გიორგი გიქორაშვილი 18 წლისაა. ეს მისი ასაკია, მაგრამ არ ახსოვს ის რიცხვი, რამდენი წელიც მას შემდეგ გავიდა, რაც „ვეფხისტყაოსნის“ კოლექციონერობა დაიწყო. აღარც კი ახსოვს, როდის დაიწყო მისი ცხოვრების ეს პერიოდი. „ვეფხისტყაოსნის“ რამდენიმე იშვიათი გამოცემა დედამისსა და დედამისის დეიდას ჰქონდათ. „12-13 წლის რომ ვიყავი, როდესაც სკოლაში პირველად წავიკითხე „ვეფხისტყაოსნის“ პირველი თავი, იმდენად დამაინტერესა ამ ნაწარმოებმა, რომ, სახლში მისულმა, შინ არსებული ყველა ეგზემპლარი უცერემონიოდ გადავიბარე“. გიორგი ექსკლუზიურად ჰყვება კოლექციის შესახებ, რომლის რაოდენობა დღეს 120 ცალს აღწევს.
რატომ გადაწყვიტე მისი შეგროვება?
„მახსოვს, პირველად როგორი რუდუნებით მეჭირა 1955 წლის ქართულ ენაზე არსებული გამოცემა თოიძის ილუსტრაციებით. თითქოს, ხელში წიგნი კი არა, გრაალის თასი მეჭირა. წიგნის ერთი გადაშლაც კი საკმარისი იყო, რომ ჩამითრია არაბეთისა და ინდოეთის რუსთველიანურმა მორევმა – იმ პიროვნული ქცევის კოდექსმა, რასაც ავტორი გვთავაზობს. შინაარსის გარდა, მონუსხული ვიყავი რუსთაველის პოეტური ხელოვნებით. ქართული გამოცემების გარდა, სახლში გვქონდა გამოცემა გერმანულ ენაზე. წიგნის წინ-უკუღმა თვალიერების შემდეგ, უცბად, მადლიერების გრძნობამ შემიპყრო – ვიღაც გერმანელი ჩამოვიდა საქართველოში, ისწავლა ქართული, ქართულიდან ასეთი სირთულის ნაწარმოები გადათარგმნა გერმანულად, იქ გამოსცა და ჩვენ არც კი ვიცით მისი სახელი. გადავწყვიტე, როგორც ჩიტი ტყის ხანძრის დროს, მეც, ჩემი შესაძლებლობებით, გამომესწორებინა ეს “გაუგებრობა” და თითო ენაზე თითო წიგნი შემეგროვებინა”.
დღეისთვის, გიორგი „ვეფხისტყაოსნის“, დაახლოებით, 120 ცალი განსხვავებული ეგზემპლარის მფლობელია. ზოგადად, ეს ნაწარმოები, დაახლოებით, 56 ენაზეა ნათარგმნი. გიორგიმ კი, ჯერჯერობით, 28 ენაზე გამოცემული ვერსია შეაგროვა, მათ შორისაა – ტაჯიკური, იაკუტიური, ყაბარდოული, მოლდოვური, ბასკური, ქურთული, იაპონური, უზბეკური, ყაზახური, პოლონური და მეგრული ვარიანტები შესაბამისი ნაწარმოებისა.
ყველაზე მეტად, შენს კოლექციაზე რომელი ვერსიები გამოირჩევა?
„ჩემი კოლექციიდან ყველაზე მეტად გამოვარჩევდი 1917 წლის უნგრულ ენაზე არსებულ გამოცემას. წარმოიდგინეთ, წიგნი იბეჭდება ბუდაპეშტში გაგანია პირველი მსოფლიო ომის დროს. მიუხედავად ამისა, აქვს ზიჩის საოცარი ხარისხის ილუსტაციები. წიგნი დამატებით ჩასმულია ტყავის ყდაში, რომელსაც ყუაზე სათაური მოოქროვილი ასოებით აქვს ამოკვეთილი და, რაც მთავარია, იგი არის უნგრელი ქართველოლოგის, მორის იშტვანოვიჩის საჩუქარი ქართველი ენათმეცნიერის, შოთა ძიძიგურისადმი, რასაც მოწმობს წარწერა წიგნის პირველ გვერდზე“.
გიორგის „ ვეფხისტყაოსნურ“ კოლექციაში ყველაზე ძველი მისი 1905 წლის ვერსიაა. მისი თქმით, ეს არ არის კლასიკური გაგების „ვეფხისტყაოსანი“. „ეს არის, ვციტირებ: “სოსიკო მერკვილაძის მიერ გამოკრებილი ხალხური ვეფხისტყაოსანი”. სოსიკო მერკვილაძემ, მკვლევარმა და წიგნის ავტორმა, იმოგზაურა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და იქ “გამოიკითხა” ზეპირსიტყვიერად შემორჩენილი ვეფხისტყაოსანი. დამიჯერეთ, რომ წაიკითხოთ, შინაარსი იმდენად განსხვავებულია, რომ უბრალოდ სახტად დარჩებით.
როგორც წესი, გიორგი „ვეფხისტყაოსნის“ ვერსიებს თბილისელი ბუკინისტებისგან ყიდულობს. გარდა ამისა, როდესაც მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში, ცდილობს, რომ იქედან იქაურ ენაზე ნათარგმნი „ვეფხისტყაოსნის“ გარეშე სამშობლოში არ დაბრუნდეს.
დღემდე აგრძელებ შეგროვების პროცესს?
იყო დრო, როდესაც თბილისის ყველა ბუკინისტი აღრიცხული მყავდა – ვინ, სად, რა წიგნს ყიდდა. მაგრამ რაც უფრო იზრდება შენი კოლექცია, მით უფრო რთული ხდება, რაიმე ახალი გამოცემა შემატო მას. კოლექციონერობა არ არის დასრულებადი პროცესი, იგი უსასრულოა. არ არსებობს ისეთი კოლექცია, რასაც სრულად შეაგროვებ და თამამად იტყვი – მორჩა, დავამთავრე მისი შეგროვება. მაგალითად, „ვეფხისტყაოსანი“ ავიღოთ. ვთქვათ, შეაგროვე ყველა უკვე გამოცემული ეგზემპლარი. დავუშვათ, სადმე იპოვნე 1721 წლის ვახტანგისეული პირველი ნაბეჭდი „ვეფხისტყაოსანი“ (რომელიც მხოლოდ 21 ცალია შემორჩენილი) და იპოვნე 1941 ჰიტლერის მიერ ქართველი სამხედროებისთვის დაბეჭდილი ეგზემპლარიც (რომლის სულ 5 ცალია შემორჩენილი). კი, რამდენიმე თვით გექნება სრული კოლექცია, მაგრამ მალე გამოვა ახალ ენაზე, ხელმეორედ დაიბეჭდება და ასე გაგრძელდება სამუდამოდ. მე ვცდილობ, რომ, ძველთან ერთად, ყველა ახლადდაბეჭდილი გამოცემაც შევმატო ჩემს კოლექციას. მაგრამ ეს კოლოსალურ შრომას, ენერგიასა და დროს მოითხოვს, რაც აბიტურიენტისთვის წარმოუდგენელი ფუფუნებაა.
ჯერჯერობით, გიორგის კოლექციას მონაწილეობა არცერთ აქტივობაში მიუღია. „მე ძალიან მომთხოვნო პიროვნება ვარ და თუ პირადად არ დავრწმუნდი, რომ უსაფრთხოების ყველა ზომა მიღებულია, ჩემი „ვეფხისტყაოსნები“ ჩემი სახლის ზღურბლს არც კი გადაკვეთს. დიახ, მქონია შემოთავაზება, რომ ჩემი კოლექცია გამომეფინა კონკრეტულ დაწესებულებასა, თუ ინსტიტუტში, მაგრამ უარი მითქვამს, რადგან იქ არ არსებობდა არანაირი ინვენტარი წიგნის დაზიანებისგან დასაცავად“.