საქართველოს ეროვნული მუზეუმის საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ცუცხვათის მღვიმოვანში მუშაობს.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, ცუცხვათის ცამეტიარუსიანი მღვიმოვანის შესწავლა გასულ საუკუნეში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტის ინიციატივით დაიწყო. 1970-1971 და 1974-1975 წლებში საქართველოს ისტორიის სახელმწიფო მუზეუმი და პალეობიოლოგიის ინსტიტუტი აქ ერთობლივად აწარმოებდა არქეოლოგიურ გათხრებს. მღვიმოვანის ტერიტორიაზე მდებარე მღვიმეებში მიკვლეულ იქნა შუა პალეოლითის (ძველი ქვის ხანის შუა პერიოდი, დაახლ. 400 – 40 ათასი წლის წინ) ქვის იარაღები, ასევე, განამარხებული ცხოველების ძვლები. განსაკუთრებით აღსანიშნავია, მღვიმოვანის ტერიტორიაზე არსებულ ე.წ. „ბრინჯაოს მღვიმეში“ მოპოვებული ნეანდერტალელი ბავშვის საღეჭი კბილი, რომელიც ახალი კვლევების თანახმად დაახლ. 50 000 წლით თარიღდება.
ხანმოკლე ხასიათის საველე სამუშაოები ჩატარდა 1998-1999 და 2003-2004 წლებშიც, თუმცა, ფართომასშტაბიანი სამუშაოების მიუხედავად, მღვიმოვანის უდიდესი ნაწილი 2016 წლამდე შეუსწავლელი იყო.
2017 წლიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის ცუცხვათის მღვიმოვანის შემსწავლელი საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, პროექტის „ნეანდერტალელები სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, აგრძელებს მულტიდისციპლინურ კვლევას. ფართომასშტაბიან სამუშაოებში მონაწილეობენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის პალეოანთროპოლოგები, პალეონტოლოგები, პალინოლოგები, ქვის ხანის არქეოლოგები და გეოლოგები. ქართველ მკვლევრებთნ ერთად, ფრანგი და ამერიკელი მეცნიერები და 50-მდე ქართველი სტუდენტი არიან ჩართულები.
ახალი არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად ცუცხვათის მღვიმოვანში ნეანდერტალელთა არსებობის კვალთან ერთად გამოვლინდა ძეგლისათვის სრულიად ახალი, უკვე ჰომო საპიენსისათვის (მოაზროვნე ადამიანი, ანუ ჩვენი, თანამედროვე ადამიანის სახეობა) დამახასიათებელი ზედაპალეოლითური (ქვის ხანის გვიანი პერიოდი – 80000-12000 წლის წინანდელი) ფენები. ასევე, „ბრინჯაოს მღვიმეში“ გაითხარა ქალკოლითური (სპილენძ-ქვის ხანა, მეტალურგიის საწყისები) ნამოსახლარი.
„ცუცხვათის მღვიმოვანის ხასიათი, თანამედროვე მეთოდების პროგრესი, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული მასალა და ამ ძეგლებზე არსებული ხელუხლებელი კულტურული ფენები უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა დეტალურად გამოვიკვლიოთ ნეანდერტალელები, მათი ქცევა და თანამედროვე ადამიანთან ურთიერთობა თუ ურთიერთკავშირის შესაძლებლობა. ასევე, ვეცდებით გავცეთ პასუხები ნეანდერტალელთა გადაშენების მიზეზებს“.-აღნიშნულია ეროვნული მუზეუმის განცხადებაში.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ნიკოლოზ წიქარიძე ექსპედიციის სამეცნიერო ხელმძღვანელია
ცუცხვათის მღვიმე დაცულ ტერიტორიას წარმოადგენს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მმართველობაშია.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“