close
საქართველოტურიზმი

თბილისი ტექნოტურისტებისთვის 10 ყველაზე სასურველ ქალაქს შორის დასახელდა

სასიხარულო ფაქტია, რომ საქართველოში საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად შესამჩნევად იზრდება. 2016 წლის მონაცემებით, ტურისტების რაოდენობამ 2,714,773 შეადგინა, რაც 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 19%-ით მეტია, რაშიც, როგორც ჩანს, საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ელექტრონული მუსიკის ფესტივალებს, რამაც მსოფლიოს მრავალი კუთხიდან მოიზიდა მსმენელი.
ახლახან გამოცემა Electronicbeats.net-მა გამოაქვეყნა ტექნოტურისტებისთვის 2017 წლის ყველაზე სასურველი 10 ქალაქის სია, მათ შორისაა თბილისიც. ,,გასულ წელს, კლუბ BASSIANI-ში ჩატარებული ღონისძიებებიდან გამომდინარე, საქართველოს დედაქალაქი მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა. ისეთი ცნობილი დიჯეების მიერ გაზიარებული ვიდეო მასალები და ენთუზიაზმით გაჯერებული მიმოხილვები, როგორიცაა, მაგალითად, ნინა კრავიცი, არაჩვეულებრივ სურათს გვიხატავს კლუბისას, რომელშიც სრულყოფილი მელოდებით შეგიძლიათ დატკბეთ და გიბიძგებთ, რომ ესტუმროთ მას” – ნათქვამია სტატიაში.
გამოცემაში ასევე ხაზი გაესვა იმ ფაქტსაც, რომ აღნიშნული კლუბის გარდა თბილისში კიდევ მრავალი ადგილია, სადაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსებთან ერთად, ადგილობრივ ნიჭიერ შემსრულებლებსაც მოუსმინონ.
რჩეულ ქალაქებს შორის მოხვდა ასევე – კიევი, მოსკოვი, ვარშავა და სხვა, ეს ქალაქები უკვე დიდი ხანია, რაც მსგავსი ღონისძიებებით ანებივრებს, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ მსმენელს. შესაბამისად ტექნოტურიზმის ცნება უკვე ფართოდაა დამკვიდრებული მსოფლიოს მასშტაბით, ტექნოტურისტებად კი მიიჩნევიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ქალაქებში მოგზაურობენ, რათა დაესწრონ ელექტრონული მუსიკის ფესტივალებს, რაც, თავის მხრივ, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებასაც. საქართველოში კი ტექნოტურიზმი ჯერჯერობით ახალია, თუმცა, ამ ეტაპზეც მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოქცევა უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია და მეტ წარმატებას უწინასწარმეტყველებს მას მსოფლიო ასპარეზზე.

 

წყარო: http://electronicbeats.net/

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid