თბილისში, სააკაძის მოედანზე, ,,მაგთისა” და ,,ჯეოსელს” შორის ,,სარეკლამო ომი” მიმდინარეობს.
რამდენიმე დღის წინ მოედანზე მდებარე ჯეოსელის ოფისის თავზე მაგთის სარეკლამო ბანერი (,,მხოლოდ მაგთი”) გამოიფინა.
ჯეოსელმაც უპასუხა კონკურენტ კომპანიას და გაგვაფრთხილა, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის და #არამხოლოდ ამით შემოიფარგლება.
აღნიშნულ ფაქტს ინტერნეტში ზემოხსენებულ კომპანიების მომხმარებლების ფართო გამოხმაურება მოჰყვა.
საინტერესოა ვინ გაიმარჯვებს ამ „სარეკლმაო ომში“, ვინ აკონტროლებს საქართველოს ტელეკომუნიკაციების სექტორს ?
მანამდე კი ცოტა რამ კომპანიების შესახებ:
,,ჯეოსელი”
საქართველოს უმსხვილესი მობილური ოპერატორი – „ჯეოსელი“ – თურქული კომპანიის Gürtel Telekomünikasyon Yatırım ve Dış. Tic. A.Ş, შვილობილი კომპანიაა, რომელიც, თავის მხრივ, კომპანია Fintur Holdings–ის შვილობილია. (რეგისტრირებულია ნიდერლანდებში). ,,Fintur–ის” მფლობელები არიან მსხვილი თურქული მობილური ოპერატორი Turkcell (41.45%) და Teliasonera (58.55%). რადგან ,,Teliasonera Turkcell-ის” აქციონერიცაა, ის პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობს ჯეოსელის 74.3%–ს.
,,Teliasonera” მობილურ ოპერატორებს სკანდინავიაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, სამხრეთ კავკასიაში, ცენტრალურ აზიასა და სხვა ქვეყნებშიც ფლობს. იგი კვოტირებულია საფონდო ბირჟებზე სტოკჰოლმსა და ჰელსინკიში. ,,Teliasonera-ს” მთავარი აქციონერები შვედეთისა (37.3%) და ფინეთის(11.7%) მთავრობები არიან. სხვა მსხვილი აქციონერები არიან, ასევე შვედური საპენსიო და სადაზღვევო ფონდები. 2012 წლის სექტემბრის მონაცემებით 15 ყველაზე დიდი აქციონერი აქციების 56.2%–ს ფლობს.
,,Fintur Holdings–ს” კიდევ ერთი აქციონერის, ,,Turkcell-ის” აქციები სტამბოლის და ნიუ-იორკის საფონდო ბირჟებზე იყიდება. Turkcell-ის ყველაზე მსხვილი აქციონერი Turkcell Holding AS-ია, რომლის მთავარი აქციონერები Teliasonera (37.1%), თურქი მილიარდერის, მეჰმეტ ემინ კარამეჰმეტის Cukurova Holding (13.8%) დარუსი ოლიგარქის, მიხაილ ფრიდმანის ,,Alfa გრუპი”(13.2%, შვილობილი კომპანიის Altimo–ს მეშვეობით) არიან.
„ჯეოსელი“ 1996 წელს დაარსდა. იგი ქვეყანაში პირველი GSMოპერატორი იყო და საქართველოს ტელეკომუნიკაციების სამინისტროსა და Gürtel–ის ერთობლივი ინიციატივით ამოქმედდა. კომპანიამ ოპერირება 1997 წელს დაიწყო, 2006 წლიდან კი UMTS/3G მომსახურებას სთავაზობს მომხმარებლებს. „ჯეოსელის“ მოგება 2011 წელს დაახლოებით 140 მილიონი აშშ დოლარი იყო.
,,მაგთიკომი”
„მაგთიკომი“— 1996 წლის 12 თებერვალს დააფუძნა დოქტორმა გიორგი (გია) ჯოხთაბერიძემ. კომპანიამ პირველი კომერციული ზარი მობილური ქსელიდან 1997 წლის 22 სექტემბერს განახორციელა.
„მაგთიკომის“ სერვისები მოიცავს: მობილურ ტელეფონიას (ოპერირებს სამი ბრენდით: „მაგთი“ (1997 წლიდან), ახალგაზრდული ბრენდი „ბალი“ (2005 წლიდან) და „ბანი“ (2010 წლიდან); მობილურ ინტერნეტს (მოიცავს მობილური ქსელის გავითარების ყველა ტექნოლოგიას: 2G, 2.5G, 3G, 3.5G, 4G, 4.5G); უსადენო ფიქსირებულ ტელეფონიას (ბრენდი „მაგთიფიქსი“, 2008 წლიდან); სადენიან ფიქსირებულ ტელეფონიას (VoIP); თანამგზავრულ ტელევიზიას (ბრენდი „მაგთისატი“, 2012 წლიდან; საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში პირველი ოპერატორი); ინტერნეტ (IPTV) ტელევიზიას (2016 წლიდან) და სადენიან ინტერნეტს (2016 წლიდან).
დღეისათვის „მაგთიკომის“ მობილურ ქსელში გაერთიანებულია ყველა თაობის მობილური ტექნოლოგია: GSM (2G და 2.5G. ქსელი მუშაობს 900 და 1800 მეგაჰერც სიხშირეზე), UMTS და HSPA+ (3G და 3.5G. ქსელი მუშაობს 900 და 2100 მეგაჰერც სიხშირეზე და LTE (4G და 4.5G. ქსელი მუშაობს 800 და 1800 მეგაჰერც სიხშირეზე). კომპანია, რიგი სერვისების მისაწოდებლად, ასევე იყენებს CDMA 450 მეგაჰერც სიხშირეს.
„მაგთიკომი“ ყველაზე ვრცელი დაფარვის არეალით არის წარმოდგენილი (4650 საბაზო სადგური) და საქართველოს დასახლებული და კონტროლირებადი ტერიტორიის 98%-ს ფარავს. „მაგთიკომი“ მობილურ ბაზარზე ლიდერია (ბაზრის წილი: 42%; 2016 წლის სექტემბერი). ყველა მომსახურებით, კომპანია 3 მილიონამდე აბონენტს 51 მომსახურების და 5 მობილური ოფისით ემსახურება. 2017 წლის იანვრის მონაცემებით „მაგთიკომის“ წვლილი ქართული ეკონომიკის გავითარებაში წარმოადგენს – 1.663.058.458 ლარს.
2016 წლიდან, „მაგთიკომი“ ISPოპერატორი და, შედეგად, სრული საკომუნუკაციო სერვისის მიმწოდებელია.
მასალა მოამზადა: ციცი კიკვაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”