„ქრონიკული ტკივილი, რომელიც კვირები, თვეები, წლები გრძელდება. მუდმივი ფიქრი სიკვდილზე, ემოციებისა და გრძნობებისგან დაშრეტილი სული, თითქოს არაფერი დაგრჩა მტანჯველი ფიქრის გარდა, უკვე ვეღარ ასხვავებ ფიზიკურ და სულიერ ტკივილს, სიკვდილი გარდაუვალია, გამოსავალი არ არსებობს, გარეთ თბილა, ცხოვრება გრძელდება, ოჯახიც აქ გყავს, შენ კი კვდები…“ – ეს უკურნებელი სენით დაავადებული ადამიანის სიტყვებია.
პალიატიური მზრუნველობა არის მიმართულება მედიცინაში, რომელიც უკურნებელი სენით დაავადებულ ადამიანებს სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებაში ეხმარება. ბუნებრივია, მძიმე სენით დაავადებულ ადამიანს ქრონიკულ ტკივილს ვერ გაუქრობ, მაგრამ შესაძლებელია მისი მართვა ისე, რომ პაციენტი არ დაიტანჯოს. მედიცინაში არსებობს მიმართულება, რომელიც „ტკივილის მართვას“ (Pain Management) ნიშნავს. ძლიერი ტკივილის გასაყუჩებლად ნარკოტიკული საშუალებები უალტერნატივოა, თუმცა ოპიოიდებით მკურნალობას, როგორც წესი, ერიდებიან, რადგან ეშინიათ, რომ პაციენტი წამალდამოკიდებული გახდება.
ბუნებრივია, უკურნებელი სენით დაავადებულ ადამიანებს განსაკუთრებულად სჭირდებათ ემოციური დახმარება, თანადგომა. მათ, როგორც წესი, უვითარდებათ დეპრესია, სიკვდილის შიში, უუნარობა იწვევს ფსიქიკურ აშლილობასაც, ოჯახის წევრებს სჭირდებათ გამოცდილი, პროფესიონალი ადამიანები, რომლებიც დაეხმარებიან, მისცემენ რჩევებს სხვადასხვა საკითხთთან მიმართებით.
„ამ ეტაპზე სტაციონარულ-პალიატიური მომსახურების ხარჯებს მთლიანად ფარავს სახელმწიფო სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და აივ/შიდსის მქონე პირებისთვის. ხანდაზმულებისთვის პროგრამა 90%-ს აფინანსებს, ხოლო დანარჩენებისათვის – ფაქტობრივი ხარჯის 70%-ს. თბილისში არის სამი ჰოსპისი: 2 მოზრდილთათვის, 1 – ბავშვებისთვის. ჩვენს ჰოსპისში ძირითადად შემოჰყავთ მე-4 კლინიკური ჯგუფის ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულნი, ტერმინალურ სტადიაში მყოფი შიდსით დაავადებულნი, არაონკოლოგიური ქრონიკული პროგრესირებადი სენით დაავადებულნი ტერმინალურ სტადიაში, აგრეთვე, ონკოლოგიური და ნერვოლოგიური დაავადებებით,“ – აღნიშნა ონკოპრევენციის ცენტრის პალიატიური მზრუნველობის კლინიკის ხელმძღვანელმა, იოსებ აბესაძემ.
ჰოსპისი საშუალებას იძლევა, რომ მომაკვდავმა პაციენტმა აზრიანად გაატაროს დარჩენილი დრო, შეუმსუბუქდეს ტკივილი გარდაცვალებამდე. სპეციალიზებული პალიატიური მზრუნველობა ფიზიოთერაპიით, ჰიპნოთერაპიით და ა.შ. ეხმარება პაციენტს ტკივილთან გამკლავებაში. ოჯახის წევრებიც უკეთ გრძნობენ თავს, რადგან მათთვის ძვირფასი ადამიანი ტკივილისგან არ იკრუნჩხება, არ კივის ან საზარლად ჩუმად არაა. მაგალითად, როდესაც ავადმყოფს ძალიან უნდა რაღაც (თუნდაც მთაში წასვლა, ცურვა და ა.შ) ჰიპნოთერაპიით (ფსიქოთერაპიული მეთოდი ჰიპნოზით ან ხანგრძლივი ძილით) შესაძლებელია ზუსტად იმ შეგრძნების მიღწევა, რაც გააბედნიერებს პაციენტს. ბევრ ქვეყანაში უკურნებელი სენით დაავადებულ პაციენტებს სახლის პირობებში უვლიან, რასაკვირველია, ექიმებისა და ექთნების მეთვალყურეობით, ისინი უხსნიან თუ რა უნდა მოიმოქმედონ, როცა ავადმყოფი სულთმობრძავია.
როგორც ხედავთ, პალიატიური მზრუნველობა ფიზიკურ დახმარებასთან ერთად მოიცავს სულიერ, ემოციურ და ფსიქოლოგიურ თანადგომას.
ამ სამედიცინო მიმართულებას სჭირდება სპეციალური განათლება, ამ მხრივ, მსოფლიოს მასშტაბით, ბევრი ქვეყანაა განვითარებული, განსაკუთრებით – რუმინეთი და ზიმბაბვე. სახელმწიფო უდიდეს როლს ასრულებს აღნიშნული სფეროს განვითარებაში. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მოუწოდა წევრ ქვეყნებს, რომ განავითარონ პალიატიური მზრუნველობის პროგრამები. მსოფლიო სტატისტიკით, პალიატიური მზრუნველობა განსაკუთრებით სჭირდებათ 60 წელს გადაცილებულ პირებს (69%), მათ 25%-ით მოჰყვებიან 15-დან 39 წლამდე ადამიანები, ხოლო 6%-ს წარმოადგენენ ბავშვები. 2016 წელს გარდაცვლილთაგან დაახლოებით 31 მილიონს სჭირდებოდა პალიატიური მზრუნველობა.
მასალა მოამზადა: ნინი მშვენიერიძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”