close

„გამანადგურებელი“ გადაწყვეტილებით პარიზის კლიმატის ხელშეკრულებიდან გამიჯვნისა და  ქვანახშირის მრეწველობის ხელშეწყობის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი – დონალდ ტრამპი აშშ-ს ენერგეტიკულ წარმოებას ,,უკან, წარსულში” აბრუნებს, – ამის შესახებ განცხადება ვატიკანის ოფიციალურმა პირმა გააკეთა.

ვატიკანის მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელი – ეპისკოპოსი მარსელო სანჩეს სორონდო აცხადებს, რომ პაპ ფრენსისს აშფოთებს გარემოსადმი მიყენებული ნებისმიერი ზიანი, რომელიც „ბუმერანგივით უკან გვიბრუნდება….განსაკუთრებით კი – ღარიბ ადამიანებს.“

ტრამპმა 1-ლ ივნისს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები 195 სახელმწიფოს მიერ ხელმოწერილ პარიზის კლიმატის შეთანხმებას ემიჯნება და სურს, შექმნას სამუშაო ადგილები აშშ-ის წიაღისეულის საწვავის ინდუსტრიაში.

პრეზიდენტ ტრამპის განმარტებით, პაქტში მონაწილეობა აშშ-ს ეკონომიკას ძირს გამოუთხრის, შეამცირებს სამუშაო ადგილებს, შეასუსტებს ეროვნულ სუვერენიტეტს და მის ქვეყანას მუდმივად არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენებს.

,,ეს წარსულში დაბრუნდებას ნიშნავს”, – განაცხადა სანჩეს სორანდომ სააგენტო „როიტერსთან“ სატელეფონო საუბარში. მისი თქმით, მომავალი სამუშაო ადგილები  განახლებად ენერგიებშია, მათ შორის, ქარის ან მზის ენერგიის.

პაპმა ფრენსისმა ტრამპს მოუწოდა, მშვიდობისმყოფელი ყოფილიყო და მას გარემოს შესახებ 2015 წლის ენციკლიკის ხელმოწერილი ასლი გადასცა. სანჩეს სორანდო აცხადებს, რომ მან არ იცის, წაიკითხა თუ არა ტრამპმა დოკუმენტი.

სორანდომ გააკრიტიკა „აშშ-ში მეცნიერების სწავლების დაბალი დონე“ ბევრ ისეთ ევროპულ ქვეყანასთან შედარებით, როგორიცაა გერმანია. “გერმანელები მეცნიერების თვალსაზრისით უფრო განათლებულები არიან და მეცნიერებაის უფრო მეტად სჯერათ”, – განაცხადა მან.

ვატიკანი ბოლო წლებში კლიმატის ცვლილების მეცნიერების მიმართ დიდ ყურადღებას იჩენს. სანჩეს სორონდო ორშაბათს ოსლოში  დაგეგმილ სულიერ ლიდერთა შეხვედრას დაესწრება, რომელზედაც ამაზონისა და კონგოს ტროპიკული ტყეების დაცვის საკითხებზე იმსჯელებენ.

 

წყარო: http://www.reuters.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld