ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს რკინიგზის კომპანია იწყებს ახალ პროექტს, რომელიც გულისხმობს მატარებლებში ბიბლიოთეკების მოწყობას. აღნიშნული საკითხის შესახებ ,,დოქტრინა” გაესაუბრა საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს დაჩი ცაგურიას.
საიდან გაჩნდა მატარებლებში ბიბლიოთეკების მოწყობის იდეა?
ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ, რათა მგზავრებისთვის შევქმნათ მეტი კომფორტი, ვფიქრობდით თუ რა სიახლე შეგვეთავაზებინა მათთვის და გაჩნდა ბიბლიოთეკების მოწყობის იდეა. მგზავრობა იქნება არა მოსაბეზრებელი, არამედ, პირიქით, სასიამოვნო და შინაარსიანი. ჩემი აზრით, ეს პროექტი განვითარდება და ხელს შეუწყობს წიგნის კითხვის კულტურის გავრცელებას საზოგადოებაში.
ბიბლიოთეკების მოწყობის მცდელობა რამდენჯერმე იყო, თუმცა არ გაამართლა, რადგან ხალხს წიგნები მიჰქონდა და აღარ აბრუნებდა. თქვენ როგორ აპირებთ, რომ მსგავსი შემთხვევები აირიდოთ თავიდან?
სწორედ ისე, როგორც ბიბლიოთეკებშია, მგზავრი, რომელიც გაიტანს წიგნს, დატოვებს პირადობის დამადასტურებელ მოწმობას, შესაბამისად, მოპარვა გამორიცხულია.
რა ტექნიკური პროცედურების მოგვარებაა საჭირო, რომ ეს იდეა განხორციელდეს და რამდენ ხანში გამოჩნდება ბიბლიოთეკები მატარებლებში?
ზაფხულის სეზონისთვის გვინდა, რომ ბიბლიოთეკები გამოჩნდეს მატარებლებში, ამისთვის კი საჭიროა ხალხის აქტიურობა და თანადგომა. ამ პროექტში ჩართვას ვთავაზობთ არა მარტო მოქალაქეებს, არამედ გამომცემლობებსაც, მათთვის, ვფიქრობ, მომგებიანიც იქნება, რომ წიგნები განთავსდეს ჩვენს ბიბლიოთეკებში, შეიძლება ადამიანმა ვერ მოასწროს მატარებელში წაკითხვა, წავიდეს და იყიდოს ან ძალიან მოეწონოს, მეგობარს გაუზიაროს და ა.შ.
პროექტის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა ლევან მიქელაძემ, რომელიც არის მოხალისე. იგი ურჩევს საზოგადოებას, რომ ჩაერთოს, გასცეს წიგნები და ხელი შეუწყოს ამ პროექტის განხორციელებას. მან აღნიშნა: ,,წიგნები უნდა მიეღო მხოლოდ თბილისის სალაროებს, თუმცა იმდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ იდეას, მოგვიწია საქართველოს მასშტაბით ყველა სადგურის თანამშრომლების გაფრთხილება, რათა მათაც დაიტოვონ წიგნები შემომწირველებისგან. საზოგადოების აქტიურობა იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ზაფხულის სეზონისთვის ყველა მატარებელი ეტაპობრივად აღიჭურვება ბიბლიოთეკებით”.
,,დოქტრინა” უერთდება ამ წამოწყებას და მოგიწოდებთ, რომ მიიტანოთ წიგნები ნებისმიერ ადგილას, სადაც განთავსებულია რკინიგზის სალაროები.
მასალა მოამზადა: ნინი მშვენიერიძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”