close
კულტურასაქართველო

,,ვიოლინო ჩემი სულის ხმაა, მას ისევე ვუვლი, როგორც ცოცხალ არსებას“ – ბაქარ ღიბრაძე

 ,,მუსიკა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, სულ ჩემთანაა, ხოლო როცა დროებით მიწევს მასთან განშორება, ვხვდები, რომ ეს შეუძლებელია. ვიოლინო ჩემი სულის ხმაა, მას ისევე ვუვლი, როგორც ცოცხალ არსებას. ის ნამდვილი ცხოვრების თანამგზავრია, თუმცა, ყოველთვის ვერ ,,ვუგებთ“ ერთმანეთს, ჯერ კიდევ შეწყობის პროცესში ვართ,“ – ასე გადმოსცემს მუსიკისადმი დამოკიდებულებას 21 წლის მევიოლინე – ბაქარ ღიბრაძე.

მიუხედავად იმისა, რომ ვიოლინოს სერიოზულად 18-19 წლის ასაკში შეხედა, უკვე რამდენიმე სოლოკონცერტიც ჰქონდა. მისი გეგმები კი, დამსახურებულად ამბიციურია. უფრო დეტალურად ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ ინტერვიუდან შეიტყობთ.

ბაქარ, უპირველესად, ზოგადად რომ გააცნოთ თქვენი თავი მკითხველს – რას წარმოადგენთ და რას საქმიანობ?

ვარ მუსიკოსი, მევიოლინე, ვსწავლობ ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, მაგისტრატურის პირველ კურსზე, ვიოლინოს სპეციალობით.

მუსიკით პირველად ადრეულ ასაკში დავინტერესდი, დედ-მამა მუსიკოსები არიან, გუნდის დირიჟორები, მათაც კონსერვატორია დაამთავრეს, ხოლო ბიძა მევიოლინეა, სახლში უკრავდა ხოლმე, მეც დავინტერესდი და შემიყვანეს ვიოლინოზე, სწრაფად ვითვისებდი, მგონია, რომ სერიოზულად ამ საკრავს 18-19 წლის ასაკში შევხედე, შემეძლო, არ გამეგრძელებინა კონსერვატორიაში სწავლა, მაგრამ, ვიგრძენი, რომ უბედური ვიქნებოდი მუსიკის გარეშე, სერიოზულად მაშინ გავიაზრე რომ უნდა გავყოლოდი.

როგორც ვიცი, ქუთაისიდან ხართ – როგორ შეეგუეთ და აუწყვეთ ფეხი დედაქალაქის რიტმს?

-ქუთაისიდან ვარ – იქ დავიბადე და გავიზარდე, თავიდანვე ჩავერთე მუსიკის სფეროში, მიუხედავდ იმისა რომ ქუთაისში არ იყო აქტიური კულტურული ცხოვრება. როცა სრულწლოვანი გავხდი, მქონდა დაუოკებელი სურვილი თბილისში გადმოსვლისა, ოჯახს არ ჰქონდა საშუალება ჩემთვის ქირის და ყოველდღიური ხარჯების დასაფარად, ამიტომ, მარტო წამოვედი საუკეთესოს მოლოდინში, მუშაობა დავიწყე რესტორანში, თუმცა რამდენიმე თვე ვიწვალე, სანამ ნორმალურ.სამსახურს ვიპოვიდი, დროდადრო ქუჩაშიც ვუკრავდი, დღეს კი ვმუშაობ ბარ-რესტორან ,,საამოში“ –  ამით ვირჩენ თავს, საკმაოდ კარგ ადგილას მოვხვდი, კარგი ხალხის გარემოცვაში.

-თუ გყავთ კონკრეტული მუსიკოსი, რომელიც თქვენთვის სამაგალითოა, გინდა ჰგავდეთ?

მყავს სამაგალითო მევიოლინეები. განსაკუთრებულად მომწონს მენუჰინი, ოისტრახი, ჰეიფეცი, თანამედროვეებში – ლიანა ისაკაძე, ლიზა ბათიაშვილი, მაქსიმ ვენგეროვი, ჯულია ფიშერი, ასევე, შლომო მინცი და მრავალი სხვა.

ბევრი მევიოლინე მომწონს, თუმცა, ჩემ თავს ვერავის ვამსგავსებ, ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში ვარ და სამომავლოდ უფრო გამიიოლდება პარალელების გავლება, თუმცა, ვფიქრობ, რომ საკუთარი თავი უნდა ვიპოვო, საკუთარი ბგერა, ფრაზა, მანერა და უნდა ვიყო ინდივიდუალური.

-თავად თუ ქმნით მუსიკას?

-მუსიკას ვქმნი ყოველ წუთსა და წამს, არ ვწერ, მაგრამ მიყვარს სპონტანური იმპროვიზაცია, ასე ვერთობი ხოლმე სახლში, ხშირად, სცენაზეც მივმართავ ამ ხერხს და მაყურებელთან ერთად აღმოვაჩენ რაღაც ახალს, რომელიც არც მე ვიცოდი, სახალისოა და მგონია, რომ აქ გამოვხატავ საკუთარ მეს ყველაზე მეტად.

-რაც შეეხება კონკურსებს, კონცერტებს – ამის შესახებ რომ გვიამბოთ. როგორც ვიცი, საკმაოდ შთამბეჭდავი აქტივობები გაქვთ.

-ბავშვობიდან ვღებულობდი მონაწილეობას კონკურსებში, არაერთხელ გავმხდარვარ ლაურეატი, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, როგორც სოლო, ასევე კამერულ მუსიკაში, ერთხელ გავხდი სომხეთში, ქალაქ გიუმრში, საერთაშორისო კონკურის ლაურეატი, ჯამში 4 სოლოკონცერტი მქონდა. ვფიქრობ, რომ გაცილებით მეტი სოლო უნდა დავუკრა, დიდ გამოცდილებას ვღებულობ ამ დროს.

სოლოკონცერტზე გამოსვლა უდიდესი სიამოვნებაა და თან პასუხისმგებლობაც, იქ შეგიძლია კარგად გადმოსცე შენი აზრი. როდესაც კონცერტზე გავდივარ, ტრადიციულად, ვღელავ, დაკვრას რომ ვიწყებ, შემდეგ მეხსნება მღელვარება და მსიამოვნებს ნაწარმოების შესრულება. ბოლოს კი – შვებასა და თვითმკმაყოფილებას ვგრძნობ.

-როგორც ვიცი, საქართველოს გარდა, უცხოეთშიც მიიღეთ განათლება…

-გასულ სასწავლო წელს მოვხვდი გაცვლით პროგრამაში, დანიაში, ქალაქ ორჰუსში, გავეცანი იქაურ კულტურას, საზოგადოებას, სწავლების მეთოდებს და, ზოგადად, ყველაფერს. ძალიან განსხვავდება საქართველოსგან, მოხიბლული ვარ დანიითა და დანიელებით, მშვიდი ხალხია, ძირითადად,  უკონფლიქტო. მასწავლებლები პროფესიონალიზმითა და უშუალობით გამოირჩევიან, ზომიერი მიდგომა აქვთ მოსწავლეებთან.

ორჰუსში არის საინტერესო კულტურული ცხოვრება, ხშირია მაღალი კლასის კონცერტები და ღონისძიებები, დიდი სიამოვნებაა იყო იქ სწავლა.

-რაც შეეხება თქვენს სამომავლო გეგმებს…

-სპონტანური იმპროვიზაცია ცხოვრებაშიც მომწონს, რაც დავგეგმე, არაფერი ისე არ მოხდა, ასე რომ, ახლა არაფერს ვგეგმავ, მოხდეს ის, რაც მოხდება. დანიაშიც შემთხვევით აღმოვჩნდი და მინდა ისევ შემთხვევით აღმოვჩნდე სადმე კარგ ადგილას, დარწმუნებული ვარ, ასეც მოხდება.

 

 

მასალა მოამზადა:  ნატალია ჯალაღონიამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid