ერთი შეხედვით, გამოგონება აუცილებლად სიახლეს უნდა უკავშირდებოდეს. თუმცა არსებობს ისეთი ინოვაციებიც, რომელიც უკვე არსებულის გაუმჯობესებასა და მისი ფუნქციების გამრავალფეროვნებას ისახავს მიზნად. მსოფლიოში უამრავი გამოგონებაა ცნობილი, რომელმაც თავისი ახალი ღირებულებებით უკვე არსებულ იდეებსა და ნივთებს ახალი სიცოცხლე და გამოყენება შესძინა.
ერთი შეხედვით, ტელეფონის ჩასადები იგივე ქეისი სრულად ათვისებული ნივთია, რომელიც ბევრი ჩვენგანის ყოველდღიურობის ნაწილია. რა სიახლემ შეიძლება მისი გამოყენება ბევრად ეფექტური და სასარგებლო გახადოს?
სწორედ ამაზე დაფიქრდა ქართველი სტუდენტი, რომელმაც მეგობართან ერთად თავისი გამოგონებით ტელეფონის „ქეისებს“ ახალი ფუნქცია და სიცოცხლე შესძინა.
მიშო ბახია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს, ის 21 წლისაა და მესამე კურსის სტუდენტია ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე.
საკუთარი პროფესიის პრაქტიკაში გამოყენება და ამ უნარების რეალიზება მიშოს დიდი ხანია აინტერესებდა, სწორედ ამიტომაც, მეგობართან ერთად მან არსებულ იდეაზე დაიწყო მუშაობა და შექმნა ქეისები, რომელსაც დამატებული აქვს ელბარათების მოსათავსებელი. ასევე მის მიერ შექმნილ ჩასადებს მოჰყვება სპეციალური ფურცელი, რომელიც მომხარებელს ტელეფონის გამოსხივებისგან იცავს.
ჯერჯერობით გამომგონებელი საკუთარი ნამუშევრის დახვეწაზე მუშაობს და არ აპირებს გაჩერებას, აქვს ახალი იდეები, რომელზე მუშაობაც უკვე დაიწყო.
სამუშაო პროცესის სირთულეებსა და ინსპირაციაზე მიშო გვიყვება:
-გვიამბე თქვენს გამოგონებაზე, როგორ გაჩნდა იდეა?
-მომავალი პროფესიიდან გამომდინარე, მე და ჩემმა მეგობარმა გადავწყვიტეთ პროდუქტის შექმნა და ბიზნესსაქმიანობის წამოწყება. ამავე დროს, გავდიოდით საგანს, რომლის ფინალური გამოცდა რაიმე ბიზნესისკონცეფციას წარმოადგენდა. ფინალური გამოცდისთვის მობილურის ქეისების იდეა მოგვივიდა აზრად, რომელიც თანდათან დავხვეწეთ.
ქეისი ბაზარზე უკვე დიდი ხანია არსებობს, ამიტომ – გადავწყვიტეთ შეგვექმნა პროდუქტი დამატებითი ღირებულებებით, რომელიც იქნეოდა განსხვავებული, ქეისს დავუმატეთ ელბარათის მოსათავსებელი და სპეციალური ფურცელი რომელიც ადამიანს იცავს მობილურის გამოსხივებისგან.
–რა სირთულეები შეგხვდათ სამუშაო პროცესში ?
-იდეის რეალობად გადაქცევის პროცესში წავაწყდით პრობლემებსაც, ვერ ვშოულობდით საკმარისად თხელი ხის მატერიას, რომელიც კომფორტული იქნებოდა ჯიბეში მოთავსებისას. რამდენიმე ღონისძიებაზე დასწრების შედეგად, გადავწყვიტეთ გადავსულიყავით სხვა სახის მატერიაზე. რაც შეეხება შედეგებს, ჯერჯერობით, ფინანსების მოძიების პროცესში ვართ, სულ მალე ახალ მატერიას გამოვიწერთ, რომელიც ვფიქრობ, რომ გაამართლებს.
-რამდენად რთულია სიახლის შექმნა, რომელიც იქნება სასარგებლო და ეფექტური ?
-ჩემი აზრით, პროდუქტი რომელსაც ქმნი, უნდა აგვარებდეს პრობლემას – თუნდაც ერთი შეხედვით შეუმჩნეველს, რაც უფრო მეტი ადამიანისთვის არის საერთო პრობლემა, შენი იდეაც უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს. საჭიროა მოსახერხებელი გამარტივების გზის გამონახვა და წარმატებაც არ დააყოვნებს. ამ მიმართულებით წასვლა ბიზნესზე ჩაბარებამ გამოიწვია, მოვხვდი ისეთ გარემოში სადაც ხშირი იყო ასეთ თემებზე საუბარი და მეც დავინტერესდი.
-ამჟამად ხომ არ მუშაობთ რამე ახალ გამოგონებაზე ან პროექტზე?
-ამჟამად ვმუშაობთ კიდევ ერთ პროექტზე, რომელიც აპლიკაციის შექმნას წარმოადგენს, უკვე გვაქვს საცდელი ვერსია, ჩვენმა პროდუქტმა საკმაო ინტერესიც გამოიწვია, აპლიკაციის მთავარი მიზანია მომხმარებელს დროულად და მარტივად შეატყობინოს ფასდაკლებების შესახებ. გავდივართ სხვადასხვა კონკურსში, ერთ-ერთ მათგანში ძალიან ცოტა დაგვაკლდა გამარჯვებამდე, მიუხედავად ამისა, მაინც განვაგრძობთ მუშაობას, ვხვეწთ ჩვენს პროდუქტს, მომავალში კი – კიდევ ვაპირებთ სხვადასხვა სახის კონკურსში მონაწილეობას, ჯერ მხოლოდ დამწყებები ვართ ამ სფეროში, ამიტომ – ყველაფერი წინ არის.
მასალა მოამზადა: ანა ურუშაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“