close
გამოგონება - ინოვაციასაქართველო

ახალგაზრდა გამომგონებელი, რომელმაც ნასაში იმოგზაურა, საზოგადოებას ინოვაციურ ეტლს სთავაზობს

 კარლო ხუციშვილი წლის საუკეთესო ინოვატორი გამომგონებელია. მან ახლახან საზოგადოებას წარუდგინა ახალი გამოგონება, რომელზეც მეგობარ ნინო აბელაშვილთან ერთად მუშაობდა. ,,ნონსტოპი” არის ინოვაციური ეტლი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეუმსუბუქებს და გაუუმჯობესებს ცხოვრებას. იმისათვის, რომ სხვადასხვა დეტალი გაეთვალისწინებინათ, ახალგაზრდა გამომგონებლები შეხვდნენ შშმ პირებს, გაეცნენ ყველა ნიუანსს, რაც აწუხებთ ეტლით მოსარგებლეებს.

,,ეტლზე მაგრდება წამყვანი კონსტრუქცია, რომელშიც ჩამონტაჟებულია: ძრავი, სპეციალური სქემა, აკუმულატორი, სხვადასხვა სენსორი, ეს კი უფრო სწრაფსა და გარემოზე მორგებულს ხდის. როგორც წესი, ელექტროეტლები 38 კილოგრამს იწონის, ჩვენი ეტლი სულ 10 კილოგრამია, წამყვანი კონსტრუქცია – 12, მოგეხსენებათ, ურთულესია ტრანსპორტირება, ჩვენი გამოგონება კი სრულიად აგვარებს ამ პრობლემას. წამყვანი კონსტრუქცია და ეტლიც იკეცება, რაც ამარტივებს გადაადგილებას. ეტლს შეუძლია განავითაროს 50-დან 70 კმ/სთ სიჩქარე, ელემენტის ხანგრძლივობა კი 4 საათია,” – აღნიშნა კარლო ხუციშვილმა.

მუშაობის პროცესში გაჩნდა კიდევ ბევრი იდეა, მაგალითად, შეიქმნა ხელთათმანი ისეთი ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ ხელის მტევნის პრობლემები და ვერ ახერხებენ ეტლის მართვას. ხელთათმანის საშუალებით მომხმარებელი შეძლებს მტევნის გაშლასა და მოკეცვას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეტლის დამოუკიდებლად მართვას, ეტლი მოძრაობს იმ მიმართულებით, საითაც ხელი გადაიხრება.  ეტლი, აგრეთვე, მორგებულია უსინათლო და სმენადაქვეითებულ ადამიანებზე, დამონტაჟებულია სპეციალური სენსორები, რომელთა საშუალებითაც ეტლით მოსარგებლე იგებს დაბრკოლების შესახებ.

გამომგონებლის თქმით: ,,ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანს ეტლი უბრუნდება ან რაიმეს ეჯახება, ეს კი უმეტესად სხეულის დაზიანებებით სრულდება, აღარაფერს ვამბობ ფსიქოლოგიურ დაძაბულობასა და უდიდეს სტრესზე. ჩვენ ეს პრობლემაც გადავჭერით. ინოვაციური დიზაინით შევქმენით ჩაფხუტი, მასში ჩამონტაჟებულია სენსორი, რომელიც აღიქვამს დაჯახებას, გადახრას, გადატრიალებას. ამ დროს ინფორმაცია მიეწოდება მთავარ სქემას, სქემა კი ხსნის კოლბას, რომელშიც ჰაერია ჩატუმბული, ჰაერის დიდი ნაკადი გამოიტყორცნება გარეთ და გაიშლება ჩაფხუტი, ამ მეთოდით დავიცავთ ეტლით მოსარგებლეს დაზიანებისგან. აგრეთვე, ბევრი ბავშვის ოცნებაა, რომ დამოუკიდებლად გავიდეს გარეთ, ნახოს მეგობრები, ისეირნოს. ამისთვის შევქმენით პროგრამა, მისი საშუალებით მშობელი შეძლებს სახლიდან აკონტროლოს შვილი და მართოს ეტლი საჭიროების შემთხვევაში.”

აღსანიშნავია, რომ კარლო ხუციშვილმა მეგობარ ირაკლი კაპანაძესთან ერთად გაიმარჯვა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში (Millennium Innovations Award – MIA). მათ მონაწილეობა მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების კონრადის ფონდის ინოვაციების სამიტში ნასას კოსმოსურ ცენტრში. ახალგაზრდა გამომგონებლებმა წარმოადგინეს პროექტი ,,მულტიკლიმატიზატორი”. მათი შექმნილი მოწყობილობით შესაძლებელია რამდენიმე დღით ადრე ლოკალური ამინდის პროგნოზირება, ტენიანობისა და ტემპერატურის ზუსტი გაზომვა. ხელსაწყო ეხმარება ფერმერებს, რომ წინასწარ გაიგონ მოსალოდნელი სეტყვისა თუ წვიმის შესახებ.

კიდევ ერთი გამოგონება, რომელმაც დიდი წარმატება მოუტანა ახალგაზრდა გამომგონებელს, Life Saver-ია. მასზე დასთან, ანა ხუციშვილთან ერთად მუშაობდა. ეს არის უპილოტო გამნაღმველი სისტემა, რომელიც აიპადით იმართება. შესაბამისი კოორდინატების მითითების შემდეგ, მოწყობილობა გაფრინდება და მონიშნავს იმ ადგილებს, სადაც ნაღმია განლაგებული. სპეციალური სისტემით შესაძლებელია ნაღმის გაუნებელყოფა. ეს გამოგონება უამრავი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.

,,გულდასაწყვეტია, რომ სახელმწიფო დიდ ყურადღებას არ აქცევს მათ, ვისაც ტექნოლოგიური ნიჭი აქვთ და შეუძლიათ, რომ ქვეყნის სახელი მსოფლიოს მასშტაბით ღირსეულად წარმოადგინონ. მე, მაგალითად, მაქვს გამოგონებები, თუმცა ვერ ვახერხებ დაპატენტებას, რადგან დიდი თანხაა საჭირო, პირადი ხარჯებით ვცდილობ იდეების განხორციელებას, დღეს ყველაფერი პიარის დონეზე კეთდება. მე მოტივირებული ვარ და რამდენჯერმე გავიმარჯვე სხვადასხვა კონკურსში, სწორედ ამას ვურჩევდი ახალგაზრდებს, იბრძოლონ მიზნისთვის, რადგან შეუძლებელი მართლაც არაფერია. უმთავრესია პიროვნული ზრდა და თვითგანვითარება, მე ავიხდინე ოცნება და გავემგზავრე ნასაში,” – აღნიშნა კარლო ხუციშვილმა.

 

მასალა მოამზადა: ნინი მშვენიერიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid