თორნიკე მანძულაშვილი 23 წლის ახალგაზრდაა, რომელმაც თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის სკოლის (MACS) სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, ჯერ Imo-ს, შემდეგ კი, Google-ის უმსხვილესი კომპანიის წევრი გახდა. უამრავი დაბრკოლების მიუხედავად, თორნიკემ შეძლო დაუჯერებელი წარმატებისთვის მიეღწია და ამჟამად საკუთარ კარიერასა თუ გამოცდილებაზე დიდი ბრიტანეთიდან გვიამბობს.
-თორნიკე, გვიამბე კონკრეტულად რა მოვალეობები გაკისრია Google-ში?
-ამჟამად ვარ ერთ-ერთი გუნდის წევრი და ვმუშაობ Google Search-ის მიმართულებით. როგორც ყველა პროგრამისტს, მეც პროგრამული კოდის წერა მევალება. უმეტესად პროდუქტის ახალ ფუნქციონალზე ან ძველი ფუნქციონალის გასწორებაზე ვმუშაობ.
–როგორც ვიცი, რამდენიმე ცდა დაგჭირდა კომპანიაში მოსახვედრად, რა გიქმნიდა მთავარ დაბრკოლებას?
-დიახ, 3 წარუმატებელი ცდის შემდეგ მოვიპოვე სტაჟირება, რომელიც შემდეგ სრულგანაკვეთიანმა სამსახურმა შეცვალა. წარუმატებელი ცდები შესაბამისად უნივერსიტეტის პირველ, მეორე და მესამე კურსებზე სწავლის დროს იყო. დიდ და ცნობილ კომპანიებში პროგრამისტის ვაკანსიაზე რომ აგიყვანონ, ჯერ შენი რეზიუმე უნდა მოეწონოთ და შემდეგ ინტერვიუს გავლაა საჭირო. რეზიუმე ძალიან კარგი მქონდა, რადგან მოსწავლეობისა და სტუდენტობის პერიოდში მოპოვებული მქოდა ბევრი ჯილდო მათემატიკისა და ინფორმატიკის ოლიმპიადებზე. ინტერვიუზე კი, ძირითადად სააზროვნო ამოცანები მოდის მონაცემთა სტრუქტურებისა და ალგორითმების შესახებ. ესეც საკმაოდ მარტივი აღმოჩნდა ჩემთვის, რადგან ინფორმატიკის ოლიმპიადებზე სწორედ ასეთი საკითხები მოდის. ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც მიჭირდა სტაჟირების მოპოვება. ინტერვიუზე ამოცანებს კი ვხსნიდი, მაგრამ ამოხსნის მაღალი ხარისხით იმპლემენტაცია პროგრამირების ენაზე არ შემეძლო, რადგან ჯერ კიდევ ვსწავლობდი ამ თემებს უნივერსიტეტში.
-საინტერესოა, რამ განაპირობა შენი ინტერესი კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართ?
-მე-8 კლასში ვიყავი, როცა ინფორმატიკის ოლიმპიადების შესახებ გავიგე. მაშინ წარმოდგენა არ მქონდა ეს რა იყო, მაგრამ მათემატიკა მეხერხებოდა და გადავწყვიტე აქაც მეცადა ბედი. მე-9 კლასში შევედი საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ “მზიურიში”. შემდეგ კი, საქართველოს მოსწავლეთა ინფორმატიკის ნაკრებში მოვხვდი და საერთაშორისო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი ავიღე. ძალიან მომწონდა სააზროვნო ამოცანების ამოხსნა და მათი პროგრამული იმპლემენტაცია. ვხედავდი, როგორი რთული და საინტერესო რამის გაკეთება შეიძლებოდა ამ სფეროში, ამიტომაც სკოლის დასრულების შემდეგ თავისუფალ უნივერსიტეტში ჩავაბარე და კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის სკოლა (MACS) დავამთავრე.
-სანამ მუშაობას Google-ში დაიწყებდი, Imo-ში გადიოდი სტაჟირებას, გვიამბე ამ გამოცდილების შესახებ.
-ეს ჩემთვის პირველი სტაჟირება იყო უცხოეთში. Imo არის ჩათ აპლიკაცია, რომლის უფრო პოპულარული ანალოგი საქართველოში Viber-ია. მას ძალიან პატარა, ნიჭიერი პროგრამისტებისგან შემდგარი, გუნდი ავითარებს. ეს ჩემთვის, როგორც პროგრამისტისთვის პირველი სამსახური იყო და ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, ბევრი რამ ვისწავლე გამოცდილი ინჟინრებისგან. ასევე, Imo-ში სტაჟირება შთამბეჭდავად ჟღერს რეზიუმეში და შესაძლოა ამანაც მომიტანა შემდეგი სტაჟირება გუგლში.
-ამჟამად ლონდონში ცხოვრობ, რა მოგწონს ყველაზე მეტად ბრიტანული კულტურიდან და რამდენად რთულია საკუთარი ქვეყნისგან მოშორებით ცხოვრება?
-ლონდონში განსაკუთრებით პატივისცემას ვაფასებ, რომელიც ადამიანებს ერთმანეთისადმი აქვთ. მომწონს აქაური წესრიგი, განვითარებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ლამაზი ქუჩები, სადაც უამრავ ისტორიული ძეგლსა და მდიდარ მუზეუმს შეხვდები. ქალაქი სავსეა ქანდაკებებით, რომლებიც ძალიან ალამაზებს და საინტერესოს ხდის მას. საქართველოდან ყველაზე მეტად ახლობლები, ქართული სამზარეულო და ჩვენი ბუნების ჰაერი მენატრება, რომელსაც თითქოს განსაკუთრებული სუნი აქვს.
მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”