close
განათლება

მშვიდობის კორპუსი საქართველოში განათლებისა და მეცნიერების მხარდასაჭერად

 2001 წლიდან მოყოლებული, საქართველოში მშვიდობის კორპუსი (ინგ. Peace Corps) მუშაობს,  რომლის მიზანიც მსოფლიოში მშვიდობისა და მეგობრობის ხელშეწყობაა.

მშვიდობის კორპუსმა საქმიანობა საქართველოში პირველად ინგლისური ენის სწავლების პროგრამით დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ამერიკელი მოხალისე პედაგოგები რეგიონების საჯარო სკოლებში წყვილში ასწავლიან ინგლისურ ენას. ეს პროგრამა დღესაც წარმატებით მუშაობს და ჯამში 2 000-მდე მოხალისემ შეიტანა წვლილი ქართველი მოზარდებისა და მასწავლებლების საკომუნიკაციო ინგლისური ენისა და სწავლების მეთოდების გაუმჯობესებაში და რესურსების განვითარებაში.

გარდა ამისა, მშვიდობის კორპუსი სხვა ორ პროგრამასაც განახორციელებს საქართველოში. ამ თემებზე სასაუბროდ ,,დოქტრინა“ საქართველოში მშვიდობის კორპუსის დირექტორს – სტეფ სმიტს დაუკავშირდა.

-უპირველეს ყოვლისა, ზოგადად, ორგანიზაციის მიზნებსა და მისიაზე რომ ვისაუბროთ – კონკრეტულად რა მიმართულებებით ხართ დაინტერესებული?

-მშვიდობის კორპუსი 1961 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა – ჯონ კენედიმ დაარსა. დღევანდელ დღეს, ჩვენ მსოფლიოს 64 ქვეყანაში ვმუშაობთ მშვიდობის დამყარების, ტექნიკური დახმარების, სწავადასხვა პარტნიორი ქვეყნის კულტურის გაცნობის და ამერიკული კულტურის გაზიარების მიმართულებით, საქართველოში უკვე 16 წელია  ვართ. მშვიდობის კორპუსი ქვეყანაში მთავრობის მოწვევით იწყებს მუშაობას და მის საქმიანობაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის თავად სახელმწიფოს ნებას. ამ კუთხით, ჩვენ ხშირად ვთანამშრომლობთ განათლებისა და მეცნიერების და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროებთან. ჩვენი ერთ-ერთი  მიზანია, ინგლისური ენის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, სწავლების გაუმჯობესებული მეთოდებისა და პრაქტიკის  დანერგვა, რესურსების განვითარება და განათლების შესაძლებლობებისადმი ხელმისაწვდომობა. ყველაზე დიდი პროექტიც ესაა – ინგლისური ენის სწავლების პროგრამა. გარდა ამისა, სხვა პროგრამებიც გვაქვს, რომლებიც, საბოლოო ჯამში, მოზარდების განვითარებაზე, ორგანიზაციულ განვითარებაზე, ცნობიერების ამაღლებაზე და სხვა მიმართულებებზეა ორიენტირებული. მშვიდობის კორპუსის მიზანია დაინტერესებული ქვეყნების კვალიფიკაციური ადამიანური რესურსებით უზრუნველყოფა. საქართველოში ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია ქართველი და ამერიკელი თანამშრომლებით.

-ძირითადად სამი მიმართულებით მუშაობთ – რომელია ეს მიმართულებები და რა სურათს იძლევა მუშაობის შედეგები?

-ჩვენ ყოველწლიურად ვაკეთებ შემაჯამებელ კვლევებს და ვცდილობთ, შევისწავლოთ ჩვენი გავლენა და შედეგი, რათა მეთოდები და მიდგომები გავაუმჯობესოთ. კვლევების შედეგები დადებით სურათს იძლევა. ამჟამად, ,,საქართველოში მშვიდობის კორპუსის“ მოხალისეები მუშაობენ სამი მიმართულებით: ინგლისური ენის სწავლება, ინდივიდუალური და ორგანიზაციული განვითარება, მოკლევადიანი მხარდაჭერის პროგრამა. ძირითადი მოხალისეების განთავსება ხდება რეგიონებში. 2001 წლიდან ვმუშაობთ ქართველ პარტნიორებთან ერთად სკოლებში, ორგანიზაციებსა და თემებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით.

-რაც შეეხებათ უშუალოდ ამერიკელ მასწავლებლებს, როგორია მათ გადამზადებისა და შერჩევის ეტაპები?

