close

ახლახან  ,,ბიბლუს გალერეაში” შედგა ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშის პრეზენტაცია. ,,დოქტრინა“ გაესაუბრა თამაშის იდეის ავტორს, ახალგაზრდა კინომცოდნესა და ფილოლოგს, ლევან გელაშვილს, რომელმაც დაწვრილებით ისაუბრა აღნიშნული თამაშის იდეასა და სპეციფიკაზე.

 

– უპირველეს ყოვლისა,  საინტერესოა,  როგორ გაჩნდა ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშის შექმნის იდეა და ქართულ რეალობაში არსებობდა თუ არა რაიმე წინაპირობა იმისთვის, რომ ეს პროექტი განხორციელებულიყო?

-იდეა გამიჩნდა თვითონ პოემიდან გამომდინარე, მთელი ქართული ლიტერატურა და კულტურა ,,ვეფხისტყაოსნის“ გარშემო ტრიალებს.  ,,ვეფხისტყაოსანი’’ ყველა ეპოქაში აქტუალური იყო. პოემის ზეპირად ცოდნის და კითხვის ტრადიცია, გაგრძელებათა გაგრძელებები, რომელიც ცალკე აღებული, პოემას ბევრად აღემატება. ,,ვეფხისტაოსანი“ იყო ჰიპერტექსტი ე. წ. სუპერ გუგლი, რომელშიც საუკუნეების განმავლობაში ადამიანები პასუხებს მათთვის საჭირო კითხვებზე პოულობდნენ; როგორ უნდა მეგობრობა, სიყვარული, რა არის ერთგულება. არ არსებობს საკითხი, რომელიც პოემაში არ იყოს მოცემული. პოემა არა მხოლოდ ლიტერატურულ, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც აყალიბებდა გემოვნებას, მსოფლმხედველობას და რთულ ვითარებაში ზოგჯერ კომუნიკაციისა და მიმოწერის ყველაზე საიმედო საშუალებაც იყო. ომის დროს, ცენზურის პირობებში, მიმოწერისას  დახმარებისთვის წერილის დასაშიფრად ხშირად პოემის ტექსტს მიმართავდნენ.

საქართველოში პირველი ასეთი ლიტერატურული თამაში ილია ჭავჭავძის დროს დაიბეჭდა. ეს იყო აფორიზმების ლოტო. საბჭოთა პერიოდშიც არაერთხელ განხორციელდა ამ ლოტოს გამოცემა.  XX საუკუნეში, დროთა ფორმაციის შედეგად, საჭირო გახდა პოემის ხალხთან ურთიერთობის ახალი ინტერაქციული ფორმა. ,,ვეფხისტყაოსნის“ ლოტო სწორედ ასეთი მოვლენა იყო.

მიუხედავად მრავალსაუკუნოვანი პოპულარობისა, დღეს თანამედროვე სამყაროში მაინც საჭიროა ,,ვეფხისტყაოსნის’’ პოპულარიზაცია და თანამედროვე ინტერაქციულ გარემოში დაბრუნება. სამაგიდო თამაშები ტექსტის სიღრმისეულად გაგებისა და გათავისების  ძალიან კარგი საშუალებაა მთელს მსოფლიოში. ლიტერატურული სამაგიდო თამაში უნიკალურ შესაძლებლობებს იძლევა, რადგან უშუალოდ რუსთველისეულ სიტყვიერ სამყაროში ამოგზაურებს მოთამაშეს და მისი ბუნებრივი ნაწილი ხდება. ტექსტის შეცნობისათვის აუცილებელია, მკითხველის იდენტიფიკაცია მის რომელიმე გმირთან ან მთლიანად ამბავთან. ამ მხრივ დაფის თამაშებს დიდი შესაძლებლობები გააჩნია. გრაფიკულ-გამომსახველობითი და ტექსტური მხარე ახალი სინთეზური ვარიაციებით არის წარმოდგენილი. თამაშობ, ესე იგი მონაწილეობ ამბავში – მოგზაურობ ხელშესახებ სიტყვიერ გარემოში და აფორზმებით იხსნება იმ სამყაროს  კარი, რომელშიც  ორგანულ ნაწილად  იგრძნობ თავს.

