close
კატეგორიის გარეშე

Vantablack-ი – სამყაროს ყველაზე ბნელი სუბსტანცია

ჩვენ საგნებს აღვიქვამთ მათ გარშემო არეკვლილი ფოტონების ანუ სინათლისა და ყველა სხვა სახის ელექტრომაგნიტური გამოსხივების საბაზისო ერთეულის მეშვეობით, რომელიც ამ ინფორმაციას ტვინს გადასცემს. სუბსტანცია, რომელიც Vantablack-ის სახელითაა ცნობილი  შთანთქავს საგანზე დაცემული სინათლის დიდ ნაწილს, ამიტომ შეუძლებელი ხდება აღნიშნული საგნის სრულფასოვნად დანახვა და ამგვარად დაფერილი სამგანზომილებიანი სივრცითი ფიგურებიც კი ორგანზომილებიანად აღიქმება, სანამ გვერდითა რაკურსით არ დავაკვირდებით მათ. უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ Vantablack-ი სინათლის მხოლოდ  0.035 %-ს აირეკლავს და  შთანთაქავს 99.965 %-ს, რაც რეკორდული მაჩვენებელია და მას სამყაროში ყველაზე ბნელი სუბსტანციად აქცევს.

Vantablack-ი დამზადებულია  წყალბადის ნანოტუბების გამოყენებით, რომელთაგან თითოეულის სიგანე სულ რაღაც ერთი ატომის ზომისაა. ამრიგად, სუბსტანციის  ერთსანტიმეტრიანი ნაწილი შეიცავს მილიარდობით ასეთ მილს და თითოეული მათგანი 50000-ჯერ მცირეა, ვიდრე ადამიანის თმის სიგანე. ასევე, სწორედ აღნიშნული მილების ძალიან მჭიდრო განლაგება განაპირობებს სინათლის მთლიანად შთანთქმას.

Vantablack-ის შემხედვარე ადამიანს უჩნდება წარმოდგენა, რომ მას ხაოსებური ზედაპირი უნდა ჰქონდეს, მაგრამ სინამდვილეში პირიქითაა. მისი ერთ-ერთი შემქმნელის, სტივ ნორთემის თქმით, Vantablack-ს გლუვი ზედაპირი აქვს და როგორც კი მას შეეხები, ნანოტუბების სტრუქტურა იშლება და ილუზიაც ქრება. ,,წარმოიდგინეთ რომ ხორბლის ნათესების მეპატრონე ხართ და მოსავლის სიმაღლემ 3 ან 4 ფუტის ნაცვლად 1000-ს მიაღწია, სწორედ ამგვარ მასშტაბებს ვგულისხმობთ როცა ნანოტუბებზე ვსაუბრობთ. მიზეზი, რის გამოც ისინი ასე მოქმედებენ, მათი სიგრძეა, რომელიც ძალიან აღემატება დიამეტრს“- განაცხადა მან.

ისევ და ისევ, ნანოტუბების გრძელი და ვიწრო ფორმის გამო, Vantablack-ს ფაქტობრივად არ გააჩნია მასა და ძირითადად ჰაერისგან შედგება. ასევე, მიუხედავად უბრალო შეხებაზეც კი მისი ასეთი სენსიტიურობისა, ის საკმაოდ მდგრადია ისეთი გარემაღიზიანებლების  წინააღმდეგ, როგორიცაა – შოკი და ვიბრაცია. ასეთი მახასიათებლების გამო ის ძალიან პრაქტიკულია ისეთი საგნების დასაცავად, როგორიცაა  კოსმოსური აპარატები და ა.შ.

არ არის გასაკვირი, რომ თავდაპირველად Vantablack-ი ტექნიკური მიზნებისთვის გამოიგონეს. კერძოდ, NASA-ს სურდა შექმნილიყო სუბსტანცია, რომელიც შეამცირებდა ტელესკოპზე დაცემული სინათლის რაოდენობას, შესაბამისად მათთვის ძალიან სასიამოვნო იყო, აღმოეჩინათ სუბსტანცია, რომელიც გამოირჩევა თავისი სტაბილურობით ძლიერი შოკისა და ვიბრაციის წინააღმდეგ, ასე რომ, დღესდღეობით ის გამოიყენება კოსმოსური სადგურების შიდაკომპონენტების დასაფერავად.

ნელ-ნელა ძვირადღირებული საათების მწარმოებელი ფირმებიც იწყებენ აღნიშნული სუბსტანციის საათებში გამოყენებას, დაიწყო მისი სმარტფონების  წარმოებაში ჩაშვებაც და მეტიც, ყველაზე ძვირადღირებული მანქანის მწარმოებელ კომპანიებსაც აქვთ სურვილი გამოიყენონ ის წყალქვეშა ტრანსპორტის დიზაინში. ნორთემისვე თქმით, იგეგმება Vantablack-ის ქსოვილების წარმოებაც, რაც ალბათ შავი სამოსის მოყვარულებს ყველაზე მეტად გაახარებთ, თუმცა Vantablack-ის ინდუსტრიაში ეს ეტაპი ჯერაც არ დამდგარა და განსაკუთრებულად შავი სამოსის მსურველებს მოცდა მოუწევთ.

აღსანიშნავია, რომ Vantablack-ს ალუმინის სიმკვრივის მხოლოდ ნახევარი თუ გააჩნია, მაგრამ 200-ჯერ უფრო მტკიცეა ვიდრე რკინა. ამავე დროს, შეუძლია სპილენძთან შედარებით 1000-ჯერ უფრო ეფექტური სითბოს გადამტანი იყოს, რაც მიუთითებს იმაზე რომ Vantablack-მა მრავალგვარი გამოყენება შეიძლება  ჰპოვოს, თუკი, რა თქმა უნდა, ოდესმე მისი ფასი დაეცემა. დღესდღეობით კი, Vantablack-ი საკმაოდ ძვირია  და ნორთემისვე თქმით მისი ფასი  გაცილებით აღემატება ოქროს, ან თუნდაც ალმასის ღირებულებას.

წყარო:  didyouknowfacts.com

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0