close
კულტურასაქართველო

თვითნასწავლი ქართველი მხატვრის მიერ ნივთებზე გაცოცხლებული ჯადოსნური სამყარო

ქრისტი ბოტკოველი 26 წლის ახალგაზრდა ხელოვანია, რომელსაც საზოგადოებამ Nancy Woland-ის ფსევდონიმით უკვე დიდი ხანია გაიცნო. მას შემდეგ, რაც ილიას უნივერსიტეტში ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტი დაამთავრა, ქრისტიმ სამხატვრო აკადემიაში გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება, თუმცა იქედანაც მალევე წამოვიდა და საყვარელი სფეროს შესწავლა უკვე მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით დაიწყო, დღეს კი მისი ნაკეთობები ყველასგან განსხვავებული, ორიგინალური სტილითა და ჯადოსნური სიუჟეტებით გვამახსოვრებს თავს.

-ნენსი, როდის გადაწყვიტე, რომ საკუთარი შემოქმედება საზოგადოებამდე მიგეტანა და ძირითადად რა მასალებზე მუშაობ?

-2012 წელი იყო, როცა მაისურებზე დავიწყე ხატვა, სწორედ ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯები, ამ სფეროში, ასე გავაცანი ხალხს საკუთარი თავი და შემდეგ, ნელ-ნელა უკვე ტილოზე დახატული ნახატებიც შევაპარე. პროცესი რთული იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ გამიმართლა და ადამიანების სიყვარული დავიმსახურე. დღეს შეიძლება ითქვას, რომ ყველანაირ ნივთზე ვხატავ, რაზეც იხატება – ჭიქები, კედლები, ღვინის ბოთლები, ჩანთები, საფულეები, მაგიდები, და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საკმაოდ რთულია, რადგან ძალიან ბევრი ენერგიასა და მასალას მოითხოვს, მაგრამ მთავარია ჩემი სურვილი, რომ ხელოვნებამ ისეთივე თავისუფლება და სიამოვნება აგრძნობინოს ადამიანებს, რომელსაც მე ვგრძნობ ხატვისას.
-რა დატვირთვას ატარებს Nancy Woland-ი?
-ეს ფსევდონიმი ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდიდან შემომრჩა, როცა ყველა ფორუმსა თუ სოციალურ სივრცეში სწორედ ამ სახელით ვრეგისტრირდებოდი. „Nancy Boy“ არის ჩემი საყვარელი ჯგუფის, პლასებოს სიმღერა, ხოლო ვოლანდი ბულგაკოვის ნაწარმოების „ოსტატი და მარგარიტას“ პერსონაჟის გამო შევარჩიე და მას მერე შემრჩა ასე ფსევდონიმად.

-ნენსი, გარდა იმისა, რომ ხატავ გრაფიკულ დიზაინერადაც მუშაობ, რამდენად რთულია ამ ყველაფრის ერთმანეთთან შეთავსება?
-ამჟამად წამოვედი რამდენიმე სამსახურიდან და მხოლოდ Freelance გრაფიკულ დიზაინერად დავრჩი, რადგან რაღაც მომენტებში ვხვდები, რომ ბოლომდე არ არის ეს ჩემი საქმე და გაწერილი გრაფიკით მუშაობაც ძალიან მაბნევს, ამიტომ გადავწყვიტე დამოუკიდებლად ავიღო შეკვეთები და სახლში კომფორტულად მივუჯდე ხოლმე დიზაინს, თან მხოლოდ ისეთ შეკვეთებზე ვიმუშავო, რომელიც მომწონს და არა საქმე მავალდებულებს. ყველაფრის ერთად შეთავსება, რა თქმა უნდა რთულია, მაგრამ მიყვარს როცა რაღაცას ვაკეთებ და დროს ტყუილად არ ვხარჯავ, მით უმეტეს თუ ამ პროცესში ვვითარდები კიდევაც.

-როგორ ხდება ნამუშებრების რეალიზება და როგორია სამომავლო გეგმები?
-ჩემი ნახატების შეძენა, ჯერჯერობით, მხოლოდ სოციალური ქსელითაა შესაძლებელი, თუმცა უახლოეს მომავალში მაღაზიაც იქნება. ახლა საკმაოდ რთული და დატვითული პერიოდი მაქვს, რადგან გამოფენისთვის ვემზადები, რომელიც თვის ბოლოსთვის მქონდა დაგეგმილი, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ ვასწრებ, მჯერა, რომ აპრილის შუა რიცხვებამდე მაინც შევაკოწიწებ ყველაფერს და მოვაწყობ ისევ გამოფენას. სიმართლე გითხრათ, არ მიყვარს შორსჭვრეტა და გეგმების დაწყობა, რადგან როგორც წესი ყოველთვის ყველანაირი გეგმა მენგრევა თავზე. ამიტომ, შეძლებისდაგვარად, ყველაფერს სპონტანურად ვაკეთებ და ხშირ შემთხვევაში ეს უფრო ამართლებს. სწორედ ასე სპონტანურად გადავწყვიტე ახლა ჩემი რიგით მეორე გამოფნის მოწყობაც და დიდი იმედი მაქვს, უახლოეს მომავალშივე გავართმევ თავს.

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid