close

მალე ქართველ მკითხველს უპრეცედენტო  „STEM სამზარეულოს“ წიგნის გაცნობის საშუალება მიეცემა. წიგნი საკმაოდ საინტერესოა სტრუქტურა აქვს და მისი მთავარი პერსონაჟი – უცხოპლანეტელი ალი დედამიწაზე საკუთარი კვლევის შედეგებს გაგიზიარებთ, პერსონაჟი მეგზურობას გაგიწევთ მეცნიერების ტექნოლოგიების ინჟინერიისა და მათემატიკის საინტერესო სფეროებში. იმის შესახებ თუ კონკრეტულად რას გვპირდებიან საღამოს ორგანიზატორები, იდეის ერთ-ერთი ავტორი – თაკო ბასიაშვილი გვიამბობს.

-თაკო, დაწვრილებით გვიამბე რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს მკითხველს თქვენი წიგნისგან?

STEM სამზარეულო – არის წიგნი, რომელიც ახალგაზრდა მკითხველს მეცნიერულად გააცნობს სამზარეულოში ყოველდღიურად მიმდინარე პროცესებს. წიგნი ყველასთვის საყვარელი გემრიელი კერძების მზადებისას მიმდინარე მეცნიერულ პროცესებს საინტერესოდ ხსნის და ასევე, სახლის პირობებში სახალისო ექსპერიმენტების ჩატარებასაც ასწავლის მკითხველს. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექმნებათ იდუმალებით მოცული მეცნიერული სამყარო საკუთარი გამოცდილებით შეიცნონ და ცოდნის გაღრმავებასთან ერთად დრო სასიამოვნოდაც გაატარონ.

-ძირითადად რომელი ასაკობრივი სპექტრისთვის არის წიგნი განკუთვნილი?

-მე მივიჩნევ, რომ წიგნი საინტერესო იქნება ყველასთვის, განურჩევლად ასაკისა, რადგან აქ მკითხველი შეხვდება 20-ზე მეტ მეცნიერულად ახსნილ რეცეპტს, რომელთა შორისაც არის NASA-ს ასტრონავტის – ჰაიდი ფაიფერისა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორის – ჯენერ ედელმანის საავტორო რეცეპტებიც. წიგნში შესულია 10 სახლის პირობებში მარტივად ჩასატარებელი ექსპერიმენტი, რომელიც თქვენ და თქვენს პატარებს საშუალებას მოგცემთ, საკუთარ თავში ნამდვილი მეცნიერი აღმოაჩინოთ.

-ვინ არიან წიგნის ავტორები და როგორ შეძელით იდეის პრაქტიკულად განხორციელება?

-წიგნის ავტორები გახლავთ დავით კეკენაძე და სოფიო დაფქვიაშვილი, ილუსტრატორი კი  – სალომე ხაზარაძე. ჩემთან ერთად, პროექტს ორგანიზებას უწევს ანა შალამბერიძე. მე და ანა სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტები ვართ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პროექტი ჩვენი უნივერსიტეტის მხარდაჭერით დაიწყო, მის ფინანსურ განხორციელებაში კი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო დაგვეხმარა.

-როდესაც პროექტზე მუშაობა დაიწყეთ, რა წარმოადგენდა თქვენს ძირითად მიზანს?

ჩვენი პროექტის მთავარი მიზანია სკოლის მოსწავლეებში გავზარდოთ ცნობიერება STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) სფეროების მიმართულებით და ადრეული ასაკიდან დავნერგოთ სკოლის მოსწავლეებში მეცნიერებისა და ტექნოლოგიური სფეროების მიმართ ინტერესი. სწორედ ამიტომ ხსნის წიგნი ახალგაზრდებისთვის მარტივად აღსაქმელ ყოველდღიურ სამზარეულო საქმიანობების უკან დამალულ მეცნიერულ მოვლენებს.

-სად შეუძლია მსურველს „STEM სამზარეულოს“ შეძენა?

-უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავ, რომ პროექტი განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დაფინანსებით და წიგნის პირველი გამოშვება უფასოდ დაურიგდებათ სკოლებს და მოსწავლეებს მთელი საქართველოს მაშტაბით. ასევე, პრეზენტაციაზე მოსული თითოეული მსმენელიც მიიღებს წიგნს საჩუქრად.

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

 

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid