close
ფსიქოლოგია

თამაშის როლი ბავშვის განვითარების პროცესში

თამაში – 2–6 წლის ასაკის ბავშვის წამყვანი ქცევაა. თამაშის პროცესში ყალიბდება ბავშვის ფსიქიკური თვისებები (აზროვნება, ყურადღება, მეხსიერება) და პიროვნული მახასიათებლები. მისი მეშვეობით ბავშვი სწავლობს ერთი საგნის მეორეთი ჩანაცვლებას, ირგებს სხვადასხვა სოციალურ როლს, სწავლობს სხვებთან ურთიერთობის უნარებს.

ბავშვის თამაშის პროცესზე დაკვირვებით შესაძლებელია მისი ფანტაზიების, შიშების, გრძნობების, მოქმედების გაგება და განმარტება. თუ თამაშის აქტივობა შეკავებულია, საჭიროა, ამ შეკავების მიზეზების გაგება და განმარტება.

არსებობს სხვადასხვა თეორია თამაშის შესახებ. ფსიქოლოგი გროსი თვლის, რომ თამაშით ბავშვი მომავალი სერიოზული ცხოვრებისთვის ემზადება და ამიტომ აქვს თამაშს გარკვეული და არა ქაოტური შინაარსი. ე.ი. თამაში წარმოადგენს ცხოვრებისთვის მოსამზადებელ ერთგვარ  კურსს.

ასაკის მატებასთან ერთად იცვლება თამაშის ფორმაც. თამაში შეიძლება იყოს:

  • მოტორული – სირბილი, ხტუნვა;
  • საბრძოლო – ჩხუბი, ფიზიკური დატვირთვა;
  • როლურ-სიუჟეტური – ექიმობანა, სახლობანა;
  • წესებიანი – მოითხოვს წინასწარ განსაზღვრული წესების მიხედვით თამაშს.

თამაში ასევე დიდ გავლენას ახდენს მეტყველების განვითარებაზე, ვინაიდან ამ პროცესში ბავშვს უწევს ინსტრუქციები, წესები, შინაარსი გააცნოს თავის თანატოლებს. თუ ბავშვს არ შეუძლია მკაფიოდ გამოთქვას თავისი აზრები და სურვილები, არ შესწევს უნარი გაიგოს ამხანაგის სიტყვიერი ინსტრუქციები, ის ვერ შეძლებს თამაშს თანატოლებთან. თანატოლებთან ურთიერთობის სურვილი სტიმულს აძლევს გამართული მეტყველების განვითარებას.

მელანი კლაინის სტატიის მიხედვით – „ბავშვის თამაში იმეორებს ყოველდღიური ცხოვრების დეტალებსა და შთაბეჭდილებებს, ამას ხშირად ფანტაზიასაც ჩაურთავს ხოლმე. ზოგჯერ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ვერ აღწევს მის თამაშსა და ასოციაციებში.  ასეთ დროს მთელი მახვილი გადატანილია სრულიად უმნიშვნელო ამბებზე,  თუმცა    მათი  როლი   ფანტაზიების და ემოციების წარმოქმნაში უმნიშვნელოვანესია.“

აღსანიშნავია, რომ კუბიკებით თამაში ხელს უწყობს მეტყველების განვითარებას. ბავშვებს, რომლებიც კუბიკებს აწყობენ, მოგვიანებით სამეტყველო განვითარების მაღალი კოეფიციენტი აღენიშნებათ. (Christakis 2007).

გუნჰილდა ვესტმანის მიხედვით, თამაშის პროცესში ბავშვი მეტყველებას ეუფლება, ვინაიდან მან ყურადღება უნდა გაამახვილოს თანატოლების საუბარსა და ქცევებზე, მოუსმინოს მათ, თავადაც ჩაერთოს და გასაგებად გამოთქვას საკუთარი მოსაზრება. ვესტამინს აზრით, ბავშვს, რომელიც თამაშის მოტივაციას ავლენს, ლინგვისტური უნარები კარგად აქვს განვითარებული.

 

 

მასალა მოამზადა:  ნინო თოფურიამ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid