რამდენიმე დღის წინ საქართველოს მედიასივრცეში გავრცელდა ახალი ამბავი, რომ მსოფლიოს ყავახანების ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული და დიდი სავაჭრო ბრუნვის მქონე ბრენდი –„Starbucks-ი” – საქართველოში შემოდის.
ყველა ყავის მოყვარულისთვის საკმაოდ სასიამოვნო ამბავი სიცრუე აღმოჩნდა.
ყავის ცნობილ კომპანიაში აცხადებენ, რომ მედიაში გავრცელებული ცნობა, საქართველოში „Starbucks-ის” ყავის ქარხნისა და მაღაზიის გახსნაზე, ჭორი და სპეკულაციაა.
თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში დამატებითი განმარტება გააკეთეს და განაცხადეს, რომ 2016 წლის დეკემბერში, თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭომ, შპს ,,კაფსულოს” კახეთის გზატკეცილზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების ნებართვა მისცა, მაგრამ პროექტის დეტალური აღწერილობა ჯერჯერობით არ არსებობს.
როგორც მერიაში აცხადებენ, ოფიციალურ დოკუმენტებში კომპანია ,,Starbucks-ი” არ ფიგურირებდა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მრავალფუნქციურ კომპლექსში იქნება როგორც სავაჭრო ობიექტი, ისე ყავის საწარმო.
რამდენიმე დღის წინ ,,დოქტრინამაც” გამოაქვეყნა სტატია, სადაც საუბარი იყო „Starbucks-ის”საქართველოში შემოსვლაზე, ბოდიშს გიხდით არასწორი ინფორმაციის მოწოდებისთვის.
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”