close
საქართველოსოფლის მეურნეობა

საქართველოში ნოდულარული დერმატიტის საწინააღმდეგოდ 200 ათასამდე პირუტყვია ვაქცინირებული

საქართველოში ნოდულარული დერმატიტის საწინააღმდეგოდ 200 ათასამდე პირუტყვი უკვე ვაქცინირებულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

,,მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე ვაქცინირებულია 200 ათასამდე პირუტყვი. მთლიანად 360 ათასი სული პირუტყვის აცრაა დაგეგმილი. სურსათის ეროვნული სააგენტო პრევენციულ ღონისძიებებს ყოველწლიურად ახორციელებს და აცხადებს, რომ პირუტყვის აღნიშნული დაავადება ადამიანისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. გასულ წელს მეზობელ ქვეყნებში გავრცელებული დაავადების გამო სააგენტომ მიიღო შესაბამისი ზომები და მსხვილფეხა პირუტყვი აიცრა სასაზღვრო პერიმეტრზე, რითაც აღიკვეთა ნოდულარული დერმატიტის საქართველოში გავრცელება. პროფილაქტიკური და სავალდებულო აცრები დაავადების საწინააღმდეგოდ გრძელდება”, – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსულ მედიაში გავრცელებილი ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე მსხვილფეხა საქონელში ნოდულარული დერმატიტის რეგისტრაციასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციაში საქართველოდან დაავადებისადმი მგრძნობიარე საქონლის შეტანაზე შეზღუდვები დაწესდა.

ამასთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოდან ცოცხალი ცხოველების ექსპორტი არ ხორციელდება.

ნოდულარული (კვანძოვანი) დერმატიტი ვირუსული დაავადებაა, ხასიათდება ცხელებით, ლიმფური სისტემების დაზიანებით, შინაგანი ორგანოებისა და კანქვეშა უჯრედების შეშუპებით, ნეკროზით. ყალიბდება კანქვეშა კვანძები (ბორცვები), საქონელს უზიანდება თვალი, სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი სისტემის ლორწოვანი გარსი.

დაავადება მიეკუთვნება მრპ-ის განსაკუთრებით საშიშ დაავადებას. დაავადებული ცხოველი იკლებს წონაში, წყვეტს წველადობას, არ მოდიან ახურებაში, ბუღები დროებით კარგავენ განაყოფიერების უნარს. დაავადება ძნელად გადააქვს სუფთა სისხლის საქონელს, მეწველებს და დასუსტებულს.ბუნებრივ პირობებში დაავადება გრძელდება 2-დან 4 კვირამდე. მწვავე ფორმის დროს საწყის სტადიაში დაავადებას, როგორც ავღნიშნეთ, ახასიათებს ცხელება (ტემპერატურა ადის 40-41Oმდე), მადა უქვეითდება, აქვს ცრემლდენა, ლორწოვანი გამონადენი ცხვირიდან, 48-72 საათის შემდეგ გამოვლინდება კვანძოვანი გამონაყარი – ბორცვები კანზე. დაავადების გამოსავალი ხშირ შემთხვევაში კეთილსაიმედოა, ცხოველთა სიკვდილიანობა მერყეობს 2-10%-მდე. რაც მთავარია, არსებობს დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინები, რომლებიც იმუნიტეტს იძლევა 2-3 წელი. დაავადების წარმოშობის ადგილია აფრიკა.

 

წყარო: http://nfa.gov.ge/

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid