close
ბიზნესი

შეცდომები, რომლებიც კარგ თანამშრომლებს სამსახურიდან წასვლას აიძულებს

 

საოცარია, თუ რამდენად ხშირად გვესმის ამა თუ იმ ხელმძღვანელისგან, რომ მათმა საუკეთესო თანამშომელმა კომპანია დატოვა. კარგი იქნებოდა თუ იმ რამდენიმე არასწორ ნაბიჯზე დაფიქრდებოდნენ, რაც იმდენად დამანგრეველია, რომ საუკეთესო ადამიანებს კარისკენ უბიძგებს.

მენეჯერებს თავიანთ პრობლემებში ყველაფერის დადანაშაულება შეუძლიათ, მაგრამ ერთ მნიშვნელოვან საკითხს კი მუდამ აიგნორებენ – თანამშრომლები არა სამსახურიდან, არამედ თავიანთი ხელმძღვანელებისგან მიდიან.

სამწუხარო კი ის არის, თუ რამდენად ადვილია გადინების პრევენცია და რამდენად ნაკლები ყურადღება ექცევა საჭირო ზომების მიღებას. ერთადერთი, რაც დაგვეხმარება ახალი ხედვა და ხელმძღვანელის დამატებითი ძალისხმევაა.

ორგანიზაციებმა მშვენივრად იციან, რამდენად მნიშვნელოვანია თანამშრომლების მოტივაცია და მათი ჩართულობა. მაგრამ მათი უმეტესობა ვერ ახერხებს მენეჯერებს ამ მიმართულებით პასუხისმგებლობა გააცნობიერებინოს, რაც ქვედა რგოლის პრობლემების მიზეზი ხდება.

კალიფორნიის უნივერსიტეტის კვლევის პროცესში აღმოჩნდა, რომ მოტივირებული თანამშრომელი 31%-ით მეტად პროდუქტიულია და ასეთ შემთხვევაში გაყიდვები 37%-ით იზრდება. გარდა ამისა, მოტივირებული თანამშრომელი დემოტივირებულზე სამჯერ კრეატიულია. კორპორაციული ლიდერობის საკონსულოს კვლევის თანახმად კი, რაშიც 50 000 ადამიანი მონაწილეობდა, მოტივირებული თანამშრომლის სამსახურიდან წასვლა 87%-ით ნაკლებად არის მოსალოდნელი.

კვლევები გვიჩვენებს, რომ თანამშრომლების 70%-ის მოტივაცია მთლიანად მის ხელმძღვანელზეა დამოკიდებული. ასე რომ, მოდი, თვალი გადავავლოთ იმ ყველაზე ცუდი მოქმედებებს, რითაც მენეჯერები თანამშრომლებს ნივთების ჩალაგებისკენ მიმართავენ.

გადატვირთული სამუშაო გრაფიკი: კარგი თანამშრომლის სწრაფი გამოფიტვის მიზეზი ხშირად გადატვირთული სამუშაო გრაფიკია. საუკეთესო თანამშრომლების თავდაუზოგავი შრომა იმდენად მაცდურად გამოიყურება, რომ ხელმძღვანელები ხშირად ვერც კი აღწევენ თავს ამ მახეს. გადატვირთული კარგ თანამშრომელთან მუშაობა რთულია; თავს ისე გრძნობს, თითქოს კარგად შესრულებული სამუშაოსთვის დასაჯეს. გადატვირთული თანამშრომელი არაპროდუქტიულიცაა. სტენფორდის ახალი კვლევის თანახმად, თუ კვირაში 50 საათზე მეტს ვმუშაობთ, პროდუქტიულობა მკვეთრად ეცემა, ხოლო 55-საათიანი სამუშაო კვირის შემდეგ კი, საერთოდ ქრება.

გახსოვდეთ, რომ სამუშაოს გაზრდასთან ერთად, მათი სტატუსიც უნდა შეცვალოთ. ნიჭიერი თანამშრომელი ბევრ დავალებას გაუმკლავდება, მაგრამ არ დარჩება კომპანიაში, თუ საქმე მათ პროცესს აფერხებს. დაწინაურება და ანაზღაურების გაზრდა სამუშაოს მომატების მისაღები ფორმაა. თუ მხოლოდ იმის გამო გაზრდით დატვირთვას, რომ თანამშრომელი ნიჭიერია, აუცილებლად ისეთ სამსახურს მოძებნის, რასაც იმსახურებს.

კარგად შესრულებული დავალება დაუფასებელი და დაუჯილდოვებელი რჩება. შექების ძალის ვერ შეფასება, განსაკუთრებით კი ზემოტივირებული თანამშრომლის შემთხვევაში, ძალზედ სარისკოა. შექება ყველას მოსწონს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც თავდაუზოგავად შრომობს და საქმეში მთლიანად ერთვება. მენეჯერებმა თავიანთ თანამშრომლებთან კომუნიკაცია უნდა დაამყარონ და გაარკვიონ, რითი კმაყოფილდებიან და რა აგრძნობინებს თავს კარგად (ზოგისთვის ეს შეიძლება ანაზღაურების ზრდა იყოს, ზოგისთვის კი აღიარება) და შემდეგ კარგად შესრულებული სამუშაოსთვის შესაბამისად დააჯილდოვონ. თუ ყველაფერს სწორად აკეთებთ, კარგი მუშაკის დაჯილდოვება ხშირად მოგიწევთ.

ვერ ახერხებენ თანამშრომლების უნარების განვითარებას. როცა ხელმძღვანელებს თანამშრომლისადმი უყურადღებობისკენ უთითებენ, ხშირად თავს ისეთი სიტყვებით იმართლებენ, როგორიცაა „ნდობა“ და „ავტონომია“. ეს ყველაფერი აბსოლუტური სისულელეა. კარგი ხელმძღვანელი მართავს იმისდა მიუხედავად, თუ რამდენად ნიჭიერია მისი თანამშრომელი. ისინი ყურადღებით არიან, მუდამ უსმენენ და არც უკუკავშირს იშურებენ.

მართვა დასაწყისია, მაგრამ საბოლოო წერტილი ნამდვილად არ არის. როცა ნიჭიერი თანამშრომელი გყავს, მთლიანად შენზეა დამოკიდებული თუ რა მიმართულებით განავითარებ მის უნარებს. ყველაზე ნიჭიერი თანამშრომლისთვის უკუკავშირი უმნიშვნელოვანესია, გაცილებით მნიშვნელოვანი ვიდრე ეს ნაკლებად ნიჭიერისთვის შეიძლება იყოს და ამ უკუკავშირით უზრუნველყოფა კი თქვენი, მენეჯერის მოვალეობაა. თუ ვერ მოახერხებთ, თქვენს საუკეთესო თანამშრომელს მოსწყინდება და აღარც ეცდება განვითარებას.

არ ზრუნავენ თანამშრომლებზე. იმ ადამიანების ნახევარზე მეტი, რომელიც სამსახურიდან წამოსვლის გადაწყვეტილებას იღებს, ამ ნაბიჯს თავიანთ ხელმძღვანელთან ურთიერთობის გამო დგამს. წინდახედული კომპანიები მენეჯერებს პროფესიონალსა და კარგ ადამიანად ყოფნის ბალანსის პოვნაში ეხმარებიან. ეს სწორედ ის ხალხია, რომლებიც თავიანთი თანამშრომლების წარმატებას ზეიმობენ, განიცდიან მათ წარუმატებლობას და გამოწვევებსაც არ უფრთხიან. იმ მენეჯერებს, რომლებიც ზრუნვას ვერ ახერხებენ ყოველთვის დიდი გადინება აქვთ. რთულია ისეთ ადამიანთან დღეში რვა საათზე მეტხანს მუშაობა, რომელიც შენს საქმიანობაში მთლიანად არ არის ჩართული და შენი შედეგებიც ნაკლებად ადარდებს.

არ სცემენ პატივს საკუთარ დანაპირებს. ადამიანისთვის პირობის მიცემა მათი ბედნიერების და მათი კომპანიიდან წასვლის ზღვარზე გაყენებთ. როცა დანაპირებს ასრულებთ, მათ თვალში იზრდებით, რადგან ამტკიცებთ, რომ სანდო და პატივსაცემი (ხელმძღვანელის ორი უმნიშვნელოვანესი თვისება) ადამიანი ბრძანდებით. მაგრამ როცა პირობას ტეხთ, არასანდოს და უყურადღებოს იარლიყი მოგეკერებათ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუ ხელმძღვანელი პირობას არ ასრულებს, დაქვემდებარებული რაღა ვალდებულია?

არასწორ ადამიანებს ქირაობენ და აწინაურებენ. კარგ, შრომისმოყვარე თანამშრომელს თავის მსგავს პროფესიონალთან ერთად მუშაობა სურს. როცა ხელმძღვანელი თანამშრომლად არაპროფესიონალს იყვანს, მის გვერდით მუშაობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი დემოტივატორი ხდება. დაუმსახურებელი დაწინაურება კი კიდევ უფრო მძიმე შედეგის მომტანია. როცა დაწინაურებისთვის მუხლჩაუხრელად მუშაობთ და ეს ჯილდო აბსოლუტურად დაუმსახურებლად გადაეცემა სხვას, თავს ღრმად შეურაცხყოფილად გრძნობთ. რასაკვირველია, ამგვარად კარგ თანამშრომელს აუცილებლად დაკარგავთ.

ადამიანებს თავიანთი მისწრაფებების განხორციელების უფლებას არ აძლევენ. ნიჭიერი თანამშრომლები მუდმივად რაღაცისკენ ისწრაფვიან. მათი მისწრაფებებისთვის შესაბამისი ნიადაგის შექმნა მათივე პროდუქტიულობას და სამუშაოთი კმაყოფილებას ზრდის. თუმცა, პრობლემა ის არის, რომ უამრავი მენეჯერი ცდილობს თანამშრომლებმა მათთან ერთად, ჩაკეტილ, პატარა ყუთში იმუშაონ. ისინი შიშობენ, რომ თუ დაქვემდებარებულებს ფოკუსის გაზრდის და მისწრაფებებისკენ სვლის საშუალებას მისცემენ, მათი პროდუქტიულოობა შემცირდება. კვლევები კი საწინააღმდეგოს ამტკიცებს – სწორედ ასეთ დროს ადამიანი ეიფორიულად აზროვნებს, რაც ნორმალურზე ხუთჯერ პროდუქტიულად აქცევს.

ნაკლებად კრეატიულები არიან. ყველაზე ნიჭიერი თანამშრომელი ყველაფრის გაუმჯობესებას ცდილობს. თუ მათი ცვლილებებისადმი და გაუმჯობესებისადმი მიდრეკილებას მხოლოდ თქვენი სტატუს ქვოს შესანარჩუნებლად დაბლოკავთ, სამსახურს შეაძულებთ. ახლის შექმნის სურვილის შეზღუდვა მხოლოდ მათ კი არა, თქვენც გიწესებთ ლიმიტებს.

არ აყენებენ ინტელექტუალური გამოწვევების წინაშე. კარგი ხელმძღვანელი თანამშრომლებს ერთი შეხედვით შეუსრულებელი დავალებისკენ მიმართავს. ყოველდღიური, ჩვეული მიზნების ნაცვლად, ისეთ ამოცანებს სვამენ, რაც ადამიანს თავიანთი კომფორტის ზონის დარღვევას აიძულებს. შემდეგ კი ყველაფერს აკეთებენ, რომ წარმატებას მიაღწიონ. როცა ნიჭიერი თანამშრომელი ადვილ და მოსაბეზრებელ სამუშაოს აკეთებს, ისეთი სამუშაოს ძებნას იწყებს, რაც ახალ გამოწვევებს შესთავაზებს.

რომ შევაჯამოთ, თუ თქვენი საუკეთესო თანამშრომლების შენარჩუნება გსურთ, აუცილებლად ყურადღებით უნდა მოიქცეთ – ნიჭი ფართო შესაძლებლობებს აძლევს. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რომ თქვენთან ერთად მუშაობის სურვილი თავადვე გაუჩნდეთ.

 

წყარო: linkedIn.com

მასალა მოამზადა: ციცი კიკვაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid