2 აპრილს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რითაც ქვეყანა ოფიციალურად გადაერთვება ნახევრადსაპრეზიდენტოდან, საპარლამენტო პოლიტიკურ სისტემაზე.
სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტიურობამ 60%-ს მიაღწია. ხმათა უმრავლესობა, დაახლოებით 49,15 % და 55 ადგილი 105-დან პარლამენტში, მიიღო მმართველმა „რესპუბლიკურმა პარტიამ“, რომელსაც სათავეში პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი უდგას. მეორე ადგილზე გავიდა მემარჯვენე-ცენტრისტული და პრორუსული პარტია, რომლის ლიდერი ოლიგარქი – გაგიკ ცარუკიანია.
პოლიტიკური სისტემის ცვლილებისათვის კონსტიტუციური რეფერენდუმი სომხეთში 2015 წლის დეკემბერში ჩატარდა. პროცესი დასრულდება 2018 წლის აპრილში, როდესაც ამჟამინდელ პრეზიდენტს, სერჟ სარქისიანს, მოუწევს პოსტის დატოვება. აღმასრულებელი ძალაუფლება პრემიერ-მინისტრს გადაეცემა, რომელსაც თავად პარლამენტი დანიშნავს. მსგავსი ცვლილებებით სომხეთი ძირეულად განსხვავდება პოსტსაბჭოთა სხვა ქვეყნებისაგან, რომელთა უმეტესობასაც ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობის სისტემა აქვს.
თუმცა, კრიტიკოსების აზრით, სომხეთის სადავო ტრანზიცია პარლამენტარიზმისაკენ, უფრო მეტად უკავშირდება პოლიტიკური ელიტების სურვილს, შეინარჩუნონ ძალაუფლება, ვიდრე დემოკრატიზაციის პროცესებს, იმის გათვალისწინებით, რომ კონსტიტუციური რეფორმა თავად პრეზიდენტ სერჟ სარქისიანის ინიცირებული იყო, რათა თავი აერიდებინა კონსტიტუციით გათვალისწინებული მანამდე არსებული შეზღუდვისთვის, რომლის მიხედვითაც, მეორე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, იგი დაკარგავდა ძალაუფლებას.
ახალი კონსტიტუცია კი მას ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს: გახდეს პრემიერ-მინისტრი, დანიშნოს „მემკვიდრე“, თავად კი გააგრძელოს პოლიტიკური საქმიანობა, როგორც მმართველი პარტიისა და ქვეყნის ლიდერმა. მსგავსი მექანიზმები არ არის უჩვეულო პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებში. მაგალითად, აზერბაიჯანისთვის, რომლის პრეზიდენტმა კონტიტუციური რეფორმა გაატარა საპრეზიდენტო ვადის გასახანგრძლივებლად.
რაც შეეხება მეორე პარტიას, ხმათა 28%-ით, მისი ლიდერია მილიარდერი გაგიკ ცარუკიანი, რომელსაც სომხეთში რესპუბლიკური პარტიისა და სერჟ სარქისიანის ალტერნატივად მოიაზრებენ. ბიზნესმენმა გავლენა და მოსახლეობის დიდი ნაწილის კეთილგანწყობის მოპოვება საქველმოქმედო აქტივობებით შეძლო, რასაც აქტიურად აშუქებდა და პროპაგანდირებდა სომხური მედიაც.
ცარუკიანს ხშირად ადარებენ უკვე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს – დონალდ ტრამპსაც. სხვა ბევრ მიზეზს შორის, ერთ-ერთია მათი მდიდურული ცხოვრების სტილი და პოპულისტური რიტორიკა, დაპირებები „ყველაფერი ყველასთვის” სტილში. ცარუკიანიც, სხვადასხვა შეფასებით, თავის თავს საზოგადოების, სომხეთის მოქალაქეების ადამიანად აღიქვამს და როგორც თავად უწოდებს თავს, ის უბრალო ადამიანია „მუშათა ოჯახიდან“, რომელსაც არ აქვს ჰარვარდის დიპლომი.
წინასწარი მონაცემებით, ცარუკიანი ლიდერობდა კიდეც, რადგან გაუარესებული და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო, მას დიდი მხარდაჭერა ჰქონდა სომხეთის მოსახლეობის მხრიდან. ამიტომაც, კრიტიკოსები სერჟ სარქისიანს ადანაშაულებენ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაში, რათა მოესყიდათ პოტენციური ამომრჩევლები, ძირითადად, საჯარო სექტორიდან, იმის გათვალისწინებით, რომ ისინი უფრო მოწყვლადნი იყვნენ შანტაჟის მიმართ.
მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო შეფასებით არჩევნები, ზოგადად, მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, ხაზი ესმება მოსყიდვისა და ზეწოლის ფაქტებს, რამაც მნიშვნელოვნად შეუქმნა საფრთხე არჩევნების სანდოობასა და სამართლიანობას.
მხოლოდ დსთ-ის სადამკვირვებლო კომისია აფასებს სომხეთის არჩევნებს დადებით კონტექსტში: „გარემოებებმა, რომელშიც არჩევნები მიმდინარეობდა, გადაარჭაბა დასავლური ქვეყნების გამოცდილებას, რომლებიც თავად ცდილობენ გვასწავლონ როგორ უნდა მოხდეს არჩევნების ორგანიზება,“- აღნიშნავს სერგეი ლებედევი, კომისიის ხელმძღვანელი.
,,დოქტრინა“ ,,დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის” გამგეობის წევრს, ტატო ირემაძეს დაუკავშირდა, რომელიც თავად იმყოფებოდა სომხეთში არჩევნების დროს და საშუალება ჰქონდა პირდაპირ შეეფასებინა არსებული მდგომარეობა.
„უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია არჩევნების მიმდინარეობა სხვადასხვა უბანზე. იმის გათვალისწინებით, რომ მე, პირადად, ერევნის 2 ოლქში (#10,#7) ვაკვირდებოდი არჩევნების მიმდინარეობას, შეიძლება ითქვას, რომ, დიდწილად, პროცესი მშვიდ რეჟიმში მიმდინარეობდა. თუმცა, იკვეთებოდა ისეთი დარღვევები, როგორიცაა -საუბნო საარჩევნო კომისიის მხრიდან დარღვევებზე რეაგირების უგულებელყოფა და იგნორირება (რამდენიმე ამომრჩევლის ერთად კაბინაში ყოფნა, ვისაც ამის უფლება არ ჰქონდა, რიგების არასწორი გადანაწილება და ა.შ). რაც შეეხება საბოლოო შედეგებს, ყურადღება უნდა გავამახვილოთ ეუთოს შეფასებაზე, რომელმაც გააკრიტიკა პროცესის სანდოობა. მათი აზრით, გამოვლინდა ამომრჩევლებზე ზეწოლისა და ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტები. ასევე, აღსანიშნავია, რომ ეგზიტპოლის პირველადი შედეგები თითქმის უცვლელად დატოვა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, რაც გარკვეულ კითხვებს ბადებს. რესპუბლიკური პარტიის გამარჯვება და მმართველ ძალად თითქმის იგივე შემადგენლობის უცვლელად დატოვება, ასევე, არ უნდა იყოს პოზიტიური პროცესი პროგრესისთვის, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნებით. ამას ემატება ხმათა 27,39%-ით მეორე ადგილზე „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი კოალიციური პარტნიორის, მემარჯვენე-ცენტრისტული ალიანსის გასვლა, რომელსაც ოლიგარქი – გაგიკ ცარუკიანი – ხელმძღვანელობს. მართალია, მანდატები მოიპოვეს და 5%-იანი ბარიერი გადალახეს ნახევრად პროდასავლურმა პარტიებმა, თუ შეიძლება ასე ითქვას, („ელკი“ და “დაშნაკ ცუტუნი“), თუმცა, იმ გარემოებიდან გამომდინარე, რაც ზემოაღნიშნული 2 პარტიის პირველ და მეორე ადგილებზე გასვლას გულისხმობს, მათ რამდენად ექნებათ „პოლიტიკური ტრიბუნა“ სომხეთის პოლიტიკურ და სოციალურ რეალობაში, ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება“.
მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”
ავტორი: ცირა შვანგირაძე