-წამოწყებამ ძალიან მოკლე დროში შეძლო, რომ მრავალ ადამიანს მისდამი ინტერესი გამოეჩინა,  რას იტყვით  უშუალოდ თქვენი მიზნის შესახებ და ვისი ხელშეწყობით მოხერხდა ამ იდეის განხორციელება?

– იდეა შვიდი წლის წინ პროექტის სახით ჩამოვაყალიბე და რამდენიმე გამომცემლობას შევთავაზე, თუმცა თანამშრომლობა არ შედგა, მოგვიანებით ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდში კონკურსზე შევიტანე. კონკურსში გამაჯვების შემდეგ გამოცემა კი სწორედ ამ ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

-ძირითადად რომელი ასაკობრივი კატეგორიისათვის არის თამაში განკუთვნილი და როგორია წესები მოთამაშეებისთვის?

-თამაში ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია ითამაშოს, ვისაც უყვარს ,,ვეფხისტყაოსანი“ და სამაგიდო თამაშები.  ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაში რამდენიმე სკოლაში წარვადგინეთ. ბავშვებმა ხალისით ითამაშეს, რადგან თამაში სწავლის დამატებითი საშუალებაა, მისი მეშვეობით სწავლა დამღლელი საზეპიროებისგან თავისუფლდება და სახალისო შემეცნებითი პროცესი ხდება.  პოემაში მონაწილეობს 30 აფორიზმი, მათი ცოდნა საშუალებას აძლევს მოთამაშეს წინ გაიჭრას და გაიმარჯვოს. სამაგიდო თამაში მარათონული პრინციპზეა დამყარებული. იმარჯვებს ის, ვინც გადალახავს დაბრკოლებებს და პირველი მივა ფინიშთან. თუ მოთამაშეს სურს სხვა აფორიზმები გამოიყენოს, გამოცემას  მოყვება სარეზერვო აფორიზმები და გამოსაჭრელი ბარათები. ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია მისთვის საინტერესო აფორიზმები ან ტაეპები დაამატოს თამაშს ბარათების სახით და გაამრავალფეროვნოს ის.

-ხომ არ იგეგმება თამაშის ელექტრონული ვერსიის შექმნაც?

-ელექტრონული ვერსიის შექმნის საწინააღდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ უნდა ითქვას რომ სამაგიდო თამაშები ელექტრონული კომპიუტერული თამშებისგან ერთ-ერთი მთავარი თვისებით განსხვავდება:  ეს არის მისი სოციალური თვისება. სამაგიდო თამაშს თამაშობ, ესე იგი მეგობრობ, რადგან გიწევს ურთიერთობა სხვა ადამიანებთან, ეჯიბრები მათ, მოიგებ ან წააგებ, უშუალო კომუნიკაციაში ხარ მათთან. მოზარდს უყალიბდება კოგნიტური უნარები და გადაწყვეტილების მიღებისთვის აუცილებელი დამოუკიდებელი თვისებები. კომპიუტერული თამაშები ამ მხრივ ასოციალური მოვლენაა, ეკრანთან მარტო დარჩენილი მონაწილეობ მულტიმედიურ მოვლენებში. არ გიწევს ურთიერთობა დანარჩენ ადამიანებთან. ამ მხრივ ის სრულიად ასოციალურია, თუნდაც ქსელში თამაშობდე სხვა ადამიანებთან ეს ურთიერთობა არის ვირტუალური.

-სად შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს, რომ შეიძინონ სამაგიდო თამაში?

-,,ვეფხისტყაოსნის“ სამაგიდო თამაში უკვე იყიდება თბილისსა და რეგიონებში არსებულ წიგნის მაღაზიებში.

დაბოლოს, ხომ არ უნდა ველოდოთ ამავე ტიპის თამაშების სერიის გამოშვებას,  როგორია თქვენი ამჟამინდელი სამომავლო გეგმები?

-სამომავლო გეგმები ,,ვეფხისტყაოსნის“ სამაგიდო თამაშის პოპულარიზაციასთან არის დაკავშირებული, რაც სხვადასხვა ტიპი კულტურულ აქტივობას მოიცავს, რომლებშიც ვგულისხმობ სხვადასხვა მიზნობრივ სივრცეებში თამაშის წარდგინებას.

მასალა მოამზადა: თამარ  დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid