close
საქართველოტურიზმი

,,The New York Times-ი” თბილისის ყველაზე მოკრძალებულ და სასიამოვნო რესტორნებს ასახელებს

,,The New York Times-ის” თებერვლის გამოცემაში საუბარია თბილისში მიმდინარე კულინარიულ რევოლუციაზე და დასახელებულია ექვსი რესტორანი, რომელიც თავისი უბრალოებით მიმზიდველია, როგორც ტურისტებისთვის, ისევე ადგილობრივებისთვის. ,,შეიძლება ითქვას, რომ თბილისში ახლა განახლებული კვების კულტურა მკვიდრდება. ათამდე სტანდარტული  კერძის ნაცვლად, პოსტსაბჭოურ რესტორნებში მოკრძალებული მომხიბვლელობა ბრუნდება, რომელიც ძირითადად ორგანულ საკვებზეა ორიენტირებული,” – ნათქვამია გამოცემაში.

,,შავი ლომი”.  რესტორანი 2011 წელს მერიკო გუბელაძემ გახსნა, რომლის თქმითაც, თბილისში ნამდვილად იყო პატარა, მყუდრო რესტორნების დეფიციტი, სადაც, ამ ყველაფერთან ერთად, გემრიელი საკვების დაგემოვნებაც შეიძლებოდა. გამოცემაში ხაზი გაესვა, საბჭოთა კავშირის პერიოდიდან ნელ-ნელა მეტად მრავალფეროვანი ხდება საკვების არჩევანი სწორედ მსგავსი რესტორნების წყალობით,  ,,შავი ლომის” გახსნიდან ოთხი წლის თავზე სხვა რესტორნებმაც მიბაძეს მას და ოჯახური ტიპის მომსახურება შესთავაზეს სტუმრებს, რომლებსაც, ყველასთვის ცნობილი სუნელებით გაზავებულ კერძებთან და ხაჭაპურთან ერთად, უკვე გაცილებით ფართო არჩევანი ხვდებათ.

 

Vino Underground. თუ კი მდიდრული არომატი და ნათელი ხალიჩებით გაწყობილი სასადილოს ტიპის გარემო ,,შავი ლომის” პრივილეგიებს წარმოადგენდა, ორგანული საკვებისა და ნატურალური ღვინის მექა ,,Vino Underground-ია”. სწორედ ეს ორი რესტორანია რომელსაც ,,New York Times-ი” ქართული კულინარიული რევოლუციის პიონერად აღიარებს.

,,ბარბარესთან“. კულინარიული ციებ-ცხელება ტრადიციული ტურისტული არეალიდან, ძველი თბილისიდან  უფრო თანამედროვე უბნებშიც გავრცელდა და კიდევ ერთი ცხელი წერტილია რესტორანი ,,ბარბარესთან”, რომელიც განთავსებულია უწინ ხორცის მაღაზიის ადგილას, სადაც ჯერ კიდევ შესაძლებელია ხორცის საკიდ კაუჭებსა და გალიებში მოთავსებულ მგალობელ იადონებს მოჰკრათ თვალი. ოჯახის საკუთრებაში არსებულმა რესტორანმა მენიუ მე-19 საუკუნეში ბარბარე ჯორჯაძის მიერ დაწერილი სამზარეულოს წიგნის მიხედვით შეადგინა, რომელმაც აღნიშნა აბრეშუმის გზის გავლენა ჩვენი ქვეყნის სამზარეულოზე.

,,ეზო“. თავისუფლების მოედანზე არსებული წმინდა გიორგის მოოქროვილი ქანდაკების მახლობლად სამი რესტორანი გაიხსნა. აქაურ მშვიდ ქუჩაში სეირნობისას სტუმარს სასიამოვნოდ გააკვირვებს ,,ეზო”, რომელიც საცხოვრებლის შიდაეზოშია განთავსებული. რესტორანი ორი წლის წინ გაიხსნა.  ,,არ შეგაცდინოთ მისმა უბრალოებამ, რადგან აქ ადამიანს 25 დოლარად თამარ დედოფალივით შეუძლია ივახშმოს. ამასთანავე,  ორგანული ინგრედიენტები უმეტესწილად სწორედ მფლობელის ფერმაშია მოყვანილი,” – წერს გამოცემა.

,,აზარფეშა“. ,,ეზოდან” რამდენიმე ნაბიჯში შეგხვდებათ რიყის ქვით მოკირწყლული ადგილი, ძველი ბუტიკებითა და ხილის დახლებით, რომლებიც თითქოს სულ გაშლილია, სწორედ აქ არის რესტორანი ,,აზარფეშა”, რომელიც უკვე 4 წლისაა. რესტორნის კედლებზე გამოსახულია უძველესი სასმისები, რომელიც მას მუზეუმადაც აქცევს.  რაც შეეხება აქაურ მენიუს, ეს არის ტრადიცული და უცხო კერძების ნაზავი, რომლებიც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ტრადიციული პოლიფონიური ხალხური სიმღერების ფონზე.

,,პოლიფონია“. ცოლ-ქმარმა – ნინო და ლუარსაბ ტოგონიძეებმა, ამერიკელ მეგობართან, მეღვინე -ჯონ ვურდემანთან ერთად შექმნეს არაჩვეულებრივი ქართული მენიუ და სამი წლის წინ გახსნეს რესტორანი ,,პოლიფონია”, სადაც ყველაფერს ეტყობა ქართულ კულტურის კვალი, მაშინაც კი – როცა თუნდაც აქაური წიწაკა ან მზესუმზირის ზეთი პერუში ან მექსიკაშიც კი გაგრძნობინებთ თავს.

 

წყარო: The New York Times

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid