close
ფილოსოფიაფსიქოლოგია

სტოიციზმი ანუ როგორ ვიყოთ ბედნიერები რთულ სიტუაციებში?

 

როგორ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, როცა ცხოვრება გვიწევს დაძაბულ რიტმსა და მძიმე ინფორმაციულ გარემოში? სწორედ ამას გვასწავლიან სტოიკები, ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ სიტუაციაში მშვიდები არიან. სტოიციზმი ფილოსოფიური მიმდინარეობაა, რომელიც ჩამოყალიბდა ათენში ძვ.წ. მე-3 საუკუნეში. ზენონ კიტიელი იყო ის პიროვნება, ვინც ხელი შეუწყო აღნიშნული დოქტრინის სწავლებას და შემდეგ ძალიან ბევრი თვალსაჩინო ფილოსოფოსის დაინტერესებაც მოახერხა. მისი აზრით, გონება, ბუნება და სიკეთე ერთ მთლიან ქარგაში უნდა მოვაქციოთ.

მათი მაქსიმა ასეთია: მთავარია, ვისწავლოთ, რომ ფიქრებს, სურვილებსა და აზრებს ვერავინ შეგვიცვლის, ეს ყველაფერი ცალსახად ჩვენზეა დამოკიდებული. მოკლედ, სტოიციზმი ასწავლის კონტროლს საკუთარ თავზე და სულის სიმტკიცეს, რათა ადამიანმა გადალახოს გამანადგურებელი ემოციები. შეგვიძლია ავმაღლდეთ სამყაროს პრობლემებზე და თავი დავაღწიოთ ცხოვრებისეულ სირთულეებს, ამას კი შინაგანი სიმშვიდით მივაღწევთ. მათი მთავარი დევიზია: ,,შენ არ დაცემულხარ, გამოცდილება მიიღე, წინ!” ყველა პრობლემას აღიქვამენ როგორც გზას გასაძლიერებლად, სტიმულის მომცემ გამოწვევად. ამბობენ, რომ მათი მთავარი იდეა ბუნებასთან ჰარმონიაა, ყველაფერი აუცილებლობითაა განპირობებული, მათთვის ბედისწერა წინა პლანზეა წამოწეული. უბედურება  ვერ ახდენს გავლენას, რადგან მთავარი იარაღი ფიქრებია და ფიქრების შეცვლა კი თავადვე შეუძლიათ. ისინი საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილები და ბედნიერები არიან. თუნდაც რთულ სიტუაციაში ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი წარმავალია, გამოცდილებაა. თავის მხრივ ბედნიერების აღქმაც სხვადასხვაა, ისინი, ვინც ჰედონიზმის მიმდევრები არიან, მხოლოდ ტკბობას, სიამოვნებას აღიქვამენ ადამიანის მთავარ მამოძრავებლად, ხოლო ევდამონიური კეთილდღეობის მიმდევრები კი ბედნიერები არიან მაშინ, როცა ისწრაფვიან თავიანთი მიზნებისთვის, აღწევენ წარმატებებს, ვითარდებიან.  რომის იმპერატორ მარკუს ავრელიუსის აზრით: ,,არცერთი კაცი ბედნიერი არ არის, ვიდრე ის თვითონ არ მიიჩნევს თავს ბედნიერად”. სტოიკოსები კი ბედნიერების ერთადერთ საშუალებად აზროვნებას, გონებას მიიჩნევენ და, შესაბამისად, გვეუბნებიან, რომ რადგანაც ჩვენ მხოლოდ ფიქრების კონტროლი შეგვიძლია, ბედნიერებაც სწორედ გონებამ უნდა მოგვიტანოს ამა თუ იმ სიტუაციაში.

სტოიკოსებისთვის ინდივიდუალიზმი და პიროვნულობა პრიორიტეტულია. რომაელი ფილოსოფოსი და სტოიციზმის მიმდევარი სენეკა ამბობს: ,,იარე არა იმ გზით, რა გზითაც სხვები დადიან, არამედ იმ გზით, რა გზითაც ძალგიძს იარო…”. აგრეთვე: ,,სად უნდა ვეძებო კეთილი და ბოროტი? არაკონტროლირებად გარემოში კი არა, არამედ ჩემს თავში, ჩემს გადაწყვეტილებებში”. მათთვის ,,სათნოება საკმარისია ბედნიერებისთვის”. სტოიციზმის მიმდევრები თავისუფლები არიან სიბრაზისგან, შურისგან, ეჭვიანობისგან და, ზოგადად, უარყოფითი ემოციებისაგან.

სტოიციზმს ნელ-ნელა ემატება მიმდევრები, მაგალითად, გასულ კვირას ნიუ-იორკში გაიმართა კონფერენცია სახელად ,,სტოიკონი”, რომელიც აღიარეს ყველაზე მასშტაბურ შეკრებად სტოიციზმის ისტორიაში.

 

წყარო: www.theguardian.com

ფოტო:  ელემი სტოკის ფოტო  ფილმიდან –  ,,გლადიატორი”. ( მარკუს ავრელიუსი სტოიციზმის ერთ-ერთი მიმდევარი იყო.)

მასალა მოამზადა: ნინი მშვენიერიძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid