close
კულტურასაქართველო

ვიგენ ვართანოვის გამოფენა ,,iArt Gallery-ში” და ხელოვანის ცხოვრების უცნობი დეტალები

 თბილისზე და თბილისელებზე შეყვარებული ხელოვანის – ვიგენ ვართანოვის ნამუშევრების პირველ გამოფენას თბილისში ,,iArt Gallery-ი” მასპინძლობს, სადაც მსურველებს 29 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით შეუძლიათ იხილონ მისი 60-მდე ნამუშევარი. ავტორის საინტერესო გატაცებებისა და ცხოვრების შესახებ მისმა შვილმა – ვიგენ ვართანოვმა (უმცროსი) გვიამბო.

თბილისური ყოველდღიურობა, დეტალებში აღბეჭდილი უამრავი ადამიანის ისტორია და საკუთარი ეპოქის სევდისმომგვრელი მოვლენების საოცარი ხედვა, რომელიც დროს უსწრებდა – ასე შეიძლება დავახასიათოთ ვიგენ ვართანოვის ნამუშევრები, რომელთა ფართო საზოგადოების წინაშე წარმოჩენა მხოლოდ ავტორის გარდაცვალებიდან  ერთი წლის შემდეგ, ოჯახის დიდი სურვილითა და ძალისხმევით მოხერხდა. აღნიშნულ გამოფენაზე წარმოდგენლია ვართანოვისს 60-მდე ნამუშევარი, რაც მხოლოდ მეოთხედი თუ იქნება მის მიერ შექმნილი სხვადასხვა სტილისა თუ ჟანრის ნამუშევრებისა.

ახლობლები იხსენებენ, რომ ვართანოვი კატეგორიულ უარს აცხადებდა გამოფენებზე, მაგრამ მიუხედავად ამისა,  მისი სახლი ყოველთვის ღია ყოფილა დამთვალიერებლისთვის და მსურველს მუდამ შეეძლო  თითოეული დეტალის შესახებ პირადად ავტორისგან გაეგო ისტორია, რომელსაც თბილისის უბნებში ასე გულდასმით  და დაუღალავად ეძიებდა თავად. თავისი ნამუშევრებისთვის დეტალებს ვართანოვი ზოგჯერ პირდაპირ ქუჩაში ეძებდა, იქნებოდა ეს თუნუქის დაჟანგული ფირფიტები, სამშენებლო ბადეები, ყავლგასული ჩემოდნები, გადაგდებულ სკამები თუ  მძიმე კარადები, რომლებსაც  სახლში საკუთარი ხელით ეზიდებოდა და ზოგჯერ ხუმრობითაც აღნიშნავდა – ჩემი სამყარო  ამგვარად მაწვალებსო.

ვართანოვი  1941 წლის 29 ოქტომბერს, პლეხანოვის გამზირის ძველებურ სახლში დაიბადა, რომელშიც მისი შემოქმედებაში ერთ-ერთი ინსპირაციის წყარო იყო და არასდროს მიუტოვებია ის, როგორც ვიგენი იხსნებს, მამისთვის ყველაზე კარგი საგამოფენო დარბაზიც სწორედ ეს სახლი ყოფილა და მიიჩნევდა, რომ ნამუშევრების სრულყოფილად აღქმა აქ, სწორედ იმ განათების ფონზე, იყო შესაძლებელი, რომელზეც ავტორი მუშაობდა.

ხელოვანის უდიდესი შემოქმედებითი მუხტი მეოცე საუკუნის თბილისი და მისი შემოგარენი იყო, რაც ნათლად ჩანს ნამუშევრებშიც, ვართანოვისთვის, ამ მხრივ, განსაკუთრებით გულდასაწყვეტი აღმოჩნდა თბილისში ჩატარებული აღდგენითი  სამუშაოები „მან ძალიან ძნელად გადაიტანა ბოლო დროს თბილისში გაკეთებული რეკონსტრუქციები და ეს განსაკუთრებით ეხება ახალ აღმაშენებელს, რადგან თვლიდა რომ დაიკარგა ფაქტურა და ფასადები, რომლებიც მიუხედავად სავალალო მდგომარეობისა, მისთვის მაინც უფრო დიდი მხატვრული ღირებულების მქონე იყო“ – აღნიშნავს ვიგენი.

ვართანოვს თურმე ბავშვობიდან იტაცებდა ასევე კინემატოგრაფიაც და თვითნასწავლი ხელოვანი 1967 წლიდან მხატვარ-ფოტოგრაფად მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ კინოსტუდიაში  30-წლიანი მუშაობის მანძილზე მონაწილეობდა ისეთი ცნობილი ქართველი რეჟისორების ფილმების შექმნაში, როგორებიც არიან  – ლანა ღოღობერიძე, ოთარ იოსელიანი, ქეთი დოლიძე, ტიტო კალატოზიშვილი და სხვა, თუმცა ოფიციალური სტატუსის არქონიდან გამომდინარე თვითნასწავლი მხატვარი ყოველთვის კულისებს მიღმა რჩებოდა.

ზოგადად, ნამუშევრების უმეტესობა გარკვეულწილად ტრაგიკულია, მაგრამ  ვიგენის აღწერით, ვართანოვი ძალიან მხიარული და კომუნიკაბელური ყოფილა, მიუხედავად ამისა ცხოვრებასა და შემოქმედებას გარკვეულ დამღად დაჰყოლია 90-იან წლებში ქვეყნიდან წასული სამეგობრო, რომელთა შორის ბევრი იყო მხატვარი თუ კინოხელოვანი, რასაც ისიც დაემატა, რომ 1993 წელს დაიხურა კინოსტუდიაც და ვართანოვი სამსახურის გარეშე დარჩა.

70-იანების წლებიდან ვართანოვი შემოქმედებითი თვითგამოხატულების ახალი გზების ძიებამ კოლაჟებსა და ასამბლაჟამდე მიიყვანა. კოლაჟი და ასამბლაჟი შედარებით ახალგაზრდა მიმართულებაა ხელოვნებაში, რომელიც მხატვარს აძლევს შემოქმედებითად შეუზღუდავ თავისუფლებას, თვითონ ვართანოვი ორმოცი წლის მანძილს მუშაობდა ამ ტექნიკით და შექმნა უამრავი უნიკალური ნამუშევარი, რომლებშიც ძირითადად ჭარბობს ფოტომასალა, ჩიტების ფიტულები, საათის ციფერბლატები და სხვა.

ვიგენი აღნიშნავს რომ ჩიტის სიმბოლიკა ვართანოვის ნამუშევრებში შემთხვევითი არ არის, „ჩიტი, რომელსაც ხშირად ვხვდებით მამას შემოქმედებაში სწორედ მისივე გამოხატულებაა, ის თავს სწორედ მასთან აიგივებდა, რადგან ჩიტებს ყოველთვის როდი აქვთ ფრენის თავისუფლება და ხშირად ამბობდა  კიდევაც  – „მე კი ვარ თავისუფალი და ფრენა შემიძლია, მაგრამ მაინც ამ წყობას ვარ მიჯაჭვული“. ამაში გულისხმოდა საბჭოთა კავშირს და იმდროინდელ წყობას, რის ფონზეც გარკვეული ნამუშევრებისს ახლობლებთან დამალვაც კი უწევდა, რადგან მათში ნათლად ჩანდა მისი ნეგატიური დამოკიდებულება სისტემის მიმართ“.

მამის ამგვარი სიყვარულო ხელოვნებისადმი ვიგენსაც გამოჰყვა და ახალგაზრდა კინოხელოვანის პორტფოლიო უკვე აერთიანებს რამდენიმე ფილმს, სარეკლამო რგოლსა თუ სხვადასხვა პროექტს და მიუხედავად დატვირთული სამუშაო გრაფიკისა, უახლოეს მომავალში აპირებს რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იხილოს მამის შემოქმედება და რაც მთავარია, გეგმავს, რომ ნამუშევრების ქვეყნის საზღვრებს გარეთაც წარადგენოს.

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid