close

 სამკაულის ისტორიის საწყისები წარსულ ათასწლეულთა წიაღში იკარგება. სპილენძ-ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული (ძვ. წ. IVII ათასწლეული), როცა ადამიანი ლითონს დაეუფლა, ლითონმა, განსაკუთრებით ოქრომ და ვერცხლმა, სამკაულის წარმოებაში უპირველესი ადგილი დაიმკვიდრა.

ამის ძირითადი მიზეზი იყო ამ კეთილშობილი ლითონების, ოქროსა და ვერცხლის, მიმზიდველი ფერი და ბზინვარება, მათი ქიმიური მდგრადობა. გარდა ამისა, ორივე ეს ლითონი, განსაკუთრებით კი ოქრო, არაჩვეულებრივად პლასტიკურია, რის გამოც, შეუცვლელი მასალაა სამკაულის წარმოებაში.

ოქრომჭედლობა, როგორც ხელოსნობის დარგი, წარმოშობიდანვე მნიშვნელოვანწილად სწორედ სამკაულთა წარმოებას ემსახურებოდა. ამდენად, ოქრომჭედლობის განვითარების ისტორია ძირითადად ემთხვევა სამკაულის ისტორიას. თუმცა ვერავინ იტყვის, როდის შეიმკო პირველად თავი ადამიანმა. პირველი სამკაული იყო ის, რასაც ბუნება პირველყოფილ ადამიანს მზამზარეულად სთავაზობდა; ყვავილებითა და მცენარეული რტოებით შემკობის წესი კაცობრიობას დღემდე გამოჰყვა. ბრინჯაოს ხანაში საბოლოოდ ჩამოყალიბდა სამკაულთა ძირითადი სახეობები – ბეჭედი, სამაჯური, გულსაკიდი, ყელსაბამი, საყურე და დიადემა (შუბლის შესამკობელი) და შეიქმნა კომპლექტი ანუ სამკაულის ნაკრები, რომელსაც დღემდე არ განუცდია არსებითი ცვლილება.

საუკუნეთა განმავლობაში იცვლებოდა სამკაულის მასალა, ფორმა და სტილი, მაგრამ უცვლელი რჩებოდა სამკაულის ძირითადი კომპლექტი. სამკაულს ოდითგან მხატვრულ-ესთეტიკური დანიშნულება ჰქონდა. მისი მიზანი ადამიანის შემკობა იყო. ამდენად, ქალის სილამაზის იდეალისა და ჭირვეული მოდის ცვალებადობის კვალდაკვალ სამკაულის ფორმა და ხასიათი საკმაოდ სწრაფად და ხშირად იცვლებოდა. სამკაულს იმთავითვე ჰქონდა ასევე ავგაროზის დანიშნულებაც. ფიქრობდნენ, რომ თუ ადამიანი სამკაულად ატარებდა ღვთაების ან მისი რაიმე ატრიბუტის სიმბოლურ გამოსახულებას, იგი ეზიარებოდა ამ ღვთაებას და მისი მფარველობის ქვეშ დაცული იქნებოდა ყოველივე ავისაგან. განსაკუთრებული ზებუნებრივი ზემოქმედების ძალა მიეწერებოდა სამკაულად გამოყენებულ ცხოველთა კბილებს, ზოგიერთ მინერალს და სხვ.

 შუა საუკუნეების ქრისტიანულ ქვეყნებში, სადაც ოქრომჭედლობა განსაკუთრებით განვითარდა, სამკაულთა შორის საპატიო ადგილი დაიკავა ჯვარმა, როგორც ქრისტეს სიმბოლომ. მაგრამ არც ათასწლეულების სიღრმიდან მომდინარე ძველ რწმენა- წარმოდგენებს დაუკარგავს მნიშვნელობა ამ ეპოქაში. პირიქით, სწორედ შუა საუკუნეებში, როდესაც გაიზარდა ინტერესი ალქიმიისა და ასტროლოგიის მიმართ, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა ფერადი ქვების, მინერალების სიმბოლიკას, რასაც ზოდიაქოს ნიშნებიც დაუკავშირეს. ეს წარმოდგენები დღესაც ცოცხლობს. სამკაულს ძველ დროში ეთნიკური თუ სოციალური მდგომარეობის განმასხვავებელი ნიშნის, ანუ ინსიგნიის ფუნქციაც ჰქონდა. სამკაული, როგორც ინსიგნია, გაცილებით დიდი დატვირთვის მქონე და უფრო კონსერვატულიც იყო. ბეჭედი, სამაჯური, ყელსაბამი და საყურე გარკვეულ პერიოდში წარჩინებული მამაკაცის მორთულობის აუცილებელი ელემენტი გახდა. საქართველოს მიწის წიაღი მდიდარია მადნეული რესურსებით. საქართველოს ტერიტორიაზე ადრებრინჯაოს ხანის (ძვ. წ. III ათასწლეულის მეორე ნახევარი) ყორღანებში აღმოჩენილი მასალა გვიჩვენებს, რომ აქაური ოქრომჭედლები ფლობდნენ ლითონის მხატვრული დამუშავების უმთავრეს ხერხებს; გარდა ამისა, უძველესი სამკაულის შესწავლის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ოქროს სამკაულს ზედა ფენის წარმომადგენლები – როგორც კაცები, ისე ქალები – ატარებდნენ, მასობრივად კი – სპილენძისა და ბრინჯაოს სამკაული იყო გავრცელებული.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid