ტკივილ გამაყუჩებელი საშუალება ასპირინი გერმანელმა ფელიქს ჰოფმანმა მამისთვის შექმნა, რომელსაც ართრიტი აწუხებდა. ამ უწყინარი პრეპარატის შემქმნელმა მოგვიანებით კაცობრიობისთვის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ნარკოტიკი – ჰეროინიც გამოიგონა.
ფელიქს ჰოფმანი დაიბადა 1868 წლის 21 იანვარს გერმანიის ქალაქ ლუდვინბურგში. ის სწავლობა მიუნხენის უნივერსიტეტში, სადაც დოქტორის ხარისხი მიიღო.
ჰოფმანის ნიჭი ქიმიასა და ფარმაკოლოგიაში მალე შეამჩნია მისმა პროფესორმა, ადოლფ ფონ ბაიერმა. ბაიერი, რომელმაც 1905 წელს ქიმიის დარგში ნობელის პრემია მიიღო, საღებავების სინთეზზე მუშაობდა. მან ჰოფმანს ფარმაცევტულ და საღებავების გიგანტ „ბაიერში“ მუშაობა შეთავაზა.
ჰოფმანმა 1894 წელს კომპანია „ბაიერში“ დაარსებულ ფარმაცევტულ კვლევის დეპარტამენტში დაიწყო მუშაობა.
ჰოფმანი მკვლევარების იმ კატეგორიას განეკუთვნებოდა, რომელთაც სურდათ ისეთი ახალი ნივთიერებების შექმნა, რომელთა მედიკამენტებად გამოყენება იქნებოდა შესაძლებელი და არა უბრალოდ აქტიური ინგრედიენტების ნატურალურ პროდუქტებად გარდაქმნა.
ასპირინის გამოგონება
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჰოფმანის მამას ართრიტი აწუხებდა, ტკივილგამაყუჩებლების მიღებით გამოწვეული გვერდითი ეფექტებით კი მისი მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდებოდა.
ჰოფმანი კვლევამ სალიცილის მჟავამდე მიიყვანა, რომელიც დიდი რაოდენობითაა ტირიფის ხის ქერქში. 1830 წლამდე მეცნიერები სალიცილის მჟავას სუფთა ფორმით ღებულობდნენ. 1859 წელს ქიმიკოსებმა სალიცილის მჟავა სინთეზურად მიიღეს, თუმცა მისი მიღება კუჭის ტკივილს იწვევდა, რამაც მედიკამენტის ყოველდღიურად მიღება გაართულა.
მაგრამ ფელიქს ჰოფმანმა იპოვა გზა, რომ ეს აღნიშნული ნარევი უსაფრთხო ყოფილიყო. ძმრის აქტიური ქიმიური ნივთიერების- სალიცილის მჟავის გამოყენებით ჰოფმანმა შეძლო მისი ქიმიურად სუფთა, სტაბილური ფორმის შექმნა. ეს 1897 წლის 10 აგვისტოს მოხდა.
თავდაპირველად სამეცნიერო საზოგადოება ჰოფმანის აღმოჩენას ეჭვით შეხვდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ქიმიკოსმა თავისი დასკვნები დაამტკიცა, ადამიანებმა ცდები დაიწყო. ბაიერის ფარმაცევტული ლაბორატორიის ხელმძღვანელმა ჰაინრიხ დრეზერმა ამ ახალ ნივთიერებას საკუთარი თავზე გამოსცადა. ახალმა სალიცილის მჟავამ გვერდითი ეფექტების გარეშე შეამცირა ტკივილი და ტემპერატურა.
სახელწოდება ასპირინი სიტყვა acetyl-ის პირველი ასოსგან და გრაკალასგან (Spiraea) მოდის. ეს გახლავთ მცენარე, რომელიც სალიცილის მჟავას ალტერნატიულ წყაროს შეიცავს.
ამბობენ, რომ ჰოფმანსა და დრეზერს ასპირინის გამოგონებაში არტურ აიხენგრუნი დაეხმარა, თუმცა იმის გამო, რომ ის ებრაელი იყო, აიხენგრუნის სახელი ამ წარმატებას არ დაუკავშირეს.
აღსანიშნავია, რომ „ბაიერი“ გახლავთ ერთ-ერთი მსხვილი ბრენდი, რომელიც ფაშისტურ გერმანიას უჭერდა მხარს.
ჰეროინის გამოგონება
დრეზერი სწავლობდა კოდეინის ტკივილგამაყუჩებელ თვისებებს. კოდეინი გახლავთ ნაერთი, რომელიც მიიღება ოპიუმიდან და ის მორფინის სუსტი ფორმა გახლავთ.
დრეზერს სურდა გაეგო, როგორ მოქმედებდა კოდეინი სუნთქვაზე და სთხოვა ჰოფმანს , იგივე პროცედურა, რაც სალიცილის მჟავაზე ჩაატარა, მორფინზეც ჩაეტარებინა. ის იმედოვნებდა, რომ შედეგად კოდეინს მიიღებდნენ. თუმცა კოდეინის ნაცვლად ჰოფმანმა აცეტილირებული მორფინისგან ჰეროინი მიიღო.
მეცნიერები ჰეროინის საფრთხეს ვერ აცნობიერებდნენ და მას „ბაიერი“ ყიდდა, როგორ ხველის საწინააღმდეგო და ტკივილგამაყიჩებელ საშუალებას. ჰეროინს გამოიყენებდნენ მშობიარობის და ომში მიყენებული ჭრილობებისგან გამოწვეული ტკივილის შესამცირებლად, პაციენტების ანესთეზიისთვის და გარკვეული ფსიქიკური აშლილობების წინააღმდეგ.
ფელიქს ჰოფმანი 1946 წელს სიმდიდრეში, თუმცა მარტოობაში შვეიცარიაში გარდაიცვალა.
მის გამოგონებას დღესაც აქტიურად იყენებენ. ასპირინი ფართოდ გავრცელებული ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალებაა, მას გულის ქირურგიული ოპერაციების შემდეგ პაციენტების გამოჯანრთელებისთვისაც იყენებენ. ასპირინი სისხლში კოლტების წარმოქმნასაც უწყობს ხელს და ამ გზით უამნრავი ადამიანის სიცოცხლეს იხსნის.
მეცნიერები მიჩნევენ, რომ დღემდე ასპირინმა მილიონობით სიცოცხლე გადაარჩინა. ყოველწლიურად მსოფლიოში ასპირინის დაახლოებით 15 მილიონ ტაბლეტს მოიხმარენ.
მეორე მხრივ, ჰოფმანის კიდევ ერთი გამოგონება – ჰეროინი „ეპიდემიად” იქცა. სტატისტკის თანახმად, მხოლოდ შეერთებულ შტატებში 2017 წელს ჰეროინის გადაჭარბებული დოზის შედეგად 15,900 ადამიანი დაიღუპა.
ძნელი სათქმელია, აბალანსებს თუ არა ჰეროინით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევებს ასპირინით გადარჩენილი სიცოცხლეები.
წყარო : allthatsinteresting.com/felix-hoffmann