ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების შედეგად, სირიელი დევნილი ბავშები მძიმე მენტალურ პრობლემებს ებრძვიან. მიგრაციის პოლიტიკის ინსტიტუტმა ჩაატარა კვლევა, სადაც აღნიშნულია, რომ სირიელი დევნილი ბავშვების უმეტესობა მიდრეკილია სუიციდის, თვითდაზიანებისა და პოსტტრავმული სტრესული აშლილობისაკენ, რაც შესაბამისი ფსიქოლოგიური დახმარების გარეშე, შესაძლოა, მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორი გახდეს ბავშვების განვითარებისათვის.
კვლევის მიხედვით:
- სირიელი დევნილი ბავშვების 79%-მა გამოსცადა ოჯახის წევრის ან ოჯახის ახლობლის სიკვდილი;
- 60%-მა საკუთარი თვალით ნახა სხვა ადამიანის სიკვდილი ან წამება;
- 25% -ს ყოველდღიურად აქვს კიდურების ტკივილი და 1-ს ყოველ 5 ბავშვში ყოველდღიური თავის ტკივილი.
ერთადერთი დახმარება, რომელსაც ისინი იღებენ, Unicef-ის ფსიქოლოგიური დახმარების სერვისია. ის, საერთო ჯამში, 697 000 ბავშვს და ზრდასრულს ეხმარება სხვადასხვა ფსიქოლოგიური პროგრამით. თუმცა, ორგანიზაციამ დამატებით იმ 812 000 ადამიანის იდენტიფიცირება მოახდინა, რომელთაც დახმარება სჭირდებათ.
სირიელი ბავშვების 44% დეპრესიის ნიშნებს ავლენს, 45% კი იტანჯება პოსტტრავმული აშლილობით (10-ჯერ უფრო მაღალი მაჩვენებელი, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში).
ამ აშლილობის გამო, ბავშვებს გამუდმებით აქვთ ომის პერიოდში გამოვლილი სტრესის განმეორებითი შეტევები, ღამის კოშმარები და იზოლაციისაკენ მიდრეკილება, რაც გავლენას ახდენს მათ ძილის ხარისხზე. ბავშვებს აქვთ ხმაურისა და, მაგალითად, თვითმფრინავის დანახვის ფობია. გაზრდილია აგრესიულობისა და სასოწარკვეთის მაჩვენებელი.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, განსაკუთრებით რთულია იმ ბავშვის დახმარება, რომელმაც სექსუალური შევიწროვება გამოსცადა, რადგან მათ დაკარგული აქვთ სხვა ადამიანებისადმი ნდობა და ყველასა და ყველაფერს საფრთხედ მიიჩნევენ. ერთ-ერთი ფსიქოლოგი, რომელიც დევნილთა ბანაკში მუშაობს იორდანიაში, აღნიშნავს, რომ მსგავსი გამოცდილების გოგონები ცდილობენ იზოლირებას, უჭირთ ურთიერთობების დამყარება. ნდობის აღდგენა კი მოითხოვს უამრავ ფსიქოლოგიურ სესიასა და ძალისხმევას მცირე შედეგის მისაღწევად.
Unicef-ის ფსიქო-სოციალური პროგრამა მნიშვნელოვან დახმარებას უწევს სირიელ დევნილებს, თუმცა პროგრამის ბედი ჯერ კიდევ უცნობია. სხვა მრავალი კრიზისის ფონზე, დევნილი ბავშვების ფსიქოლოგიური დახმარება შესაძლოა ორგანიზაციის დღის წესრიგიდან ამოვარდეს. ორგანიზაციას არ აქვს საკმარისი დაფინანსება, ამიტომაც საჭირო გახდება არჩევნის გაკეთება სხვადასხვა სერვისს შორის.
Unicef-ის განცხადებით, 2018 წელს, მათ დამატებით ესაჭიროებათ 90 მილიონ ფუნტზე მეტი, რომ დააფინანსონ ფსიქოლოგიური და სოციალური პროგრამები სირიელი ბავშვებისთვის ეგვიპტეში, იორდანიაში, ერაყში, ლიბიასა და თურქეთში.
წყარო: huffingtonpost
მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”