close

21 ოქტომბერი ნიკოლოზ ბარათაშვილის გარდაცვალების დღეა. 1845 წლის 21 ოქტომბერს ელიზავეტპოლში (განჯაში), „ავი მალარიით“ თუ „ხურვებად“ მონათლული ფილტვების ანთებით, გარდაიცვალა 28 წლის გენიოსი, რომლის დაუტირებელი სხეული მესამე დღეს, იქვე დაასაფლავეს ციხის ეკლესიის გალავანში. გავა დრო და ნიკოლოზ ბართაშვილის ძვირფას ნეშტს ჯერ დიდუბის, შემდეგ კი მთაწმინდის პანთეონში გადაასვენებენ;

გავა დრო და მასზე იტყვიან: „არც ერთი ქართველი პოეტი, რუსთაველის შემდეგ, არ ამაღლებულა ბარათაშვილის ლირიკამდე!“

ნიკოლოზ ბარათაშვილის გარდაცვალებამდე 4 დღით ადრე, განჯაში იმყოფებოდა ბარონი ნიკოლაი (ალ. ჭავჭავაძის სიძე), რომელსაც დღიურში ჩაუწერია, ჩამოვხტი თავად მამუკა ორბელიანის სახლში, საშინელ ქოხშიო.

მამუკა ორბელიანი მაზრის უფროსი იყო, ნიკოლოზ ბარათაშვილი კი – მისი თანაშემწე. მნიშვნელობა არ აქვს, ერთად ცხოვრობდნენ თუ ცალ-ცალკე, ადვილად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რა საცოდაობა იქნებოდა ადგილი, სადაც ნიკოლოზ ბარათაშვილმა დალია სული.

„გულს ცეცხლი მეკიდება, ვგიჟდები და აღარა მესმის რა; ჩვენი სიცოცხლე ტატო გარდაიცვალა განჯას და იფიქრე ჩვენი ცხოვრებაც“, – ასე შეატყობინა საყვარელი დისშვილის გარდაცვალება ილია ორბელიანმა თავის უფროს ძმას, გრიგოლს. კიდევ უფრო მწარე და გულისმომკვლელი იყო დედის, ეფემია ორბელიანის გოდება: „მე უბედური უბედურად ქმნილი მოვაკლდი ჩემს სიხარულს შვილს და რა შვილს, რომლისგანაც მოველოდი ყოველ სიხარულს. ვუი და ვაი ჩემს მოსწრებას, ჩემს თვალების დაბნელებას.“

ნიკოლოზ ბარათაშვილის გვამი, პოლიციის მოხელის „მუნდირში“ გახვეული, დაკრძალეს ციხის პაწია ეკლესიის გალავანში, მაღლობზე. მიცვალებულს წესი აუგო მღვდელმა, სტეფანე ვერდერევსკიმ, რომელიც, თურმე, პოეტის სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს დასწრებია. ახალგაზრდა უფროსისა და თანამოსამსახურის წინაშე უკანასკნელი ჩინოვნიკური ვალი მოიხადეს ელიზავეტპოლის (განჯის) მოხელეებმა, რომლებიც „სამსახურეობრივი მოვალეობისამებ“ გამოცხადნენ მის დასაფლავებაზე. როგორც მიხეილ თუმანიშვილი, მ. ხელთუბნელის ფსევდონიმით გამოქვეყნებულ ნაშრომში, „უკანასკნელი წელი ნიკ. ბარათაშვილის ცხოვრებისა“ წერს, „ერთ-ერთმა ამ უსახელო ადამიანთა შორის, ვინმე ბ. პონაროვსკიმ – წვრილფეხა მოხელემ თუ ეკლესიის მსახურმა – უჩვენა შემდგომ პოეტის მახლობლებს ბარათაშვილის თითქმის დაკარგული საფლავი“.

გამწარებული ეფემია 1849 წელს გარდაიცვლება, თუმცა მოასწრებს განჯაში ჩასვლას და შვილის საფლავის მონახულებას.

„აქ მას გადასცეს შვილის შემდეგ დარჩენილი რაღაც საცოდაობის ქონება, რომელიც ისე იყო დამპალი, რომ სახმარლად არ ვარგოდა და მან აქვე დაურიგა იმ პირთ, ვინც განსასვენებელს ემსახურებოდა“, – წერს მიხეილ თუმანიშვილი.

განჯაში მომხდარმა უბედურებამ ნამდვილი სულიერი ბორგვა გამოიწვია ტფილისში – პოეტის მრავალრიცხოვან ნათესავებსა და მეგობრებში, თუმცა ისე მოხდება, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტი მთელი 48 წლის განმავლობაში დარჩება უცხო მიწაში;

გვიან დაფასდება მისი ლიტერატურული მემკვიდრეობაც – ცალკე წიგნად ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები პირველად 1876 წელს ანუ პოეტის გარდაცვალებიდან 31 წლის შემდეგ დაიბეჭდება.

სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით დაისმება პირველად პოეტის ნეშტის სამშობლოში გადმოსვენების საკითხი (გაზეთი „დროება“) და აღიძვრება შუამდგომლობა მთავრობის წინაშე, მაგრამ თხოვნა შეუსმენელი დარჩება. …გავა დრო და 1891 წელს გაზეთი “ნოვოე ობოზრენიე” დაბეჭდავს წერილს, რომლის მიხედვითაც ელიზავეტპოლის ადმინისტრაციას მიზნად აქვს დასახული ეკლესიის გალავანში, სადაც პოეტია დასაფლავებული, გაიყვანოს გზა. ცნობას მყისიერად ეხმაურება გაზეთი „ივერია“, რომლის რედაქცია აფუძნებს ბარათაშვილის ნეშტის თბილისში გადმოსვენების ფონდს, სადაც შემოწირულობები საქართველოს ყველა კუთხიდან ირიცხება. საქმეში ერთვება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებული საზოგადოება, რომლის 1892 წლის 9 ოქტომბრით დათარიღებულ სხდომის ოქმში ვკითხულობთ:

„საგანი განხილვისა: მოხსენება საზოგადოების თავმჯდომარის ილია ჭავჭავაძისა პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის გვამის გადმოსვენების შესახებ.

განჩინება: ეთხოვოს თავად გ. ორბელიანს, როგორც მახლობელ ნათესავს, ნებართვა მიიღოს გადმოსვენებისა. დაინიშნოს თანაშემწედ: თ. (ნ.) ორბელიანისა, ი. ჭყონია და დ. კარიჭაშვილი“.

პოეტის ნათესავებს მთელი თვეები მოუწიათ ცდა, ვიდრე მთავრობისგან ნეშტის ჩამოსვენების ნებართვას მიიღებდნენ. ბოლოს, როგორც იქნა, ნებართვა გაიცა. 1893 წლის 23 აპრილს განჯაში გაითხარა პოეტის საფლავი… აი, როგორც აღწერ ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის ტფილისში ჩამოსვენებას 1893 წლის 27 აპრილს გამოსული „ივერია“ (1893 წ. N86):

„კვირა დილას, 25 აპრილს, დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი ტფილისის რკინის-გზის ვაგზალზე… ვაგზლის არემარესა და თვით მისასვლელ მიედანზე ჭედვა იყო, იმოდენა საზოგადოებას მოეკრიბა თავი …09.30 საათზე მოვიდა მატარებელი და ვაგონიდან გადმოასვენეს კუბო ძვირფასი ნეშტით… აქ ვაგზალთან ამოდენა ხალხმა მუხლი მოიდრიკა და პატივი სცა დიდებულს მგოსნის ცხედარს. შემდეგ ეს აუარებელი ზღვა ხალხი დაიძრა და გაემართა ლიტანიით დიდუბისაკენ. ამფიონი შემკული იყო ძვირფასი სხვადასხვაგვარის გვირგვინებით, და კუბო ხელში ეჭირათ ხან ქალებს, ხან ახალგაზრდობას, ხან ნათესავებს, და ისე მიასვენებდნენ… როცა ლიტანია მიუხალოვდა დიდუბეს, ხალხმა კვლავ მოიდრიკა მუხლი… საფლავზე სიტყვები და ლექსები წარმოთქვეს: აკაკი წერეთელმა, ილია ჭავჭავაძემ, ნინო ორბელიანისამ, სომეხთა ახალგაზრდა პოეტმა თუმანიანმა, ბიძინა ჩოლოყაშვილმა და სხვებმა“.

1900 წელს გადაწყდა საფლავზე დასადგმელი ძეგლის – დეკორატიული ქანდაკების დადგმის საკითხი. 1905 წლის 10 ოქტომბერს, მიუხედავად წინა დღის კოკისპირული წვიმისა, დიდუბის ეკლესიის ეზოში თავი მოეყარა დიდძალ საზოგადოებრიობას. საზეიმოდ გაიხსნა მგოსნის ძეგლი, რომელიც თბილისში გამოაქანდაკეს იტალიელმა სკულპტორებმა ვილიმ და რიჩიმ. ძეგლი წარმოადგენს ალგეთის ქვის 3,195 მეტრი სიმაღლის ღარებიან სვეტს, რომელიც ეყრდნობა კიდეებჩამოთლილ კვარცხლბეკს და თავდება მარმარილოს ჩანგით. ძეგლის კვარცხლბეკზე ოთხივე მხრიდან მიმაგრებულია ნაცრისფერი მარმარილოს ფილები, რომლებზედაც ამოკვეთილია პოეტის ლექსები.

ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავის ძეგლი
ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავის ძეგლი

35 წელი განისვენებდა დიდი პოეტის ნეშტი დიდუბის მიწაში, ვიდრე 1938 წლის 15 ოქტომბერს, ქართველმა მწერლებმა მთაწმინდაზე არ გადაასვენეს. საქართველოს ლიტერატურის მუზეუმში ინახება გადაწყვეტილების ამსახავი დოკუმენტი – „აქტი ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის გადასვენების შესახებ დიდუბის პანთეონიდან მთაწმინდის მწერალთა პანთეონში“. აქტში ვიკითხულობთ:

„1938 წლის 15 ოქტომბერს, დილის 8 საათზე, ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის გადმომტანი კომისიის წევრების ა. მაშაშვილის, შ. დადიანის, გ. ლეონიძის, ი. მოსაშვილის და პროფესორ ვლადიმერ ჟღენტის თანდასწრებით დიდუბის პანთეონში გათხრილ იქნა პოეტის, ნიკოლოზ მელიტონის ძე ბარათაშვილის საფლავი. საფლავიდან ნეშტის ამოღებას დაესწრო მწერალთა აქტივი.

საფლავში აღმოჩნდა ცინკის კუბო დახურული, კარგად შენახული. კაკლის ხის კუბო დაშლილია. ცინკის კუბო არის სიგრძით 97 სმ, სიმაღლით 25 სმ, სიგანით – 56 სმ.

08.30 საათზე ნ. ბარათაშვილის ნეშტი გადასვენებული იქნა მთაწმინდის მწერალთა პანთეონში. პროფ. ჟღენტმა მოახდინა ნეშტის მეცნიერული დათვალიერება და ჩონჩხის აღდგენა-გაზომვა. ასისტენტობდა დოც. ა. ჯორბენააძე.

მეცნიერული ექსპერტიზის დასკვნა ასეთია: ნ. ბარათაშვილის ნეშტის ჩონჩხი ძირითადად კარგად არის შენახული. ჩონჩხის აღდგენის სურათი ადასტურებს, რომ პოეტი საშუალო ტანის და ძვალმსხვილი კაცი ყოფილა. მარცხენა ქვედა კიდურის წვივკოჭის მიდამოში ძვლებს ეტყობა ოდნავი დაკოჟრება. თავის ქალა და პირისახის ჩონჩხი კარგად შენახულია. თავის ქალა საშუალო ზმოისაა.

12.45 საათზე ნ. ბარათაშვილის ნეშტი ჩასვენებულ იქნა ახალ აკლდამაში.

კომისიის თავმჯდომარე ა. მაშაშავილი. კომისიის წევრები: შ. დადიანი, გ. ლეონიძე, ი. მოსაშვილი, ვლ. ჟღენტი. მდივანი: გ. აბზიანიძე”

დიახ, მთაწმინდაზე გაიჭრა ნიკოლოზ ბარათაშვილის მესამე და უკანასკნელი საფლავი, მთაწმინდაზე, რომლის მომნუსხველმა იდუმალებამ ერთით მეტი შედევრი შეაქმნევინა პოეტს:

ჰოი, მთაწმინდავ, მთაო წმინდავ, ადგილნი შენნი
დამაფიქრველნი, ვერანანი და უდაბურნი,
ვითარ შვენიან, როს მონამენ ცვარნი ციურნი,
ოდეს საღამოს დაშთენ ამოს ციაგნი ნელნი!

ძეგლზეც, რომელიც საფლავზე დგას, ამოკვეთილია ფრაგმენტები პოეტის ნაწარმოებებიდან. სამხრეთის მხრიდან – ნაწყვეტი პოემიდან „ბედი ქართლისა“, დასავლეთიდან – ნაწყვეტი ლექსიდან „ფიქრნი მტკვრის პირას“, სხვა მხრიდან კი ნაწყვეტები „მერანიდან“.

ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში, ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის,
ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა, ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის;
შავი ყორანი გამითხრის საფლავს მდელოთა შორის ტიალის მინდვრის,
და ქარისშხალი ძვალთა შთენილთა ზარით, ღრიალით, მიწას მამაყრის!

ასეთი იყო პოეტის მიერ განჭვრეტილი მომავალი, გარდაუვალი ბედისწერა, რომლის შეცვლა თვითონ ვერ შეძლო, მაგრამ შეძლო მისმა შემოქმედებამ, მისმა დიდებულმა პოეზიამ, რომლის წყალობითაც აწ უკვე დამარხულია თავის მამუმლში, თავის დიდებულ წინაპართა საფლავებს შორის და, ტირილითაც, მის საფლავს სულმუდამ დასტირიან საქართველოს საუკეთესო შვილები…

ნიკოლოზ ბარათაშვილის ხელნაწერი
ნიკოლოზ ბარათაშვილის ხელნაწერი

წყარო : radiotavisupleba.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0