„Startup Beats-ი“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ახალი პროექტია. აღნიშნულის შესახებ „დოქტრინა“ პროექტის მენეჯერს, მარიამ შარანგიას, გაესაუბრა.
-უპირველეს ყოვლისა, მკითხველს მოუყევით -„Startup Beats-ის“ შესახებ. ვინ ახორციელებს პროექტს და რა არის მიზანი?
-„Startup Beats“ ქართულად ნიშნავს სტარტაპების გულისცემას, დინამიკას, სწორედ ამ დინამიკისა და ქართული სტარტაპსაზოგადოების შექმნა და განვითარებაა ჩვენი მთავარი მიზანი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში დამყარდეს საქმიანი ურთიერთობა სტარტაპებს შორის. „სტარტაპ ბითსის“ ფარგლებში ხორციელდება რეგულარული შეხვედრები, სადაც სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებულo ადამიანები (მათ შორის, წარმატებული სტარტაპერები) გამოცდილებას უზიარებენ დამსწრე საზოგადოებას.
-უკვე რამდენიმე თვეა პროექტი მიმდინარეობს და ამ პერიოდში არაერთი შეხვედრა გაიმართა. გვესაუბრეთ აღნიშნულის შესახებ. კონკრეტულად ვინ იყვნენ მოწვეულები.
-პროექტი მარტის თვეში დაიწყო და მას შემდეგ აქტიურად მიმდინარეობს. გაიმართა საინტერესო შეხვედრები წარმატებულ სტარტაპერებთან სხვადასხვა ინდუსტრიიდან, როგორებიც არიან: ბაჩო ხაჩიძე („თრიფექსის“ თანადამფუძნებელი), შოთა გიორგობიანი („ოპტიო ეიაის“ დამფუძნებელი), ვახო ვახტანგიშვილი („ლივინგსტონის“ დამფუძნებელი), გუკა თავბერიძე („სავსეს“ დამფუძნებელი), გიორგი არისონი („Shift.com- ის“ დამფუძნებელი).
ამ პროექტის ფარგლებში მოვიწვიეთ წარმატებული ადამიანები, მათ შორის ისინიც, რომელთა წარმატება გასცდა საქართველოს საზღვრებს (მაგ: გუკა თავბერიძე – „სავსეს“ დამფუძნებელი ბრიტანეთში მოღვაწეობს, გიორგი არისონი – „shift.com“-ის დამფუძნებელი – აშშ-ში).
ღონისძიება იწყება მოკლე პრეზენტაციით, სტარტაპერები თავიანთი სტარტაპისა და საკუთარი თავის შესახებ ყვებიან, შემდეგ ღონისძიება გადადის კითხვა-პასუხის რეჟიმში, სტარტაპერებს ეძლევათ აზრისა გამოთქმისა და კითხვის დასმის საშუალება.
აღსანიშნავია, რომ „სტარტაპ ბითსის“ ფარგლებში მოხდა სასიამოვნო ფაქტი, გიორგი არისონი აპირებს, რომ ტექნოპარკში განთავსებულ ერთ-ერთ სტარტაპში ინვესტიციია ჩადოს. „სტარტაპ ბითსი“ აძლევს სტარტაპებს ერთმანეთის გაცნობის, სპიკერთან დაახლოების საშუალებას, რაც მათთვის დამატებითი კონტაქტების (პოტენციური პარტნიორების, ინვესტორების) მოძიების საშუალებაც არის.
საზოგადოებისგან დაინტერესება როგორია? რამდენად აქტიურად ესწრებიან მსგავსი ტიპის შეხვედრებს?
-საზოგადოების ჩართულობა საკმაოდ მაღალია, დაახლოებით 100-200 დამსწრე ჰყავს ,,სტარტაპ ბითსის” ღონისძიებებს და ისინი აქტიურად არიან ჩართული მათ მსვლელობაში.
-სამომავლო გეგმებზე გვესაუბრეთ. რა სიახლეები იქნება აღნიშნული პროექტის ფარგლებში.
-„სტარტაპ ბითსი“ გრძელვადიანი პროდუქტია, იგეგმება პროექტის უფრო ინტენსიურ რეჟიმში გადაყვანა. ვაპირებთ, თბილისის ყველა უნივერსიტეტში ჩავატაროთ სხადასხვა ღონისძიება. გაფართოვდება ,,სტარტაპ ბითსის” ფორმატი.
-პროექტი მხოლოდ შეხვედრებს მოიცავს თუ სხვა მიმართულებითაც გეგმავთ განვითარებას?
-ამ ეტაპზე, პროექტი მხოლოდ შეხვედრებს მოიცავს. მომავალში იგეგმება, რომ „სტარტაპ ბითსმა“ მიიღოს სხვა ფორმატიც ვორქშოპების, ტრენინგების, დისკუსიების სახით, რაც დამატებით ხელს შეუწყობს ქართული სტარტაპების ზრდასა და განვითარებას. დაგვეხმარება, რომ უკეთ გავიგოთ სტარტაპების საჭიროებები და დავგეგმოთ შესაბამისი აქტივობები.
„სტარტაპ ბითსი“ საინტერესოა არა მხოლოდ იმიტომ, რომ მოუსმინონ გამოცდილ და საინტერესო სპიკერებს და მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია, არამედ იმიტომ, რომ გაიცნონ ინოვატორი და შემოქმედებითი ახალგაზრდები და გახდნენ ქართული სტარტაპსაზოგადოების სრულყოფილი ნაწილი.
მასალა მოამზადა: ნინი მშვენიერიძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”