აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ახლოვდება, საზოგადოებაში მასთან დაკავშირებული ბევრი ტრადიცია არსებობს, თუმცა, ცოტამ თუ იცის, საიდან იღებს ისინი სათავეს და რას უკავშირდება. ,,დოქტრინა” გთავაზობთ რამდენიმე ტრადიციას და მათი ახსნის ისტორიას.
კითხვა 1-ლი: რატომ არის აღდგომის დღესასწაული მოძრავი?
ალბათ ხშირად გიფიქრიათ, რატომ აღინიშნება აღდგომა ყოველ წელს სხვადასხვა დროს – ამაზე თეოლოგებსა და საეკლესიო მამებს შემდეგი ახსნა აქვთ – საქმე ისაა, რომ ეს დღესასწაული აღინიშნება არა კონკრეტული თარიღით, არამედ კონკრეტული დროით, რომელიც გამოითვლება წელიწადის დროით (გაზაფხულის ბუნიობა) და მთვარის ფაზის მიხედვით.
მსოფლიო საეკლესიო კრებამ მიიღო დადგენილება, რომ ებრაულ ფესეხს არ დამთხვეოდა ქრისტიანული პასექი, რადგანაც გნოსტიკური ,,ებიონიტების” სექტას სურდა, ქრისტიანობა განეხილა, როგორც ებრაული სარწმუნოების განშტოება და ამბობდა, რომ ებრაული ფესეხი და ქრისტიანული პასკა ერთ დღეს უნდა აღნიშნულიყო. ებრაული ფესეხი მთვარის კალენდრით აღინიშნება და რადგან მთვარე სხვადასხვა წელს სხვადასხვა დროს ივსება, აღდგომის აღნიშვნის თარიღიც მოძრაობს. აღდგომა აღინიშნება გაზაფხულის ბუნიაობის (დღისა და ღამის თანასწორობა) შემდეგ, სავსე მთვარის მომდევნო კვირა დღეს, ასე იგი არ უსწრებს და არც ემთხვევა იუდეველთა პასექს.
კითხვა მე-2: რატომ ღებავენ კვერცხს წითლად?
ამის შესახებ ეკლესიური გადმოცემა არსებობს, რომლის მიხედვითაც, წმიდა მარიამ მაგდალინელმა იმპერატორ ტიბერიუსს კვერცხი მიართვა და აღდგომა ახარა. წარმართმა ტიბერიუსმა მიუგო: მაგ კვერცხის გაწითლებას უფრო დავიჯერებ, ვიდრე მიცვალებულის აღდგომასო. ამის თქმაზე კვერცხი გაწითლდა. ნიშნად ასეთი დიდი სასწაულისა, ქრისტიანებში ტრადიციად იქცა სააღდგომოდ კვერცხის წითლად შეღებვა.
კითხვა მე-3: რა დატვირთვა აქვს პასქას?
პასქის სახელწოდება, სავარაუდოდ, სიტყვა ,,პასექიდან” მოდის. პასექი კი არის ერთ-ერთი სამი პილიგრიმული დღესასწაულიდან. იგი ეძღვნება უფლის მიერ ებრაელთა გამოხსნას ეგვიპტელთა მონობიდან, პირველშობილ ყრმების გადარჩენას (რასაც წინ უძღვოდა ღვთის რისხვა ეგვიპტელთა მიმართ) და ანტიკური ევიპტიდან ებრაელთა გამოსვლას.
სავარაუდოდ, პასქა ართოსის სახეცვლილება უნდა იყოს, რომელიც ქართულ ისტორიულ-ეთნოგრაფიულ წყაროებში ნახსენებია როგორც ქადა. წმინდა წერილის მიხედვით, დიდ ხუთშაბათს, ტრაპეზზე, იესომ თავის მოციქულებს დაალევინა ღვინო და მისცა პური ანუ თავისი სისხლი და ხორცი მისი. მას შემდეგ რაც ქრისტე ჯვარზე გააკრეს, მისი მოციქულები, იმ დღის გასახსენებლად პურს აცხობდნენ, რომელზეც ჯვარს გამოსახავდნენ და დებდნენ სუფრაზე, იმის მოსაგონად, რომ იესომ დაუბარა მათ ამ ზიარების საიდუმლოს შესახებ.
პასქის ფორმა გოლგოთის მთის სიმბოლოა. აფუებული ცომი იმიტომაა, რომ ქრისტემ, ზიარების საიდუმლოს დაწესებისას, სწორედ აფუებული პური ჭამა.
კითხვა მე-4: რა დატვრთვა აქვს ჯეჯილს?
ბზობის კვირას მორწმუნეების ძველი ქრისტიანული ჩვეულების მიხედვით, ხორბალს თესენ. ამისთვის, ლანგარზე დებენ წყალში დასველებულ ბამბას და მასზე მუჭით მცირეოდენ ხორბალს მიმოფანტავენ. ხორბალი ღვივდება და იზრდება ჯეჯილი.
ძველი ქრისტიანული წესის თანახმად, მორწმუნეები აღდგომის დღესასწაულს ერთმანეთს პასქითა და ჯეჯილში ჩადებული წითელი კვერცხებით ულოცავენ.
მწვანე ჯეჯილი ახალი სიცოცხლის, ცხოვრების სიმბოლოა, ისევე, როგორც, იესო ქრისტეს აღდგომა.
მოამზადა: ნატალია ჯალაღონიამ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”