კარდიფის უნივერსიტეტის ფსიქოლოგების მტკიცებით, ვირტუალური რეალობის სათვალე შესაძლოა ვიზუალური ვერტიგოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის გამოიყენონ.
ფსიქოლოგების გუნდი დაავადების დიაგნოსტიკისა და რეაბილიტაციისთვის ვირტუალური გარემოს შექმნაზე მუშაობს.
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ამ მიდგომას ,,რეალური პოტენციალი” აქვს.
„ჯერჯერობით ზუსტად არავინ იცის, რა იწვევს ვიზუალურ ვერტიგოს, ამ დროისთვის არცთუ ისე ბევრი ეფექტური სარეაბილიტაციო თერაპიაა ხელმისაწვდომი. ჩვენი პროექტის მიზანი სწორედ ამ ორი საკითხის გარკვევაა,“ – აცხადებს ფსიქოლოგიის სკოლის ფსიქოლოგი – ჯორჯინა პოველი.
მისი თქმით, ვერტიგო შესაძლოა ძალიან ცუდად აისახოს ადამიანების ცხოვრებაზე. „პაციენტები ვერ ტოვებენ სახლებს, რადგან ვიზუალურ გარემოში სიარულისას გულისრევისა და თავბრუსხვევის შეგრძნება აქვთ. ისინი ვერ მუშაობენ, უფუნქციო ხდებიან.“
მეცნიერთა აღნიშნული გუნდის ინფორმაციით, პაციენტებზე დაკვირვებისას მათ აღმოაჩინეს, რომ მათ განსხვავებული სიმპტომები აღენიშნებოდათ. „ ვირტუალური რეალობის სათვალის გამოყენებით თითოეული პაციენტისთვის დაავადების ინდივიდუალურ მიზეზს დავადგენთ და შესაბამისად – ინდივიდუალურ თერაპიის კურსს შევიმუშავებთ,“ – აცხადებენ მეცნიერები.
რა არის ვერტიგო?
ვერტიგოს დროს ადამიანს უჩნდება შეგრძნება, რომ მის გარშემო ყველაფერი მოძრაობს ან ბრუნავს. ეს შეგრძნება შეიძლება იყოს სუსტი და ძლივს შესამჩნევი, ან შესაძლოა იყოს იმდენად მძიმე, რომ გაგიჭირდეთ ბალანსის შენარჩუნება და ყოველდღიური აქტივობების შესრულება.
ვერტიგოს შეტევა მოულოდნელად ვითარდება ხოლმე და გრძელდება რამდენიმე წამის, ან ზოგჯერ უფრო მეტი დროის განმავლობაში. მძიმე ვერტიგოს შემთხვევაში კი, სიმპტომები შეიძლება გახდეს მუდმივი და რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდეს, ეს კი გაართულებს ცხოვრებას.
ვერტიგოსთან დაკავშირებული სხვა სიმპტომები შეიძლება იყოს: წონასწორობის დაკარგვა, რაც გაართულებს დგომას ან სიარულს, გულისრევა ან პირღებინება, თავბრუსხვევა.
წყარო: BBC
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”