2018 წლის ეკოლოგიური ეფექტიანობის ინდექსის (EPI – Environmental Performance Index) მიხედვით, კვლევის მონაწილე 180 ქვეყანას შორის საქართველო 94-ე ადგილს იკავებს. რეიტინგში პირველ ადგილზეა შვეიცარია, ხოლო ბოლოზე ბურუნდი. EPI-ის მიხედვით ქვეყნების რანჟირება ათ კატეგორიად ხდება, რომლებიც თავის მხრივ ერთიანდებიან ეკოსისტემის სიცოცხლისუნარიანობისა და გარემოს სიჯანსაღის ჯგუფებში. ამის შესახებ ACT Global-ი წერს.
2017 წლის კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 44% მიიჩნევს, რომ მათ დასახლებაში ჰაერი დაბინძურებულია; 37% მიიჩნევს, რომ ნიადაგია დაბინძურებული, ხოლო გამოკითხულთა 33%-ს ბუნებრივი წყლის რეზერვუარები ჰგონია დაბინძურებული.
პრობლემას სხვანაირად უყურებენ სოფლად მცხოვრები ადამიანები. თბილისში რესპონდენტთა 89%, სხვა ქალაქებში კი – 48% აცხადებს, რომ მათ დასახლებაში ჰაერი დაბინძურებულია, სოფელში რესპონდენტთა მხოლოდ 12% ამბობს იმავეს.
საინტერესოა, რომ გარემოს დაბინძურებას ქალები უფრო მეტად აქცევენ ყურადღებას, ვიდრე მამაკაცები – როგორც ჰაერის, ასევე ნიადაგისა და ბუნებრივი წყლის რეზერვუარების შეფასებისას.
კვლევა 2017 წლის მარტში ,ეისითიმ” გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის (SCO) ოფისისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) დაკვეთით ჩაატარა. მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურებით კმაყოფილების დონის დასადგენად, საქართველოს მასშტაბით, 3400 ზრდასრული რესპონდენტი გამოიკითხა.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”