-არ არის აუცილებელი, რომ ეს ადამიანები პროფესიონალები იყვნენ, გვაქვს თითოეული პროგრამის ფარგლებში შერჩევისთვის განსაზღვრული გარკვეული კრიტერიუმები, მაგრამ გარდა ამისა მთავარია, რომ მათ ჰქონდეთ ენთუზიაზმი და დახმარების უანგაროდ გაწევის სურვილი. საინტერესოა, რომ განაცხადის გაკეთების ეტაპზე მოხალისეებმა ზუსტად არ იციან, თუ რომელ ქვეყანაში მოხვდებიან. შერჩევისა და  კონკრეტულ ქვეყანაში გადანაწილების შემდეგ, მათ სამი თვის განმავლობაში უტარდებათ სხვადასხვა სახის ტრენინგი, ეცნობიან ქართულ კულტურას, სწავლების სპეციფიკას, სწავლობენ ქართულ ენას. უფრო მეტად, მოხალისეები გადანაწილებულები არიან პატარა სოფლებში, სადაც ასეთი მხარდაჭერის მეტი საჭიროებაა. ორი წელი რჩებიან და ცხოვრობენ ქართულ ოჯახებში. მოხალისეები შესაძლებელია  ამერიკის ნებისმიერი შტატიდან ჩამოვიდნენ. წლევანდელ ჯგუფში 32 შტატია წარმოდგენილი და ყველაზე მეტად – კალიფორნია. რაც შეეხება ასაკს, ზოგადად, უმეტესობა ახალგაზრდაა – 20-დან 29-წლამდე, თუმცა არიან ხანდაზმული მოხალისეებიც, მაგალითად – 75 წლის. 2016 წლის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს 10 რეგონში, ჯამში, 179 მოხალისე მსახურობდა.

-რამდენად არიან საქართველოში ყოფნის პერიოდში მოხალისეები საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულები?

-საქართველოში ყოფნის მანძილზე, მოხალისეები აქტიურად არიან ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ნაწილი ქართულადაც საუბრობს. ეცნობიან საქართველოს ისტორიას, კულტურას, აღნიშნავენ დღესასწაულებს. აქ ყოფნის პერიოდში ისინი საქართველოს კეთილი ნების ელჩები ხდებიან იმით, რომ საქართველოს მიმართ სიყვარულსა და ქართულ კულტურას უზიარებენ ამერიკელებს ელექტრონული ფოსტების, ბლოგებისა და ვებგვერდების საშუალებით.

ჩვენმა ერთ-ერთმა მოხალისემ იმერეთიდან ქართული კულტურის უკეთ გასაცნობად, გალაკტიონის ლექსების შესწავლა დაიწყო.

-უშუალოდ სწავლების მეთოდიკა როგორია და რამდენად ითვისებენ ქართველი მოსწავლეები და მასწავლებლები მასალას?

-ინგლისური ენის სწავლების პროგრამის მოხალისეები ქართველ კოლეგებთან ერთად ცდილობენ ახალგაზრდებში კომუნიკაციისთვის საჭირო ინგლისური ენის უნარ-ჩვევების განვითარებას. მოხალისეები და მათი პარტნიორები მოსწავლეებში ავითარებენ კრიტიკულ აზროვნებას, ასევე, ხელს უწყობენ გენდერულ საკითხთა შესახებ ცნობიერების ამაღლებას. აღსანიშნავია რომ, ხშირია კლასგარეშე აქტივობებიც, საზაფხულო ბანაკები, სხვადასხვა შეჯიბრებები, ყალიბდება კლუბებიც.

2016 წელს 7940 მოსწავლე ჩაერთო ინგლისური ენის ფორმალურ გაკვეთილებში, აქედან 5 655-მ-მა გაიუმჯობესა საუბრის, სმენის, წერისა და კითხვის უნარები ინგლისურ ენაში. რაც შეეხება მასწავლებლებს, ამ კუთხით, 189 პედაგოგმა გაიუმჯობესა ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის უნარები.

-ერთ-ერთი მიმართულება ორგანიზაციების მუშაობის ხელშეწყობაა, რას ითვალისწინებს კონკრეტულად ინდივიდუალური და ორგანიზაციული განვითარების პროექტი?

