,,მიუხედავად იმისა, რომ კავკასიაში ლიტერატურას ხანგრძლივი ისტორია აქვს, მსოფლიოს საუკეთესო ლიტერატურულ ძეგლებში ბევრი მათგანი არაა მოხსენიებული“- წერს გამოცემა ,,The Calvert Journal-ი“ და გვთავაზობს კავკასიელის მიერ დაწერილ ათ საუკეთესო წიგნს, რომელთა შორის ქართველი მწერლებიც ფიგურირებენ.
დასახელებულ ათ საუკეთესო წიგნს შორის პირველია ლაშა ბუღაძის ,,ლიტერატურული ექსპრესი“, რომელიც ინგლისურ ენაზე 2014 წელს ითარგმნა მაია ყიასაშვილის მიერ. რომანის მთავარი გმირი ახალგაზრდა ქართველი მწერალი ზაზაა, რომელიც თხრობას აგვისტოს ომის მოვლენებიდან იწყებს. ელენე, მისი შეყვარებული ღალატის გამო დაშორდა. ამის შემდეგ ზაზას მუზა გაუწყდა. მაგრამ ის ევროპულ პროექტში მიიწვიეს სახელად – ..ლიტერატურული ექსპრესი”. ეს ექსპერიმენტული მატარებელი ევროპის 100 მწერალს მოატარებდა სხვადასხვა ქალაქს, ყველაფრის მიუხედავად, ზაზას უჭირს სხვა მწერლებთან ურთიერთობა და მხოლოდ თანამემამულეებთან საუბრობს. თუმცა, მალე მას პოლონელი მთარგმნელის ცოლი, ბერძენი მწერალი – ჰელენა -შეუყვარდება და ყველანაირად ცდილობს ქალს თავი მოაწონოს. საბოლოოდ, შეძლებს კიდევაც საწადელის ასრულებას. ,,სატირაზე მეტად, ეს ლიტერატურული ექსპრესი არის ევროპის კულტურული ინდუსტრიის იუმორისტული და ჭკუამახვილური კრიტიკა, რომელის წაკითხვაც დაგასევდიანებთ, თუმცა ბევრ რამესაც ახდის ფარდას”– ნათქვამია გამოცემაში.
გამოცემა ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და გავლენიან ქართველ მწერლად მეოცე საუკუნის რომანისტს – ოთარ ჭილაძეს ასახელებს. მისი პირველი ნაწარმოები – ,,გზაზე ერთი კაცი მიდიოდა”, 1973 წელს გამოქვეყნდა, მაგრამ ინგლისურენოვანი მკითხველისთვის მხოლოდ 2012 წლიდან გახდა ხელმისაწვდომი. ეს გახლავთ ერთგვარი ალეგორია საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსირებისა ,,კოლხების ოკუპაციის ხელახლა აღბეჭდითა და დიდსულოვანი ადგილობრივების ენის მიმტანებად და მჩაგვრელებად ტრანსფორმაციის ჩვენებით, ჭილაძემ, ფაქტობრივად, შეამოწმა საბჭოთა კავშირის ცენზურის სიმკაცრე და ქართული პოსტმოდერნისტული ლიტერატურის ჩამოყალიბება დაიწყო. ეს მეტად მნიშვნელოვანი რომანი მკითხველს იზიდავს უხვი ჰომერული შედარებებითა და კლასიკური სტილისგან თავის დაღწევით, მაგრამ ამავე დროს, ავტორი სულგრძელია როცა საქმე ადამიანის მდგომარეობას ეხება მწუხარებისა და ტერორის დროს”.
გამოცემას არც ზურაბ ქარუმიძის, 2006 წელს გამოქვეყნებული ,,დაგნი ანუ სიყვარულის ნადიმი” დავიწყებია, რომელიც შერჩეული იყო დუბლინის საერთაშორისო ლიტერატურულ პრემიაზე, ,,ეს არატრადიციული ლიტერატურული ნაწარმოები შედგება ორი ნაწილისაგან, პირველ ნაწილში მოქმედება 1901 წლის თბილისში ვითარდება, სადაც აღწერილია დაგნი იუელის სიცოცხლის ბოლო სამი კვირა. დაგნი იყო ედვარდ მუნკისა და ავგუსტ სტრინდბერგის მუზა, რომელიც 34-ე დაბადების დღის წინ, საყვარელმა მოკლა სასტუმრო ,,გრანდ ჰოტელში”. წიგნის მეორე ნაწილი მითისა და პოლიტიკის, შამანიზმისა და ფუგის ხელოვნების, მომხიბვლელობისა და ლინგვისტიკის ფანტასმაგორიული ნაზავია, რომელიც იქმნება ,,სიყვარულის ნადიმზე”. დღესასწაული ადამიანების მშვიდობისდამცველის ფუნქციის აღდგენას ემსახურება და, ამრიგად, ათასწლეულის ტოტალიტარული უბედურების თავიდან აცილებასაც. ორივე ნაწილი ძალიან სერიოზული და, ამავდროულად, სასაცილოცაა – მკითხველი ვერ აცნობიერებს, რომ გენიოსის ქმნილებას კითხულობს,სანამ მისი გონება არ იაზრებს თავზარდამცემ მოდერნისტულ მიღწევებს“.
წყარო: The Calvert Journal
მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”