სალვადორ დალის ყურადღების მიღმა არც არჩილ გურიელის მეუღლე ჰელენა რუბინშტეინი დარჩა.
არჩილ გურიელი დაქორწინებული იყო მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ქალბატონზე, უზარმაზარი პარფიუმერული კომპანიის მფლობელ ჰელენ რუბინშტეინზე, რომელიც მასზე 23 წლით უფროსი იყო. ბიზნესის გარდა, ჰელენი მეცენატიც იყო და ხელოვანებს, სტუდენტებსა და სამედიცინო კვლევებს აფინანსებდა. ქმართან ერთად ჰელენმა ერთობლოვი ბიზნესიც შექმნა და სამკურნალო კოსმეტიკის წარმოების ხაზი ჩამოაყალიბა.
გურიელისა და რუბინშტეინის ოჯახი დიდი სტუმართმოყვარეობით გამოირჩეოდა. ისინი ხშირად მასპინძლობდნენ ისეთ ცნობილ ადამიანებს როგორებიც იყვნენ – გრეგორი პეკი, ერნესტ ჰემინგუიეი, ჯეიმს ჯოისი, სალვადორ დალი და სხვ. ცხადია, სწორედ ამგვარ შეკრებებზე უამბობდა მეგობრებს არჩილ გურიელი სამშობლოს შესახებ, რამაც თავი დალის შემოქმედებაშიც იჩინა.