-ეს პროექტი 2004 წელს დაიწყო და მხარს უჭერს ინდვიდუალური პირებისა და ორგანიზაციების განვითარებას, მათ ჩართულობას სხვადასხვა აქტივობებში მთელი ქვეყნის მასშტაბით. პროექტი საქართველოს მოქალაქეებს, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს, ქალებსა და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესებაში ეხმარება. მოხალისეები ქართველ კოლეგებთან ერთად მუშაობენ არაკომერციული, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, სათემო ჯგუფების მხარდასაჭერად, მდგრადი პროექტებისა და პროგრამების განვითარების ხელშესაწყობად, ფინანსური ცოდნის გასაუმჯობესებლად და ა.შ.მოხალისეები და მათი კოლეგები, ამ კუთხით, სხვადასხვა ტრენინგსა და სემინარს ატარებენ. 2016 წელს, ამ პროგრამის ფარგლებში, 45-მა მოხალისემ იმსახურა საქართველოში.

-რას ითვალისწინებს მოკლევადიანი მხარდაჭერის პროგრამა?

-ამ პროგრამის ფარგლებში საქართველოში მნიშვნელოვანი გამოცდილებისა და გამორჩეული ტექნიკური უნარების მქონე მოხალისეები ჩამოდიან და 6-დან 12 თვის განმავლობაში მოხალისეობენ. ძირითადი მიმართულებებია – ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარება მენეჯმენტის, ფონდების მოძიების, კომუნიკაციების და სხვა მიმართულებებით. ასევე ინდივიდუალური შესაძლებლობების განვითარება, ინგლისური ენის სწავლება, მასწავლებელთა პროფესიული უნარების გაუმჯობესება  და სხვა.  აგრეთვე, გვაქვს მცირე პროექტების მხარდაჭერის პროგრამა – USAID-ისა და ,,მშვიდობის კორპუსის“ თანამშრომლობით ადგილობრივი თემის განვითარების ხელშესაწყობად. ამ მიმართულებით, 2016 წელს დასაფინანსებლად 9 743 დოლარი გამოიყო, 38 პროექტი დაიგეგმა და განხორციელდა. ,,მშვიდობის კორპუსი“ ხელს უწყობს ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის ურთიერთგაგების განვითარებას.

-რამდენად აქტიურად ხართ მეცნიერების განვითარების კუთხით დაინტერესებული?

-მშვიდობის კორპურსის მიზანია ინდივიდუალურ პირებში ტექნოლოგიური ცნობიერების ამაღლება და საკლასო ოთახებში, სკოლებში, ორგანიზაციებსა თუ თემებში ტექნოლოგიური შესაძლებლობების განვითარება. 2015 წელს საქართველოს მშვიდობის კორპუსი ჩაერთო გოგონათა გაძლიერების ინიციატივის პროექტში, რომელიც გოგონათა განათლების გაძლიერების ხელშეწყობასა და გენდერულ თანასწორობას ემსახურება.ეს პროექტი უკვე 2000-მდე ბენეფიციარს შეეხო. იმართება წერითი კონკურსები და შეჯიბრებებიც, არა მარტო ადგილობრივ ,არამედ საერთაშორისო დონეზე. ამ გზის გაგრძელებას ვაპირებთ. რაც შეეხება საზაფხულო ბანაკებს, მის ფარგლებში, ამ სეზონზე, საქართველოს მასშტაბით, 200-ზე მეტ მოზარდს მიეცა საშუალება მიეღო მონაწილეობა. მათ შორის იყო ბანაკი GLOW (girls leading our world),  LIFE (Leadership, Integration, Fitness, through Education), BUILD ( Boys United in Leadership Development), SELF (Self Esteem through Leadership and Fitness).

სამეცნიერო მიმართულებით აღსანიშნავია METS (Math, Engineering, Technology and Science) ბანაკი, რომელშიც გოგონებსა და ბიჭებს სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებასთან უშუალო წვდომა აქვთ და აანალიზებენ, თუ როგორი გავლენა შეიძლება მოახდინოს მათემატიკამ, ინჟინერიამ, ტექნოლოგიებმა მათ ცხოვრებასა და მომავალზე.

 –რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, აპირებთ თუ არა ცვლილებებს?

-გვსურს, ის კურსი გავაგრძელოთ, რომელიც აღებული გვაქვს. არ ვაპირებთ ჩვენი პროექტების შეჩერებას. პირიქით, იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და კვლავ გვექნება ადგილობრივი მხარდაჭერა.

 

 

მასალა მოამზადა: ნატალია ჯალაღონიამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid